ახალი ამბები

ნაზღაიძის საქმეზე საკრებულოს ოპოზიცია აშშ-ს საელჩოსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს შეხვდა

17 მარტი, 2017 • 1983
ნაზღაიძის საქმეზე საკრებულოს ოპოზიცია აშშ-ს საელჩოსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს შეხვდა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოპოზიციის წევრებმა აშშ-ს საელჩოს, NDI-სა და IRI-ს წარმომადგენლებს “რუსთავი 2”-ის საქმის განმხილველი მოსამართლის ნატა ნაზღაიძის ძმისთვის მილიონ ლარამდე თანხის გადაცემის თაობაზე დეტალები და დოკუმენტები გააცნეს.

“ყველამ გაიგო ეს თემა, ყველამ იცის უკვე ნაზღაიძესთან დადებული საეჭვო და კორუფციული გარიგება, თბილისელების ჯიბიდან იმ ამოღებული ერთი მილიონის შესახებ, მაგრამ ვერ გაიგო ერთმა კაცმა, ამ კაცს სახელად და გვარად ჰქვია დავით ნარმანია. ჩვენ ავუხსენით საერთაშორისო ორგანიზაციებს, მისი და თბილისის მთავრობის დანაშაულებრივი საქციელი და გადავუგზავნით მათ აბსოლუტურად ყველა დოკუმენტს”, – განუცხადა “რუსთავი 2”-ს საკრებულოს წევრმა მამუკა ახვლედიანმა.

“მერს გვინდა შევასხენოთ, რომ პოლიტიკური შოუ კი არ არის, არამედ ჩვენ ვართ პრინციპულები და ამ საქმეს ბოლომდე მივყვებით და მას მოუწევს პასუხის გაცემა ყველა კითხვაზე”, – განუცხადა “რუსთავი 2”-ს საკრებულოს წევრმა ხათუნა სამნიძემ.

ამის შემდეგ საელჩოსა და ორგანიზაციების წარმომადგენლები შეხვდნენ საკრებულოს უმრავლესობის წევრს ჯაბა სამუშიას, სადაც დახურული შეხვედრა გაიმართა.

მსგავსი შეხვედრა საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა 28 თებერვალსაც გამართეს  ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომელთაც ასევე მიაწოდეს დოკუმენტები ნაზღაიძის საქმეზე.

დადგენილება, რომელიც საკრებულომ 2016 წლის 23 დეკებერს მიიღო, შეეხება ზვიად ნაზღაიძისთვის სანდრო ეულის ქუჩაზე 5001 კვადრატული მეტრის ფართობის მიწის ნაკვეთისა და 455 800 ლარის თანხის გადაცემას, რაც მთლიანობაში 971 260 ლარს აღწევს, ყიფშიძის ქუჩაზე მდებარე 1642 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ, რომელიც 2015 წლის ვერეს სტიქიის დროს დაზიანდა.

ზვიად ნაზღაიძე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ძმაა. ნატა ნაზღაიძე კი იმ კოლეგიის წევრი მოსამართლეა, რომელმაც განიხილა “რუსთავი 2”-ის მფლობელებისა და ქიბარ ხალვაშის საქმე და სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2” ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. ხალვაში ამტკიცებდა, რომ ტელეკომპანია 2006 წელს პრეზიდენტ სააკაშვილის დავალებით ზეწოლით დაათმობინეს.

“საქართველოს ბანკმა” ეს ნაკვეთი მიიღოს მას შემდეგ, რაც მისმა მაშინდელმა მფლობელმა ზვიად ნაზღაიძემ საბანკო ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო დაკარგა. შესაბამისად, საკრებულოს ოპოზიცია ამტკიცებს, რომ სტიქიის შედეგად ზარალი ზვიად ნაზღაიძეს არ განუცდია.

2016 წლის 30 ნოემბერს, საჯარო რეესტრის მონაცემებით, ნაკვეთის მფლობელად ისევ ნაზღაიძე დარეგისტრირდა. ამის შემდეგ მიმართა მერიას, რომ ზიანის ანაზღაურება მიეღო. მერიამ საკრებულოს მიმართა, საკრებულომ კი ეს წინადადება დააკმაყოფილა.

დღევანდელი მდგომარეობით, სანდრო ეულის ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთი ორადაა გამიჯნული: საჯარო რეესტრის მონაცემებით, ამ ფართიდან 436 კვადრატული მეტრის მფლობელი ზვიად ნაზღაიძეა, ხოლო 4565 კვადრატული მეტრის მფლობელი- ზვიად ჩოხელი, რომელიც ნაზღაიძის მტკიცებით, ყიფშიძის ქუჩაზე მდებარე ნაკვეთის წინა მფლობელი იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი