ახალი ამბები

საკონსტიტუციო კომისია პრეზიდენტის უფლებამოსილებებსა და არჩევის წესზე მსჯელობს

16 მარტი, 2017 • 1611
საკონსტიტუციო კომისია პრეზიდენტის უფლებამოსილებებსა და არჩევის წესზე მსჯელობს

თბილისში, პარლამენტის ბალანსზე არსებულ შენობაში სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სხდომა მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე კომისიის წევრები პრეზიდენტის უფლებამოსილებებსა და მისი არჩევის წესზე იმსჯელებენ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ზაზა გაბუნიას თქმით, საპარლამეტნო რესპუბლიკა პრეზიდენტის დანიშვნას გულისხმობს. გაბუნიას ინფორმაციით, სანამ კომისია პრეზიდენტის უფლებამოსილებებზე არ შეჯერდება, არჩევის ფორმაზე გადაწყვეტილებას არ მიიღებენ:

“პრეზიდენტს იმაზე მეტი უფლებამოსილება აქვს ჩვენთან, ვიდრე სხვა საპარლამენტო რესპუბლიკებში. ჩვენ ვთქვით, რომ არაპირდაპირი არჩევის წესი შეგვიძლია ავამოქმედოთ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ.  თუ ჩვენ საპარლამენტო რესპუბლიკა გვინდა, მაშინ საპარლამენტო რესპუბლიკის დამახასიათებელი მართვის სისტემაც უნდა გვქონდეს, ეს მათ შორის გულისხმობს პრეზდენტის არაპირდაპირ არჩევას,” – ამბობს გაბუნია.

საპარლამენტო უმცირესობის წევრის, ირაკლი აბესაძის აზრით, ქვეყანაში, სადაც აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება ერთი ადამიანის [ბიძინა ივანიშვილის] მიერ კონტროლდება, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს პირდაპირი წესით არჩეული, მაღალი ლეგიტიმაციის მქონე პრეზიდენტის არსებობას:

“ასეთი პრეზიდენტი შეიძლება, იყოს ქვეყნის სწორი განვითარების ერთ-ერთი გარანტი. პრეზიდენტი  ქართულ ოცნებას ხელისუფლების სრულ მონოპოლიზაციაში უშლის ხელს. ჩვენ მხარს ვუჭერთ პირდაპირი წესით არჩეულ პრეზიდენტს, რომლის უფლებამოსილებები შსაძლებლობას მისცემს, სახელისუფლებო კრიზისის დროს ქვეყნის ნორმალურ განვითარებაზე იზრუნოს,” – ამბობს აბესაძე და აღნიშნავს, რომ არაერთი ასეთი კრიზისი  ვნახეთ “ქართული ოცნების” მმართველობის დროს.

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენამდე მიიჩნევს, რომ ქართულ რეალობაში პრეზიდენტის პირდაპირი არჩვის წესი იქნებოდა უმჯობესი. მისი აზრით,  ქვეყანაში არსებული გამოწვევების და  გამოცდილების გათვალისწინებით, ეს  ყველაზე გონივრული გამოსავალია:

„ პრეზიდენტის უფლებამოსილებების რამდენიმე ბლოკი არსებობს, დღეს ჩვენი კონსტიტუციის მიხედვით. მათგან ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის კომპლექტაციის უფლებამოსილებები, ანუ ის კომპეტენციები, რომლითაც პრეზიდენტი ნიშნავს კონკრეტული თანამდებობის პირებს, ან მონაწილეობს ამ თანამდებობის პირების გამწესებაში. ვფიქრობ, ეს მიმართულება უნდა გაძლიერდეს, და შევინარჩუნოთ.”

რაც შეეხება დანარჩენ კომპეტენციებს, მენაბდის ინფორმაციით, კომისიაში  არის კონსესუსი, რომ პრეზიდენტის ზოგიერთი უფლებამოსილება შესაკვეცია:

“მაგალითად, მას აქვს უფლებამოსილება ვეტო დაადოს პრემიერის კანდიდატურას, ჩემი აზრით მას ეს უფლებამოსილება არ უნდა ჰქონდეს. ასევე, პრეზიდენტს აქვს უფლებამოსილება მთავრობის სხდომაში მიიღოს მონაწილეობა, შესაძლებელია, ეს უფლებამოსილებაც შეიკვეცოს. საერთო ჯამში, პრეზიდენტის არჩევის წესმა არ უნდა მოახდინოს გავლენა მის ისეთ კომპეტენციებზე, რომელიც უზრუნველყოფს  დამოუკიდებელი და  გავლენისგან თავისუფალი ინსტიტუტების შექმნას. ”

პრეზიდენტის პრიდაპირი არჩევის წესის მოხმრეა საკოსნტიტუციო კომისიის კიდევ ერთი წევრი ეკა გიგაური. “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ხელმძღვანელის თქმით, პრეზიდენტს არსებული უფლებამოსილებებიც უნდა შეუნარჩუნდეს:

“როცა საკოსნტიტუციო უმრავლესობა გააჩნია ერთ პარტიას, მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტი აირჩეოდეს პირდაპირი წესით. ეს კიდევ ერთი გარანტიაა, რომ უფრო დაბალანსებული სისტემა გვქონდეს ქვეყანაში. სხვანაირად, ჩვენ მივიღებთ მონოლითურ სისტემას, სადაც ხელისუფლების ყველა შტოში წარმოდგენილი იქნება ერთი პოლიტიკური გუნდის წევრი. ეს არ შექმნის გარანტიებს, რომ დემოკრატიული მიმართულებით განვითარდეს ქვეყანა,” – ამბობს გიგაური.

საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის მიზნით, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია 2016 წლის 15 დეკემბერს შეიქმნა, რომლის ფარგლებში ოთხი თემატური სამუშაო ჯგუფი მუშაობს. კომისიის შემადგენლობაში საპარლამენტო და არასაპარლამენტო პარტიების წარმომადგენლები, ასევე ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები შედიან. კომისიამ საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი 2017 წლის 30 აპრილამდე უნდა შეიმუშაოს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი