ახალი ამბები

ფანჯიკიძე: არის ორი რამ, რასაც საქართველო არასოდეს არ დათმობს რუსეთთან ურთიერთობაში

5 დეკემბერი, 2012 • 1118
ფანჯიკიძე: არის ორი რამ, რასაც საქართველო არასოდეს არ დათმობს რუსეთთან ურთიერთობაში

“მე ჩემს მოხსენებაში აღვნიშნე, რომ არის ორი რამ, რასაც არასოდეს არ დათმობს საქართველო, ეს არის მისი ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი და მეორე ეს არის არჩევანის თავისუფლება, თუ რომელ კავშირს და რომელ ალიანსს შეუერთდება იგი. ეს არის ჩვენი წითელი ხაზები, ამ წითელი ხაზების გადაკვეთას ჩვენ არ ვაპირებთ”, – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ ‘მე–9’ არხის პირდაპირ ეთერში საუბრისას.

 

ფანჯიკიძის განცხადებით, ნატო–საქართველოს კომისიის სხდომამდე ერთი დღით ადრე ნატო–რუსეთის სხდომა გაიმართა, სადაც ასევე იყო საუბარი საქართველო–რუსეთის ურთიერთობებზე. 

 

როგორც მინისტრმა აღნიშნა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის მიერ გაკეთებული განცხადება, თითქოს საქართველოს სპეციალური წარმომადგენლის რუსეთში, ზურაბ აბაშიძის დანიშვნის შესახებ მან პრესიდან შეიტყო, სიმართლეს არ შეესაბამება:

 

“ჩვენ, საგარეო საქმეთა სამინისტრო, იმ გზით, რა გზითაც გვაქვს ურთიერთბა რუსეთის ფედერაციასთან, შვეიცარიის საელჩოს მეშვეობით, გავუგზავნეთ ვერბალური ნოტა, რომელშიც ვაუწყებდით სწორედ სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნას”, – განაცხადა ფანჯიკიძემ. მისი თქმით, ლავროვის ეს განცხადება მისთვის გასაკვირი იყო.

 

როგორც მაია ფანჯიკიძემ აღნიშნა, შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საქართველოს მონაწილეობას ავღანეთის სამშვიდობო მისიაში:

“ნატო- საქართველოს კომისიის სხდომას ესწრებოდა ნატოს ყველა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი. მე ვისაუბრე იმ საშინაო და საგარეო პრიორიტეტებზე, რომელიც აქვს ახალ მთავრობას. ვილაპარაკე იმის შესახებაც, რომ საქართველო 2014 წლის მერეც იქნება ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციის მონაწილე”, – განაცხადა ფანჯიკიძემ. მინისტრის თქმით, ახლა საქართველოს 1600–ზე მეტი ჯარისკაცი ჰყავს ავღანეთში და გაგზავნილი ჯარისკაცების ეს რაოდენობა ყველაზე დიდია იმ ქვეყნებს შორის, ვინც ნატოს წევრი არ არის.

 

როგორც ფანჯიკიძემ აღნიშნა, გარდა ნატოს გენერალური მდივანის ანდერს ფოგ რასმუსენისა, სხდომაზე თავისი აზრი დაახლოებით თხუთმეტმა მინისტრმა გამოთქვა, ყველა მინისტრის გამოსვლა უაღრესად დადებითი იყო, რის შედეგადაც შეიძლება ითქვას, რომ შეხვედრამ წარმატებით ჩაიარა.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი