ახალი ამბები

ხოშტარია: პრეზიდენტი ფარული მოსმენების კანონზე ვეტოს დადების საკითხს განიხილავს

14 მარტი, 2017 • 1351
ხოშტარია: პრეზიდენტი ფარული მოსმენების კანონზე  ვეტოს დადების საკითხს განიხილავს

საპარლამენტო უმცირესობის წევრი, ელენე ხოშტარიას განცხადებით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ კანონი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ შეესაბამება და პრეზიდენტი მასზე ვეტოს დადების საკითხს განიხილავს. ამის შესახებ მანდ გიორგი მარგველაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

“ჩვენი და პრეზიდენტის პოზიცია ერთმანეთს ემთხვევა, ძალიან სერიოზული წუხილების გვაქვს ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ კანონზე. ეს კანონი მწვანე შუქს უნთებს ქყვენაში პირადი ცხოვრების ხელყოფას და ადამიანის უკანონო მოსმენას. ჩვენ ვისაუბრეთ ვეტოზე და პრეზიდენტი გადაწყვეტს, დაადებს თუ არა ვეტოს კანონს,” – ამბობს ხოშტარია.

საპარლამენტო უმცირესობის კიდევ ერთი წევრის, ირაკლი აბესაძის განცხადებით, თუ პრეზიდენტი კანონს ვეტოს დაადებს, ხოლო პარლამენტი ამ ვეტოს დაძლევს, შესაძლოა კანონი საკოსნტიტუციო სასამართლოსა და სტრაბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრონ:

“არასამთავრობო ორგანიზაციებთან, “ეს შენ გეხებასთან” ერთად უკვე ვმუშაობთ, რომ ეს კანონი საკონსტიტუციო სასამართლოში, ან ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გავასაჩივროთ.  ეს ანტიკოსნტიტუციური მოდელი სუსს საშუალებას აძლევს უკანონოდ მოგვისმინოს და ადამიანის უფლებები დაარღვიოს. ჩვენ ვეცდებით, რომ ეს შესაძებლობა არ არსებობდეს,” – აღნიშნა აბესაძემ.

“ფარული საგამოძიებო მოქმედებების” შესახებ კანონთან დაკავშირებით  პრეზიდენტი უკვე ხვდება “ნაციონალური მოძრაობის” საპარლამენტო ფრაქციის წევრებს,  ხოლო ხვალ, პატრიოტთა ალიანსის დეპუტატებს შეხვდება. პრეზიდენტთან შეხვედრაზე უარს აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობა.

პრეზიდენტს ვადა 21 მარტამდე აქვს. მან ამ თარიღამდე უნდა გადაწუყვიტოს ვეტოს დაადებს, თუ ხელს მოაწერს ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ კანონს.

1 მარტს, პარლამენტმა მესამე და საბოლოო მოსმენით განიხილა და 87 ხმით 2-ის წინააღმდეგ დაამტკიცა ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი.

ცვლილებების მიხედვით,  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შეიქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართვლოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო, რომლის ხელშიც იქნება ფარული მიყურადებისთვის საჭირო ე.წ. გასაღები. პროექტით,  საჯარო სამართლის იურიდიული პირის – “საქართვლოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს” ხელმძღვანელი საკუთარ მოადგილეებს თვითონ დანიშნავს, ხოლო სააგენტოს დებულებას საქართველოს მთავრობა დაამტკიცებს.


 

  • პარლამენტმა ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ საკონმდებლო ცვლილებების პაკეტი იმიტომ მიიღო, რომ   საკონსტიტუციო სასამართლომ 2016 წლის 14 აპრილს   “ეს შენ გეხებას”  სარჩელი  დააკმაყოფილა და დაადგინა, რომ ფარული მოსმენების არსებული წესი არაკონსტიტუციურია. საკონსტიტუციო სასამართლომ სასამართლომ პარლამენტს კანონის შესაცვლელად ვადა 2017 წლის 31 მარტამდე მისცა.
  • კამპანია “ეს შენ გეხება”, არასამთავრობო ორგანიზაციები და საპარლამენტო ოპოზიცია მიიჩნევენ, რომ ახალი კანონი “ფარული თვალთვალის” შესახებ, კვლავ არ შეესაბამება კონსტიტუციას.

მასალების გადაბეჭდვის წესი