ახალი ამბები

აშშ-ის საელჩო: იმედის მომცემია მთავრობისა და პრეზიდენტის შეთანხმება

5 დეკემბერი, 2012 • 911
აშშ-ის საელჩო: იმედის მომცემია მთავრობისა და პრეზიდენტის შეთანხმება

“საქართველოს სტაბილურობა და კეთილდღეობა დამოკიდებულია ორივე მხარის უნარზე, იპოვოს კომპრომისი ეროვნული ინტერესებისათვის. ბრიუსელში ნატოს საგარეო მინისტრთა შეხვედრის პარალელურად მიღწეული ეს შეთანხმება იმედს გვაძლევს”, – ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

 

შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოს პრეზიდენტი და თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია შეთანხმდნენ გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელის პოსტზე ირაკლი ძნელაძის დანიშვნის საკითხზე.

 

გაერთიანებული შტაბის უფოსის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც რამდენიმე კვირის წინ ამ თანამდებობაზე დანიშნულ გიორგი კალანდაძეს პროკურატურამ თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის ბრალი წაუყენა და სასამართლომ მას უფლებამოსილება შეუწყვიტა.

 

ირაკლი ძნელაძე 20 წელია საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობს, სხვადასხვა დროს ძნელაძე იყო ოპერაციების დაგეგმვის უფროსი, ასევე მუშაობდა სახმელეთო ძალებში და გაერთიანებულ შტაბში. ირაკლი ძნელაძე ასევე იყო საქართველოს სამხედრო ატაშე უკრაინაში. 

მასალების გადაბეჭდვის წესი