13 მარტს, მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან მოშიმშილე შშმ ბავშვების მშობლებმა პროტესტის უკიდურესი ფორმა შეწყვიტეს იმ პირობით, რომ დაახლოებით 2 კვირის ვადაში მათი მოთხოვნის შესახებ პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე იმსჯელებენ.
შშმ ბავშვების მშობლები აპროტესტებენ იმას, რომ საქართველოს მთავრობის “2017 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების” მიხედვით მწვავე შემთხვევების დაფინანსება 40%-ით შემცირდა, არ მომატებია თანხები თემზე დაფუძნებული სერვისების ბიუჯეტს, ხოლო გლდანის, ბედიანის, ქუტირის, სურამის ფსიქიატრიულ დაწესებულებებს დაფინანსება გაეზარდათ.
აქციის მონაწილე ერთ-ერთი მშობელი თამარ იარაჯული ამბობს, რომ ხელისუფების წარმომადგენლებთან შეხვედრისას მან მიიღო დაპირება, რომ პარლამენტში აღნიშნულ საკითხს განიხილავენ და ამიტომ შეწყვიტეს შიმშილობა.
“ჯანდაცვამ იგივე გაიმეორა, რასაც იმეორებდა. უბრალოდ წამოვედით იმ პირობით, რომ რატი იონათამიშვილი, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე შეგვპირდა, რომ არავითარ შემთხვევაში არ დაიკეტება ის განყოფილება და დანარჩენი რატომ დაიკეტა ამას განიხილავენ, ორი კომიტეტი შეიკრიბება, ჩაინიშნება სხდომა, დაესწრება ჯანდაცვის სამინისტრო და მივალთ რაღაც შედეგამდე”, – განაცხადა თამარ იარაჯულმა.
იარაჯული ამბობს, რომ მას ხმამაღალი შელაპარაკება მოუვიდა ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელ მარინა დარახველიძესთან.
“იმეორებს, რომ ხომ არსებობს ქავთარაძე და გლდანი. ამას ვაპროტესტებთ და გვეუბნება რომ ეს არსებოსო, გასაგებია, რომ არსებობს, მაგრამ უნდა არსებობდეს განყოფილებები, სადაც მწვავე არ უნდა მოხვდეს ქრონიკულში. ვუთხარით კიდეც რომ ჩვეულებრივად გამანადგურებელი მანქანაა ჯანდაცვის სამინისტრო”, -ამბობს იარაჯული.
იარაჯულს იმედი აქვს, რომ რატი იონათამიშვილი, ამ ბავშვების მდგომარეობას გაითვალისწინებს.
მანვე ისიც განაცხადა, რომ დედა-შვილს, რომლის გამოც მიმდინარეობდა აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან, სოციალური დახმარება შეუწყვიტეს.
“ერთადერთი დედა- შვილი რომლის გამოც არის ამბავი. მარტოხელა დედა ზრდის, ვინაიდან ორჯერ გამოაცხადა შიმშილობა ჯანდაცვის სამინისტრომ დასაჯა და მოუხსნა შემოსავლის ერთადერთი წყარო – სოციალური შემწეობა. სახლში რომ დაბრუნდა აქციიდან დახვდა სოციალური მუშაკი და შეუწყვიტეს სოციალური დახმარება. დედა იყო ცუდად. რამდენიმე თვის უკან ჰემოგლობინი დაუვარდა, იმიტომ რომ ვერ იკვებებიან და მოითხოვა ერთჯერადი დახმარება. რომ მკურნალობა ჩაეტარებინა. ჩაურიცხეს 60 ლარი თუმცა ამ გოგომ შეატყობინა სამინისტროს რომ ერთჯერადი დახმარება მიიღო”, – ამბობს იარაჯული
თუმცა, სოციალური მომსახურების სააგენტო ამ ინფორმაციას არ ადასტურებს და აცხადებს, რომ აღნიშნულ დედა-შვილს სოციალური დახმარება არ შეწყვეტია.
შენიშვნა: თავდაპირველად მასალაში არ იყო მითითებული, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს დედა-შვილისთვის სოციალური დახმარება არ შეუწყვეტია.