ახალი ამბები

ფსიქიკური ჯანმრთელობის 2017 წლის პროგრამა და პროტესტი თბილისში

23 იანვარი, 2017 • 3287
ფსიქიკური ჯანმრთელობის 2017 წლის პროგრამა და პროტესტი თბილისში

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და შშმ ბავშვების მშობლები აცხადებენ, რომ მთავრობის 2017 წლის პროგრამა ფსიქიატრიული დაწესებულებების დეინსტიტუციონალიზაციას აფერხებს და ბენეფიციარების ინტეგრაციას ხელს უშლის, ჯანდაცვის სამინისტრო კი ამტკიცებს, რომ ეს ცვლილებები მხოლოდ პაციენტების საკეთილდღეოდაა შემუშავებული.

ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაციის ხელმძღვანელის, მანანა შარაშიძის განმარტებით, საქმე ეხება საქართველოს მთავრობის “2017 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებს”, რომლის მიხედვითაც, მწვავე შემთხვევების დაფინანსება 40%-ით შემცირდა, არ მომატებია თანხები თემზე დაფუძნებული სერვისების ბიუჯეტს, ხოლო გლდანის, ბედიანის, ქუტირის, სურამის ფსიქიატრიულ დაწესებულებებს დაფინანსება გაეზარდათ.

შარაშიძის განმარტებით, 2017 წელს  უარი განაცხადეს მწვავე შემთხვევების სახელმწიფო პროგრამებზე, რომლებსაც ახორციელებდა კერძო საავადმყოფოები. ცვლილება არ ეხება რეფერალურ საავადმყოფოებს. წინასწარი მონაცემებით, ხელშეკრულებას ხელი უკვე მოაწერეს.

ოლღა კალინა, “თანამშრომლობა თანაბარი უფლებებისთვის” თავმჯდომარე ამბობს, რომ აქამდე თბილისში არსებობდა სამი დაწესებულება: ღუდუშაურის კლინიკა, მეხუთე და რეფერალური საავადმყოფოები. ისინი ემსახურებოდა იმ 90 ადამიანს, ვინც ფსიქიატრიული ჯანმრთელობის სერვისებს საჭიროებდა. კალინას თქმით, ახლა მხოლოდ რეფერალურ საავადმყოფოში დარჩა მოქმედი მომსახურება.

ოლღა კალინა ამბობს, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ამ პრობლემის მიზეზად საავადმყფოებს ასახელებს, მას მიაჩნია, რომ დაფინანსების ამგვარი წესი (840 ლარი კრიზისულ შემთხვევებზე) იყო სისტემური შეცდომა დაფინანსების სტრატეგიაში.

“ყველაზე ცუდია, რომ სამინისტრო არ თვლის, რომ დახურვა არ არის ტრაგედია და არაფერი არ შეიცვალა. არ არის რაიმე განსხვავება სერვისში”, – ამბობს ოლღა კალინა.

არასამთავრობო ორგანიზაცია “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” აღმასრულებელი დირექტორი ანა არგანაშვილი ამბობს, რომ ეს ცვლილება წყალში ყრის იმას, რაც საქართველოში აქამდე გაკეთებულა, მომხდარიყო დეინსტიტუციონალიზაცია და დახურულიყო დიდი ზომის დაწესებულებები.

ანა არგანაშვილს მიაჩნია, რომ საქართველოში, საერთაშორისო პრაქტიკის მსგავსად, ეს მომსახურებები უნდა იყოს ინტეგრირებული ფართო პროფილის საავადმყოფოებში და ამ მომსახურების მიმღები ადამიანები არ უნდა იყვნენ გარიყული სამასკაციან ვიწრო პროფილის ფსიქიატრიულ დაწესებულებებში, საიდანაც შეიძლება ვერასოდეს ვერ  გამოვიდნენ.

არგანაშვილს მიაჩნია, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ ამ ადამიანების უფლებები დაარღვია. ამავე დროს, ხაზს უსვამს, რომ სამინისტროს არ აქვს ჩამოყალიბებული ხედვა ფსიქიატრიული ჯანმრთელობის პოლიტიკის მიმართ.

ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ გასული წლის განმავლობაში ჩატარებულმა მონიტორინგმა აჩვენა, რომ კლინიკებს, რიგ შემთხვევებში, ეძლეოდა მანიპულირების საშუალება და გამოიკვეთა არაერთი შემთხვევა, როდესაც მწვავე ფსიქიკური მდგომარეობის პაციენტი არასრული მკურნალობის გამო თვის განმავლობაში ხელმეორედ ხვდებოდა საავადმყოფოში.

სამინისტრო აცხადებს, რომ ეს საშუალებას აძლევდა კლინიკებს, არასრული მკურნალობით მოეპოვებინათ ფინანსები, ახალი მეთოდოლოგია ასეთ შანსებს ამცირებს და უზრუნელყოფს თანხების სამართლიან გადანაწილებას ქრონიკული მდგომარეობის პაციენტებზე.

“ქვეყანაში არსებული საწოლების რაოდენობა საკმარისია იმისათვის, რომ პაციენტებს მიეწოდოთ დროული და ხარისხიანი მომსახურება, ცხადია, ეს ცვლილებები არ იქნება მისაღები იმ დაწესებულებებისთვის, რომლებმაც თავად უნდა გადაწყვიტონ, რა არის მათთვის პრიორიტეტი: პაციენტი, თუ ფინანსური სარგებელი”, – აცხადებს სამინისტრო.

სამინისტროს განცხადებით, ცვლილებები მიმართულია პაციენტების ინტერესების დაცვისკენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი