ახალი ამბები

უმცირესობა მოითხოვს, გადაიდოს პოლიტპატიმრების საკითხის კენჭისყრა პარლამენტში

5 დეკემბერი, 2012 • 896
უმცირესობა მოითხოვს, გადაიდოს პოლიტპატიმრების საკითხის კენჭისყრა პარლამენტში

“ამის მიზეზი და მოტივაცია, თუ რატომ ვითხოვთ ამოღებას, გახლავთ ის, რომ ეს დოკუმენტაცია დაგვირიგდა ზუსტად 3 წუთის წინ. შეუძლებელია პარლამენტმა იმსჯელოს იმ საქმეზე და აი, ამ სიის დამტკიცებაზე მაშინ, როცა ეს დოკუმენტი არ ყოფილა ხელმისაწვდომი პარლამენტის არც ერთი წევრისთვის სამ წუთამდე ადრე.

 

არ ვიცი, როგორი არის მდგომარეობა უმრავლესობაში. შეიძლება უმრავლესობას სხვა მეთოდებით ურიგდება დოკუმენტები, მაგრამ საპარლამენტო უმცირესობის არც ერთ წევრს არ გვქონია ხელმისწვდომობა ამ დოკუმენტაციაზე აქამდე. აქედან გამომდინარე, ჩვენ მოვითხოვთ, გადაიდოს საკითხის განხილვა, იმ სესიის დღის წესრიგში, რა ვადაშიც შესაძლებლობა გვექნება შევისწავლოთ აღნიშნული საკითხი”, – განაცხადა ჩიორა თაქთაქიშვილმა. 

 

ამის საპასუხოდ უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ განაცხდა, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა მოამზადა ზემოთ აღნიშნული დედგენილების პროექტი, ჩიორა თაქთაქიშვილი, რომელიც არის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე და ეს კომიტეტი უკვე თვეზე მეტია მუშაობს მასთან არსებულ სამუშო ჯგუფთან ამ საკითხზე, არც ერთ სხდომას არ დასწრებია:

 

“ესწრებოდნენ მედიის წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები, დაინტერესებული პირები. ყველა სხდომა იყო ღია, ყველა დოკუმენტაცია ღიად, აი, აქ რაცაა წარმოდგენილი, ეს სქელტანიანი ტომები ასევე საჯაროდ იდო კომიტეტში ამ დრომდე. 

 

სიას რაც შეეხება, სია იყო წარმოდგენილი წინა სესიაზე, ხოლო შემდგომ, როცა კომიტეტმა ისევ იმუშავა ამ საკითხზე, ბიუროს ის ჩაბარდა და ორშაბათს ბიუროს სხდომაზე სია იყო წარმოდგენილი, რომელიც დადგენილების პროექტის ნაწილია. და იმ ბიუროს სხდომას ესწრებოდა უმცირესობის წარმომადგენლებიც. დაინტერესებულ პირებს აქამდე შეეძლოთ სიის გაცნობა. ქალბატონ ჩიორას ეს ინტერესი არ გამოუთქვამს, მას ეს ჭირდება განცხადებებისთვის, მე მიმაჩნია, რომ ეს არის არასერიოზული და უპასუხისმგებლო განცხადება”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

 

საპარლამენტო უმცირესობის კიდევ ერთი წევრის მიხეილ მაჭავარიანის განცხადებით, ის ესწრებოდა ბიუროს სხდომას, ყველა დოკუმენტი შეამოწმა, მაგრამ იქ სია არ იყო:

“მე ვესწრებოდი ბიუროს სხდომას უმცირესობიდან, ქალბატონი ეკას გვერდზე, მე ყველა საბუთი ბიუროსი თან წავიღე, არანაირი სია ამ საბუთებში არ იყო. თუ ბიუროს სხვა წევრებს სხვა საბუთები ჰქონდათ, ვერ გეტყვით. მე პირადად გუშინ ქალბატონ ჩიორას, ვინაიდან გვქონდა უმცირესობის სხდომა, ვთხოვე, დაგკავშირებოდათ თქვენ – ქალბატონო ეკა, რომ სია გვქონოდა. მე როგორც მაქვს ინფორმაცია, სიის ეს ვარიანტი, რომელიც დღეს დაგვირიგდა, თქვენ დღეს მიიტანეთ საორგანიზაციო დეპარტამენტში.”

 

საქართველოს პარლამენტმა კენჭი უყარა დღის წესრიგიდან საკითხის ამოღებას, თუმცა, უმრავლესობის გადაწყვეტილებით, პარლამენტი დღეს კენჭს უყრის დადგენილების პროექტს „პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და დევნილ პირთა თაობაზე“.

მასალების გადაბეჭდვის წესი