ახალი ამბები

პროკურორი: დეკანოზმა ვერც ერთ მნიშვნელოვან შეკითხვას დამაჯერებელი პასუხი ვერ გასცა

13 მარტი, 2017 • 4066
პროკურორი: დეკანოზმა ვერც ერთ მნიშვნელოვან შეკითხვას დამაჯერებელი პასუხი ვერ გასცა

პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა განაცხადა, რომ 10 საათიანი დაკითხვის შემდეგ დეკანოზ გიორგი მამალაძის მიცემული ჩვენება აბსურდულია და წინააღმდეგობრივი უტყუარ მტკიცებულებების მიმართ.

“ბევრი შეკითხვა გვქონდა ბრალდებულის მიმართ. დღეს უკევ ცალსახად შეგვიძლია განვაცხადო, რომ ჩვენს მიერ დასმულ ვერც ერთ მნიშვნელოვან  შეკითხვას დამაჯერებელი პასუხი ვერ გასცა, მისი ნაამბობი წინააღმდეგობაში მოდის საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან და ასევე იმ ჩანაწერებთან რაც ჩვენ გავასაჯაროვეთ. მთელი ის ინფორმაციას რასაც გვაწვდის ბრალდებული, ეს არის მისი უსუსური მცდელობა სხვას გადააბრალოს მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება და თავი დააღწიოს მოსალოდნელ პასუხისმგებლობას. დაკითხვის მთელი პროცესი ეს ადამიანი ცდილობდა გამოძიებისთვის დაეხატა ისეთი სურათი, რომ იგი არაფერ შუაშია და მის მიმართ განხორციელდა პროვოკაცია”, – განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.

პროკურორი ამბობს, რომ რაც შეეხება თითონ ჩვენებას, იგი იმდენად აბსურდულია, რომ როგორ შეიძლება ამ ჩვენების გამოქვეყნებაზე საუბრობდნენ ადვოკატები.

“თავიდან ბრალდებულმა განაცხადა, რომ შორენა თეთრუაშვილის თხვონით იგი ოქრომჭედლისთვის  ეძებდა ციანიდს, შემდეგ ახალი ვერსია შემოგვთავაზა, რომ ამ ციანიდით თავად შორენა თეთრუაშვილი აპირებდა თვითმკვლელობას, როდესაც უტყუარი ვიდეომტკიცებულებები გავასაჯაროვეთ, ვიდეოჩანაწერებს ვგულისხმობ. გაეცნო ყველა ადამიანი ამ ჩანაწერებს, უკვე ახალი ვერსია მოიფიქ რა ბრალდებულმა, იგი აღნიშნავს, რომ ყველა ის ტერმინი, ის ფრაზები რაზეც საუბრობს, ამ ჩანაწერებში, თითქოს ეს იყო მისი ხუმრობა. იმდენად აბსურდული და დაუჯერებელია, ალბათ შემდეგ საზოგადოებაც იფიქრებს, რამდენად დაუჯერებელი და აბსურდულია”, – განაცხადა პროკურორმა.

კითხვაზე, თუ ვისთვის გადაბრალებას ცდილობდა დეკანოზი, პროკურორი არ პასუხობს.

“აღნიშნული საქმის გამოძიებისას პროკურატურა არის უპრეცედენტოდ გამჭვირვალე, გამოვაქვეყნეთ მტკიცებულებები, მათ შორის ვიდეოჩანაწერები, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ გამოძიების სრული პროცესი გადავიტანოთ ტელეეთერებში. ამ მტკიცებულებებს წარვადგენთ სასამართლოში და სასამარლოში დავადასტურებთ კონკრეტულ პირთა ბრალეულობას”, – განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი