ახალი ამბები

ადვოკატი: თუ კრედიტი აიღო დეკანოზმა, ეს იყო წასასვლელი თანხა

13 მარტი, 2017 • 4676
ადვოკატი: თუ კრედიტი აიღო დეკანოზმა, ეს იყო წასასვლელი თანხა

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ ჯერ პროკურატურას არ უკითხავს ბრელდებულისთვის, თუ რისთვის აიღო მან სესხი.

“რაში სჭირდებოდა? – ამაზე, ალბათ, პროკურატურა დასვამს კითხვებს და შემდგომ გავცემთ პასუხს. ყოველ შემთხვევაში, რომ ვინმეს უნდა გადმოეგზავნა ფული და შემდეგ მოხდებოდა აღნიშნული ნივთიერების შეძენა, ამ ყველაფერზე საუბარი არის აბსურდი. “გადმოგზავნა”, “ჩვენ”, “ისინი”, აბსოლუტურად სულ სხვა რეალობას წარმოსახავს. თუ კრედიტი ადამიანმა აიღო, ეს იყო წასასვლელი თანხა და, შესაბამისად, კრედიტის აღება მე მგონი დანაშაული არ არის”, – განაცხადა რამიშვილმა.

გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში პროკურორი არჩილ ტყეშელაშვილი ამბობს:

“დადგენილია, რომ გერმანიაში გამგზავრების წინ, გიორგი მამალაძე მიდის ბათუმში, სადაც ბანკიდან გამოაქვს სესხი 30 000 ლარი. ამის შემდეგ აღარ დაკავშირებია ირაკლი მამალაძეს. ბრალდებულს დაკავებისას აღმოაჩნდა 4 500 ევრო და 500 აშშ დოლარი, რაც ეკვივალენტია 14 000 ლარის, ხოლო სხვაობა გამგზავრებამდე გახარჯა. ვის გადაუხადა თანხა და ვისგან შეიძინა ციანიდი, ამაზე გამოძიება მუშაობს…ხდება იმ პირების იდენტიფიცირება, ვისთანაც ჰქონდა გიორგი მამალაძეს ურთიერთობა. ამ ეტაპზე, თავს შევიკავებ დამატებითი ინფორმაციის მოწოდებისგან”.

 

დღესვე საპატრიარქოს იურისტმა ედიშერ ქარჩავამ განაცხადა, რომ იგი ვარაუდობს, რომ ე.წ. ციანიდის საქმეში თუ არის ეჭვმიტანილი პირების წრე,  ისინი გერმანიაში უნდა ყოფილიყვნენ და ერთ-ერთი პირი, რომელიც დაკავებულ დეკანოზ გიორგი მამალაძესთან დაახლოებული პირია, პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი სოსო ოხანაშვილია

“საქმეზეში არის ერთადერთი ბრალდებული – მამა გიორგი მამალაძე და სხვა ბრალდებული ამ საქმეზე არ არის” – აცხადებს დეკანოზის კიდევ ერთი ადვოკატი გიორგი ფანცულაია ამ საკითხის კომენტირებისას.

დღეს, 13 მარტს ე.წ. მატროსოვის ციხეში განახლდა დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვა პროკურატურის მიერ. დღევანდელი დაკითხვის პირველი 4-საათიანი ნაწილი დაახლოებით ერთი საათის წინ დასრულდა, რის შემდეგაც შესვენება გამოცხადდა. დაკითხვა რამდენიმე წუთში კვლავ გაგრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი