ახალი ამბები

თალაკვაძე: კადრებში ჩანს, რომ ბათუმში განვითარებულ მოვლენებში ჩართული იყვნენ ენმ-ს ლიდერები

13 მარტი, 2017 • 2057
თალაკვაძე: კადრებში ჩანს, რომ ბათუმში განვითარებულ მოვლენებში ჩართული იყვნენ ენმ-ს ლიდერები

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, აბსურდია იმის თქმა, რომ ბათუმში ერთმანეთს ძალოვანი უწყებები დაუპირისპირდნენ და პროცესი კონტროლიდან გაექცათ.

“ბათუმში განვითარებული მოვლენების ძალოვან უწყებებს შორის დაპირისპირებად გამოცხადება, აბსურდული ვერსიაა. როცა მათ [ნაციონალურ მოძრაობას] მძიმე შეკითხვებს უსვამს საზოგადოება, სხვა რა დარჩენიათ, თუ არა ამ ფორმით თავის მართლება?”- აღნიშნავს არჩილ თალაკვაძე.

დეპუტატის ვერსიით, ბათუმში განვითარებულ მოვლენებში სწორედ ენმ-ს წევრები იყვნენ ჩართული:

“მედიით გავრცელებულ მასალებში კარგად ჩანს, რომ ამ მოვლენებში ჩართული იყვნენ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები, მათი სატელიტი ორგანიზაციების ლიდერები. ასევე, ჩვენ ვნახეთ, რომ აქციის მონაწილეებს მთელი ქვეყნის მასშტაბით სოლიდარობა გამოუცხადეს, დააანონსეს მხარდამჭერი შეხვედრები. ჩვენ ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს, რატომ გაიყო ნაციონალური მოძრაობა. გაყოფის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, ის იყო რომ ძველი დღევანდელი ნაციონალური მოძრაობა თავის კოლეგებს სთავაზობდნენ რევოლუციური, ძალადობრივი სცენარების გამოყენებას პოლიტიკური ცვლილებებისთვის. რა როლი ითამაშეს ნაციონალური მოძრაობის წევრებმა, რაში იყვნენ ჩართული, ამას გამოძიება დაადგენს.”

მისივე განმარტებით, ბათუმელები შესაბამის კომპენსაციას მიიღებენ. არჩილ თალაკვაძე ასევე მიიჩნევს, რომ პოლიციამ პროპორციული ძალა გამოიყენა:

” ის ადამიანები, რომელთა ქონება დაზიანდა, შესაბამის კომპენსაციას მიიღებენ.   ბათუმში მომხდარი ვანდალიზმი არის მიუღებელი და სათანადოდ იქნება დასჯილი, სათანადო რეაგირება მოჰყვება. მთავრობამ ადეკვატური გადაწყვეტილებები მიიღო და პოლიციამ პროპორციული ძალის გამოყენებით, ძალის გადამეტების გარეშე აღკვეთა ძალადობა. მივესალმებით იმ ფაქტს, რომ მინისტრი პირადად ჩავიდა ბათუმში და თვითონ ხელმძღვანელობდა პროცესს, როდესაც 2-3 საათის განმვლობაში აღიკვეთა ის უმსგავსობა.”

კითხვას, უნდა დაინტერესდეს თუ არ გამოძიება მერაბ ღოღობერიძით, დეპუტატი პასუხობს:

“გამოძიება დაწყებულია არაერთი ადამიანის მიმართ. დაველოდოთ გამოძიების შედეგებს. თუ ვინ ახდენდა ორგანიზებას, ვინ იყო ჩართული ძალადობის პროცესში – ამ კითხვებს გამოძიებამ უნდა უპასუხოს.”

12 მარტს, ღამით ბათუმში ქაოსი იყო რამდენიმე საათის განმავლობაში. ბათუმში 11 მარტს ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც “ბათუმი პლაზას” მიმდებარედ პატრულმა ადმინისტრაციული წესით მამა–შვილი დააჯარიმა, ხოლო შემდეგ ადმინისტრაციული წესით დააკავა. ამას მოჰყვა ასობით ადამიანის პროტესტი. აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ ზოგიერთმა პოლიციელმა, მათ შორის პოლიციის უფროსმა “აჭარლები თათრებად” მოიხსენია. დემონსტრანტები პოლიციელებს საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის კუთხით არაადეკვატურ ჯარიმებშიც ადანაშაულებდნენ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი