ახალი ამბები

EMC: შსს-ს არ გააჩნდა ბათუმში შეკრების დროს უსაფრთხოების უზრუნველყოფის ეფექტიანი სტრატეგია

13 მარტი, 2017 • 2962
EMC: შსს-ს არ გააჩნდა ბათუმში შეკრების დროს უსაფრთხოების უზრუნველყოფის ეფექტიანი სტრატეგია

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) სახელმწიფოს მოუწოდებს, უზრუნველყოს 11 მარტს ბათუმში განვითარებული მოვლენების სათანადო შესწავლა და რეაგირება; არასამთავრობო ორგანიზაცია შსს–ს მხრიდან ადგილობრივი პოლიციის უფროსის საქმიანობის კანონიერების საკითხის შესწავლასაც ითხოვს. მათი განცხადებით, მნიშვნელოვანია პოლიციის მიერ სპეციალური საშუალებების გამოყენების კანონიერების და პროპორციულობის შესწავლაც. ორგანიზაცია პოლიტიკოსებს პროცესის ესკალაციისგან თავის შეკავებას, ხოლო მოქალაქეებს კანონისა და სახელმწიფო ინსიტუციების პატივისცემისკენ მოუწოდებენ.


ბათუმის მოსახლეობის სპონტანურად ორგანიზებული პროტესტის მიზეზი პოლიციის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო გამკაცრებული დაჯარიმების პრაქტიკა გახდა. შეკრების მონაწილეების პროტესტის გამძაფრება ძმის დაკრძალვიდან დაბრუნებული ჯიმი ვარშანიძის დაკავებამ გამოიწვია. მისი თქმით, ახსნა-განმარტების მიუხედავად, რომ სადავო ადგილას სათანადო პარკირება შეუძლებელი იყო და მას სასწრაფოდ სჭირდებოდა იქვე მდებარე აფთიაქში მედიკამენტების შეძენა, შელაპარაკების შემდეგ, პოლიციამ მანქანაში ძალით ჩატენა და დააკავა. EMC-ის შეფასებით, აღნიშნულმა ინციდენტმა ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტის ესკალაცია გამოიწვია და მათ ბათუმში სასტუმრო “პლაზას” ტერიტორიაზე სპონტანური და მასობრივი შეკრება დაიწყეს.

შეკრების მონაწილეების მხრიდან ისმოდა უკმაყოფილება ბათუმში პოლიციის სამმართველოს უფროსად ახალდანიშნული კახა ბუხრაძის მიერ საპოლიციო ღონისძიებების გამკაცრებით, ქალაქში “ახალი წესრიგის” დამყარების, სიღარიბის ფონზე მაღალი ჯარიმების გამოყენებით მოსახლეობისთვის ეკონომიკური ტვირთების დამძიმების, აჭარაში მაღალ თანამდებობებზე არაადგილობრივი პირების დანიშვნის თაობაზე. საღამოს აქციამ პოლიციის სამმართველოსთან გადაინაცვლა, სადაც შეკრების მონაწილეები დაკავებული პირების გათავისუფლებასა და საპატრულო პოლიციის უფროსის თანამდებობიდან მოხსნას ითხოვდნენ.

რამდენიმე საათის გასვლის მიუხედავად, შეკრების მონაწილეებთან ხელისუფლების, მათ შორის, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს კომუნიკაცია არ ჰქონიათ, რამაც შეკრების მონაწილეების გაღიზიანება გამოიწვია და მათმა ნაწილმა სამმართველოს შენობაში უკანონო შეღწევა განიზრახა. აღნიშნული ინციდენტის შემდეგ, შეკრების რამდენიმე მონაწილე პოლიციამ წინააღმდეგობის გაწევის გამო ადგილზე დააკავა, ამ ეპიზოდში დაფიქსირდა სპეციალური საშუალების, გაზის გამოყენების ფაქტიც. მალევე, შეკრების ადგილზე სპეციალური დანიშნულების რაზმი გამოჩნდა, რის შემდეგაც შეკრების მონაწილეების დიდი ნაწილი გაიქცა და აქციის ტერიტორია დატოვა, ნაწილმა კი, ქალაქში ვანდალური აქტების ჩადენა, მათ შორის, ქონების განადგურება, პოლიციის მანქანების გადაწვა დაიწყო.

ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის განცხადებით, აღსანიშნავია, რომ შეკრების ადგილზე იმყოფებოდნენ და რადიკალურ ულტიმატუმებს აჟღერებდნენ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა” და “თავისუფალი ზონის” წარმომადგენლები.  აგრეთვე, როგორც EMC აცხადებს, სიტუაციის ესკალაციაში განსაკუთრებული როლი შეასრულა 9 მარტს ერთ-ერთი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელის, მერაბ ღოღობერიძის მიერ აქციაზე გაკეთებულმა განცხადებამ – „აჭარელი თათარი არ არის“. ამავე განცხადებაში ღოღობერიძე საუბრობს საპატრულო პოლიციის ახალი ხელმძღვანელის მხრიდან ადგილობრივი მოსახლეობის მიმართ რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციულად ქცევის ფაქტებზე და ბათუმში სამსახურეობრივი მივლინებით მყოფ სხვა სამართალდამცველების მიმართ გაჟღერებულ იმავე მოწოდებებზე. არასამთავრობო ორგანიზაცია გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ პოლიციის თანამშრომლების მხრიდან მსგავსი განცხადებების გაკეთება ამ დროისთვის სარწმუნო მტკიცებულებებით არ დასტურდება. 12 მარტს, გამთენიისას, ძალადობრივ ქმედებებში მონაწილე ადამიანების ძირითადი ნაწილი, 40 პირი პოლიციამ დააკავა.

“შეკრების თავისუფლების კონტექსტში უნდა ითქვას, რომ შეკრების მონაწილეების ის ნაწილი, რომლებმაც ძალადობრივი განზრახვები გამოავლინეს და ვანდალური აქტები განახორციელეს, არ სარგებლობდნენ შეკრების თავისუფლებით, რომელიც მხოლოდ მშვიდობიან შეკრებებს იცავს. გამოვლენილმა ძალადობრივმა განზრახვებმა და ქმედებებმა პოლიციას უფლებაში ჩარევისა და სამართალდარღვევის აღკვეთის ლეგიტიმური საფუძველი შეუქმნა. აღნიშნული ძალადობრივი ორგანიზებული ჯგუფების ქცევა, ერთი შეხედვით, სიტუაციის ესკალაციას ისახავდა მიზნად და მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ გამოიძიოს მათი ორგანიზებისა და შესაძლო პოლიტიკური აფილაციის საკითხი. აღნიშნული საკითხის ობიექტურ გამოკვლევას, მათ შორის, არსებითი მნიშვნელობა აქვს მიმდინარე პროცესების სათანადო პოლიტიკური შეფასებისთვის,” – ნათქვამია EMC-ის განცხადებაში.

ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის განცხადებით, შეკრების მართვის დროს პოლიციის მიერ ძალის გადამეტებისგან თავის შეკავების პოზიტიური პრაქტიკის მიუხედავად, უნდა ითქვას, რომ შსს არ გააჩნდა შეკრების დროს უსაფრთხოების უზრუნველყოფის ეფექტიანი სტრატეგია, რის გამოც, ძალადობრივი ინციდენტები მთელს ქალაქში გავრცელდა და სრულიად უკონტროლო ხასიათი მიიღო:

“მათ შორის, მთავრობას არ გააჩნდა სიტუაციის დეესკალაციის პოლიტიკური სტრატეგია და შესაძლო ძალადობრივი რადიკალიზების პრევენციის თანმიმდევრული გეგმა. შსს-მ დასაწყისშივე არ მოახდინა ძალადობრივ ქმედებებზე სათანადო რეაგირება, რის გამოც პროცესში ინტერვენცია გვიან, ვითარების რადიკალიზების შემდეგ, რეპრესიული საპოლიციო ღონისძიებების გამოყენებით მოუწია.  პოლიციამ თავიდანვე ვერ უზრუნველყო შეკრების მშვიდობიანი და არამშვიდობიანი მონაწილეების გამიჯვნა და ძალადობრივი ჯგუფების იზოლაცია. მნიშვნელოვანი იქნებოდა, თუ სპეციალური საშუალებების გამოყენებამდე, პოლიცია მშვიდობიანი შეკრების მონაწილეებს კორიდორს შეუქმნიდა და შესაბამის პირებს ადგილის დატოვების შესაძლებლობას მისცემდა. აღნიშნული ხარვეზები მასობრივი და ძალადობრივი შეკრებების მართვის სფეროში პოლიციის ცოდნის ნაკლებობაზე უთითებს, რაც ცხადია, ადამიანის უფლებების დარღვევის რისკებს აჩენს და ეფექტიანი პრევენციული პოლიტიკის განხორციელებას ართულებს.”

 

ზემოთ წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებების პირველადი ანალიზით,  EMC მიიჩნევს, რომ ბათუმში ადგილობრივი მოსახლეობის შეკრება საწყის ეტაპზე სპონტანურ და თვითორგანიზებულ ხასიათს უფრო ატარებდა და ის გამოხატავდა იმ სოციალურ და პოლიტიკურ უკმაყოფილებას, რომელიც აჭარის რეგიონში მცხოვრებ ადამიანებს აქვთ. არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებით, შეკრების მონაწილეების განცხადებების შინაარსობრივი ანალიზი აჩვენებს, რომ აღნიშნული უკმაყოფილების ძირითად მიზეზებად მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე უსამართლოდ მაღალი და თვითნებური ჯარიმების პრაქტიკა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მაღალი თანამდებობის პოზიციებზე ადგილობრივი მოსახლეობის დაბალი წარმომადგენლობა და პოლიტიკური გაუცხოება, აჭარაში მცხოვრები ადამიანების მიმართ შოვინისტური რიტორიკის გამოყენება სახელდება.

“მხედველობაშია მისაღები ძალადობრივ ქმედებებში ჩართული პირების ასაკის და გენდერის ფაქტორებიც. მსგავსი აგრესიისა და დესტრუქციის ახსნა არ უნდა შემოიფარგლოს “კრიმინალური აზროვნების” არგუმენტით, რადგან ის შეიძლება მწვავე სოციალური კრიზისისა და ნიჰილიზმის გამოხატულება იყოს.  შესაბამისად, არსებითია სახელმწიფომ და სხვა აქტორებმა გაიაზრონ გამოვლენილი სოციალური უკმაყოფილებისა და პროტესტის სისტემური მიზეზები და ის ძალადობრივ ქმედებებში მონაწილე ჯგუფების პოლიტიკური მიკუთვნებულობის არგუმენტით არ გადაიფაროს. ამ მიმართებით, განსაკუთრებული ხაზი უნდა გაესვას ქართველი მუსლიმების მიმართ ბოლო დროს გამოვლენილ რელიგიურ კონფლიქტებსა და სახელმწიფოს არასეკულარულ და დისკრიმინაციულ პოლიტიკას, რომელმაც ქართველი მუსლიმების სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ მარგინალიზაციას კიდევ უფრო შეუწყო ხელი. ამიტომაც, არსებითია, რომ სახელმწიფომ გაიაზროს რელიგიური თუ სხვა ნიშნით ჯგუფების გარიყულობის და მარგინალიზაციის პრობლემის სიმწვავე და მისი პოლიტიკური მიზნებისთვის ინსტრუმენტალიზების საფრთხეები, რაც აჭარაში ნათლად გამოჩნდა,” – ნათქვამია EMC–ის განცხადებაში.


ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, EMC მიიჩნევს, რომ არსებითია:


  • სამართალდამცავმა ორგანოებმა უზრუნველყონ გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტების და მთლიანი პროცესის ეფექტიანი გამოძიება და დაკავებული პირების საპროცესო უფლებების სრულყოფილი რეალიზება. ამასთან, მნიშვნელოვანია პოლიციის მიერ სპეციალური საშუალებების გამოყენების კანონიერების და პროპორციულობის შესწავლა;
  • შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაიაზროს მასობრივი და ძალადობრივი შეკრებების მართვასთან დაკავშირებული საკუთარი ინსტიტუციური და კომპეტენციური გამოწვევები და შეიმუშაოს კრიზისული სიტუაციების მართვის ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული ეფექტიანი სტრატეგიები და ტექნიკები;
  • შინაგან საქმეთა სამინისტრომ სათანადოდ შეისწავლოს ადგილობრივი პოლიციის უფროსის საქმიანობის კანონიერების საკითხი და საჭიროების შემთხვევაში, მასზე სათანადო რეაგირება მოახდინოს;
  • მთავრობამ უზრუნველყოს ადგილობრივი მოსახლეობის სოციალური და პოლიტიკური უკმაყოფილების რეალური მიზეზების შესწავლა და დაგეგმოს კომპლექსური ღონისძიებები ამ მიმართულებით;
  • პოლიტიკურმა პარტიებმა და სხვა საზოგადოებრივმა ჯგუფებმა თავი შეიკავონ პროცესის ესკალაციისგან, მათ შორის, ქსენოფობიური და შუღლის გაღვივებაზე მიმართული საჯარო განცხადებებისგან;
  • მოქალაქეებმა შეინარჩუნონ მშვიდობა და პატივისცენ კანონსა და სახელმწიფო ინსტიტუციებს. მნიშნელოვანია, რომ პოლიტიკური და სოციალური უკმაყოფილების გამოხატვა დემოკრატიული და სამართლებრივი ბრძოლის გზებით მოახდინონ.

მასალების გადაბეჭდვის წესი