ახალი ამბები

ეკლესიისთვის გადაცემული სახელმწიფო ქონება და ფული

4 დეკემბერი, 2012 • 6148
ეკლესიისთვის გადაცემული სახელმწიფო ქონება და ფული

ეკლესიისთვის გადაცემული უძრავი ქონება

 

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებაზე დაყრდნობით, 2011 წელს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს საპატრიარქოს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმად შუახევის მუნიციპალიტეტში, ხიჭაურში, საპატრიარქოს 61 776 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 17 055 კვადრატული მეტრი შენობა-ნაგებობა 1 ლარად გადაეცა.

 

იმავე პრინციპით მიწა მართლმადიდებელ ეკლესიას გადაეცა ქობულეთსა და ხელვაჩაურშიც: 

 

ქობულეთში, აღმაშენებლის გამზირზე #251-ში არსებული 20 593 კვადრატული მეტრი მიწა და მასზე განთავსებული 1922 კვადრატული მეტრი შენობა- ნაგებობა, ასევე მემედ აბაშიძის ქუჩაზე 4138 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი. ამ დოკუმენტს ეკლესიის მხრიდან ხელს აწერს დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი, სამინისტროს მხრიდან კი – თინათინ ჩაჩანიძე.

 

ხელვაჩაურში მიწა ხელისუფლებამ დომინანტ ეკლესიას, ძირითადად, სოფელ ფერიაში აჩუქა. “ბათუმელებმა” საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან გამოთხოვილი ინფორმაციით დაადგინა, რომ სახელმწიფომ ეკლესიას ფერიაში 10 891 კვადრატული მეტრი მიწა და მასზე არსებული 1540 კვადრატული მეტრი შენობა-ნაგებობა 2009 წლის 27 მარტს აჩუქა.

 

მიწის ჩუქებიდან რამდენიმე თვეში მთავრობამ ფერიის მთაზე მშენებარე ეკლესია დააგრია. მაშინ ეკლესიის მშენებლობა ხელისუფლებამ შეაფასა, როგორც “უკანონო”. 2009 წლის ოქტომბრის ამ სკანდალთან დაკავშირებული მოლაპარაკების შესახებ საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია არ მიუღია – მხოლოდ ის ითქვა, რომ გაუგებრობა მოლაპარაკების გზით დასრულდა.

 

“ბათუმელების” ხელთ არსებული დოკუმენტების თანახმად, ცენტრალურმა ხელისუფლებამ ეკლესიას მიწა ყველაზე მოკრძალებულად ხულოში გადასცა – 620 კვადრატული მეტრი სოფელ დეკანაშვილებსა და დაბა ხულოში (დაბაში ეკლესიას კინოთეატრ “ხულოს” შენობა მისცეს).

 

ეკლესიას მიწა საკუთარი ინიციატივით 2010 წელს აჭარის მთავრობამაც აჩუქა. შესაბამის დოკუმენტში წერია: “ქ. ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე 2526 კვ. მეტრი შენობა-ნაგებობა და მასზე დამაგრებული 4097 კვ. მეტრი არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას გადაეცა”.

 

მართლმადიდებელ ეკლესიას ბათუმში ეკლესიის აშენებისთვის მიწის გამოყოფა აღუთქვა ახალმა ხელისუფლებამაც – არჩილ ხაბაძემ, აჭარის მთავრობის თავმ დომარემ, მშენებარე იოანე ნათლისმცემლის ეკლესიის მონახულების შემდეგ განაცხადა: “ამოვედი ფერიის მთაზე, რომ მენახა, თუ რა ეტაპზეა ტაძრის მშენებლობა. როგორც ვიცი, მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს ეპარქიასა და ინვესტორს შორის, შეთანხმება მიღწეულია და მიმდინარეობს მუშაობა, რომ გამოიძებნოს ტერიტორია, სადაც მოხდება თავდაპირველად დაგეგმილი საკათედრო ტაძრის მშენებლობა”.

 

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ხელმძღვანელი, ნათია სირაბიძე ამბობს, რომ “ამ საკითხზე მიმდინარეობს კონსულტაციები, მაგრამ ჯერ კონკრეტული ტერიტორია არ გამოყოფილა კომპლექსის ასაშენებლად”.

 

ეკლესიისთვის გადაცემული ფულადი სახსრები

 

“საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან სხალთის ეპარქიაში საგანმანათლებლო საქმიანობისა და საეკლესიო მშენებლობისთვის საჭირო ხარჯების დაფინანსების მიზნით, ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობას გამოეყოს 200 ათასი ლარი”, – წერია მიხეილ სააკაშვილის ხელმოწერილ განკარგულებაში, რომელიც 2011 წლის 1 დეკემბრით არის დათარიღებული.

 

იმავე პერიოდის განკარგულებით, სარეზერვო ფონდიდან თანხა შეხვდა ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიასაც. პრეზიდენტის განკარგულება: “სოფელ სარფში წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის მშენებლობისთვის საჭირო ხარჯების დაფინანსების მიზნით… პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობას საქართველოს საპატრიარქოს ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიისთვის გადასაცემად გამოუყოს 250 ათასი ლარი”.

 

2011 წელს ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიას ბათუმის მერიამაც გამოუყო თანხა – 350 ათასი ლარი. მიზანი: ამ “ეპარქიის განვითარებისა და შესაძლებლობების გაძლიერება”.

 

მერიის საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელმა, არჩილ ვანაძემ “ბათუმელებს” განუმარტა, რომ “ეს თანხა ტრანსფერის სახით ცენტრალური ბიუჯეტიდან მიიღეს”.

 

2008 წლის შემდეგ, ეპარქიებისთვის პრეზიდენტის განკარგულებებით გაცემული თანხების შესახებ ინფორმაციას, “ბათუმელები”, დოკუმენტებზე დაყრდნობით, მომდევნო ნომერშიც შემოგთავაზებთ.

 

ბიუჯეტიდან ფინანსდება უნივერსიტეტი, რომელიც საპატრიარქომ 2009 წელს გახსნა სოფელ ხიჭაურში. დაწესებულების ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა სვიმონ ჯავახიშვილმა “ბათუმელებს” უთხრა, რომ ის არ ფლობს ინფორმაციას უნივერსიტეტის დაფინანსების შესახებ და გადაგვამისამართა უნივერსიტეტის კანცელარიაში. სასწავლებლის ბუღალტერმა ნოშრევან აბაშიძემ “ბათუმელებს” უთხრა, რომ “ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია”. დაუდასტურებელი ინფორმაციით კი, ყოველწლიურად ამ უნივერსიტეტისთვის 4-5 მილიონი ლარი იხარჯება.

 

კონკორდატი და მისგან გამოწვეული პრივილეგიები

 

საქართველოს სახელმწიფოსა და სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის 2002 წელს შედგა კონსტიტუციური შეთანხმება. კონკორდატის მთავარ ღირსებად მიიჩნევა ის გარემოება, რომ მასში თანაბრადაა განმტკიცებული საქართველოში მართლმადიდებლური ეკლესიის განსაკუთრებული ადგილი და, ამავდროულად, რწმენისა და აღმსარებლობის სრული თავისუფლება.

 

მართლმადიდებელი ეკლესიის კონსტიტუციურად აღიარებული განსაკუთრებული მნიშვნელობის გამო, ქვეყნის ბიუჯეტიდან ეკლესიისთვის ბოლო ორ წელში 47 600 000 ლარი გამოიყო. წელს ახალმა ხელისუფლებამ ეკლესიის დაფინანსება 25 მილიონ ლარამდე გაზარდა. ამდენივე მილიონი ლარი ეკლესიას ბიუჯეტიდან შეხვდა 2009 წელსაც. მანამდე დაფინანსება შედარებით მოკრძალებული იყო: 2008 წელს ეკლესიას ბიუჯეტიდან 9,521 მილიონი ლარი მისცეს, 2007 წელს – 4,222 მილიონი, 2006 წელს – 4,794 მილიონი.

 

“ბათუმელებმა” ვერ დააზუსტა უფრო ადრეულ წლებში რამდენს გასცემდა ბიუჯეტი ეკლესიისთვის. ეკლესია ბიუჯეტიდან 2000 წლიდან ფინანსდება.

 

საქართველოს ხელისუფლებამ 2009 წელს ეპარქიებს ძვირადღირებული 10 ჯიპიც აჩუქა. 2009 წელს საპატრიარქოს საბუღალტრო დეპარტამენტის წარმომადგენელმა გამოცემა “ევრაზიანეტს” განუცხადა, რომ “ავტომობილები პატრიარქის, ილია მეორისადმი პიეტეტის სიმბოლოა და ეს ძღვენი მისი აღსაყდრების 30 წლის იუბილეს მიეძღვნა”.

 

ეკლესიის დაფინანსების შესახებ უფრო დეტალური ინფორმაციის მისაღებად “ბათუმელები” დეკანოზ მიქაელ ბოტკოველს დაუკავშირდა. მან განაცხადა, რომ “ახლა არ სცალია და კომენტარს მოგვიანებით გააკეთებს”.

აჭარის უმაღლესი საბჭოს კურთხევა
აჭარის უმაღლესი საბჭოს კურთხევა

მასალების გადაბეჭდვის წესი