ახალი ამბები

ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ამერიკული აკადემიის ახალი შენობა საზეიმოდ გაიხსნა

3 დეკემბერი, 2012 • 6109
ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ამერიკული აკადემიის ახალი შენობა საზეიმოდ გაიხსნა

შენობის საზეიმოდ გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ: თიბისი ჯგუფის პრეზიდენტი, ამერიკული აკადემიის დამფუძნებელი და თანათავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე და სკოლის დირექტორი გარი კრიპინი.   

 

ამერიკული აკადემია 2001 წელს  ქართველმა ბიზნესმენებმა – გივი ზალდასტანიშვილმა და მამუკა ხაზარაძემ დააარსეს. 2011 წლის 26 აპრილს საძირკველი ჩაეყარა ამერიკული აკადემიის ახალი, მწვანე კონცეფციაზე დაფუძნებული ნაგებობის მშენებლობას,  რომელიც უმოკლეს ვადაში, წელიწადსა და ოთხ თვეში, 2012 წლის აგვისტოში დასრულდა.

 

შენობის არქიტექტურულ ნაწილზე მუშაობდნენ კომპანიის „არქიტექტს.ჯი“ არქიტექტორები – გაგა კიკნაძე და მარიკა სანაია. მწვანე კონცეფციის შემუშავებაში მონაწილეობა დანიურმა კომპანიამ „ნირასი“ მიიღო.  სამშენებლო სამუშაოები შეასრულა სამშენებლო კომპანიამ – „ენსისი“, ხოლო ჰოლანდიური კომპანია Concern-ი ინტერიერის დიზაინის ავტორია.

 

ამერიკული აკადემიის ახალი შენობა განლაგებულია 4700 კვადრატულ მეტრზე და მოიცავს 33 საკლასო ოთახს, 3 მაღალტექნოლოგიურად აღჭურვილ ლაბორატორიას, 300 მოსწავლეზე გათვლილი აუდიტორიას და კაფეტერიას.

 

აკადემიის ბიბლიოთეკა მოსწავლეებს საინფორმაციო რესურსების ფართო არჩევანს სთავაზობსმოსწავლეთა განკარგულებაშია 24 000 წიგნი.

 

ამჟამად დასრულების პროცესშია აკადემიის სპორტული ბაზის მშენებლობა კალათბურთისა და ფრენბურთის მოედნებით, რომლებიც 776 კვადრატულ მეტრზეა განლაგებული და სრულად პასუხობს აღნიშნული სახეობების საერთაშორისო სტანდარტებს.

 

სკოლის განვითარების მეორე ეტაპზე იგეგმება 25- მეტრიანი საცურაო აუზისა და ხელოვნების ცენტრის მშენებლობა, სადაც თეატრი, საგამოფენო დარბაზი და საცეკვაო სტუდია განთავსდება. 

 

ამერიკული აკადემიის ახალი შენობა ლისზე წარმოადგენს კომპანია „ლისი დეველოპმენტ“-ის „მწვანე ქალაქი ლისის“ პროექტის მნიშვნელოვან ნაწილს. პროექტისათვის “მწვანე ქალაქი ლისი”, რომელიც თბილისში, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ხორციელდება, “ლისი დეველოპმენტმა” ევროპის უძრავი ქონების კონკურსში ხუთვარსკვლავიანი ჯილდო აიღო ნომინაციაში “საუკეთესო მრავალერთეულიანი დეველოპმენტი საქართველოში”. გარდა ამერიკული აკადემიის ახალი შენობისა, პროექტი აერთიანებს საცხოვრებელ კომპლექსს “ლისი ვერანდა”-ს, ლისის ტბის სარეკრეაციო ზოლის განვითარებას, ახალი თერმული წყლების კომპლექსის მშენებლობას და გეგმავს სხვა საინტერესო პროექტებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი