ახალი ამბები

თბილისში რუსთავი 2-ის მხარდამჭერი აქცია-კონცერტი მიმდინარეობს

11 მარტი, 2017 • 2021
თბილისში რუსთავი 2-ის მხარდამჭერი აქცია-კონცერტი მიმდინარეობს

თბილისში, რუსთაველის გამზირზე პარლამენტის ბალანსზე არსებულ შენობასთან ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მხარდამჭერი აქცია-კონცერტი მიმდინარეობს.

ღონისძიებაში მონაწილეობას “რუსთავი 2”-ის მუსიკალური პროექტების მონაწილეებენ და სხვა მუსიკოსები ღებულობენ. ტელეკომპანიას სოლიდარობას უცხადებენ პოლიტიკური პარტიები, მათ შორის, საპარლამენტო უმცირესობა, “რესპუბლიკური პარტია” “ნაციონალური მოძრაობა”, “თავისუფალი დემოკრატები”, “ლეიბორისტული პარტია” და სხვა.

შეკრებილებს სიტყვით რუსთავი 2-ის დირექტორის მოადგილემ, ზაალ უდუმაშვილმა მიმართა. მისი თქმით, ტელევიზიამ ისტორიულ გამარჯვებას მიაღწია:

“თუმცა, ეს ბრძოლის ერთი ეტაპია, სადაც ჩვენ გავიმარჯვეთ. საბოლოო გამარჯვება იქნება მაშინ, როცა ამ ქვეყანაში ვერავინ შეძლებს სიტყვის თავისუფლებაზე ხელის აღმართვას. ჩვენ გვინდა ვაკეთოთ ის, რასაც ვფიქრობთ და რასაც ვამბობთ, რადგან ჩვენი იარაღი სიტყვაა.”

“ევროპული საქართველო” ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით,  საფრთე არ არის ამოწურული და თუ რუსთავი 2-ის წინააღმდეგ ბრძოლას გააგრძელებს, ამ ბრძოლას გადაჰყვება:

” სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით  ჩვენ დავინახეთ რეალურად რა არის ევროპა და რატომ უნდა იყოს საქართველო ევროპული. ეს გადაწყვეტილება აჩვენებს, რომ თუ ჩვენ გვეყოლება თავხედი ხელისუფლება, რომელიც ფეხქვეშ გათელავს კონსტიტუციას, ფეხქვეშ გათელავს ადამიანების უფლებებსა და ინტერესსს, ყოველთვის იარსებებს ინსტანცია, სადაც ადამიანი სამართალს იპოვის. ”

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, მოსამართლეთა პალატა ერთხმად დაეთანხმა მორიგე მოსამართლის მიერ 3 მარტს მიღებულ გადაწყვეტილებას “რუსთავი 2”-ის საქმეზე. მოსამართლეთა პალატის გადაწყვეტილებით, აღსრულება უვადოდ, ანუ საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე შეჩერდა.

2 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ რუსთავი 2-ის 100% ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა.  3 მარტს სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილების აღსრულება 8 მარტამდე შეაჩერა. არასამთავრობო  ორგანიზაციები,  მედიის წარმომადგენლების ნაწილი და  ოპოზიციური პარტიები სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს თხოვდნენ, რომ   რუსთავი 2-თან დაკავშირებით უზენაესის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება   მანამ შეეჩერებინა, ვიდრე ევროსასამართლო საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებას არ გამოიტანს.

მასალების გადაბეჭდვის წესი