ახალი ამბები

დათა ახალაიას ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

3 დეკემბერი, 2012 •
დათა ახალაიას ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ახალაიას და  ალანიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 333– ე მუხლის მესამე ნაწილით (უფლებამოსილების გადამეტება)  და 143–ე მუხლის მეორე ნაწილით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა)  წარედგინათ. 

 

ვინაიდან დათა ახალაია და გერონტი ალანია საქართველოში არ იმყოფებიან , პროკურატურაში მათი ადვოკატები გამოცხადდნენ. მათი განცხადებით, ბრალდება ეხება 2005 წლის იანვრის თვეში მთაწმინდა–კრწანისის მთავარი სამმართველოს სისხლის სამართლის სამძებროს უფროსისის ცემის ფაქტს. 

 

“ის არ იკადრებდა, რომ თავად პოლიციელი სხვა პოლიციელს მიაყენებდა შეურაცხყოფას, ეს არის აბსოლუტური აბსურდი”– განაცხადა ახალაიას ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა. 

 

შეგახსენებთ, რომ 30 ნოემბერს საქართველოს მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა განაცხადა, რომ  კუდ-ის ყოფილ მაღალჩინოსნებს – დათა ახალაიას, იოსებ თოფურიძეს, ოლეგ მელნიკოვსა და გერონტი ალანიას ბრალს წაუყენებს სისხლის სამართლის სამი მუხლით, კერძოდ, წამების, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლებით.

 

კბილაშვილის თქმით, საქმე ეხება 2005 წლის 2 იანვარს რესტორან “ძველ სახლში” ოჯახურ სუფრაზე მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც მაშნდელი შს მინისტრის მეუღლეს – თაკო სალაყაიას მიაყენეს შეურაცხყოფა.

 

ამის შემდეგ, კბილაშვილის განცხადებით, 2005 წლის 5 იანვარს მთაწმინდა-კრწანისის შს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებს, კერძოდ, სამძებროს უფროსსა და პირველი განყოფილების უფროსს ტელეფონით დაუკავშირდა სოსო თოფურიძე და მათ სთხოვა კუდ-ის ოფისში მისვლა დათა ახალაიასთან. აღნიშნული პირები მივიდნენ, სადაც, მთავარი პროკურორის თქმით, პირადად დათა ახალაიამ, სოსო თოფურიძემ, ოლეგ მელნიკოვმა და გერონტი ალანიამ სასტიკად სცემეს სამძებროს უფროსი და გაიყვანეს ცალკე ოთახში.

 

მოგვიანებით პირველი განყოფილების უფროსისგან მათ შეიტყვეს, რომ რესტორანში ინციდენტის მონაწილე არ იყო ნაცემი პოლიციელი, რის შემდეგაც სამძებროს უფროსს ბოდიში მოუხადეს, დაპირდნენ სამსახურებრივ წინსვლას და გამოუშვეს.

 

ამის შემდეგ კუდ-ის შენობაში იმავე პირებმა დაიბარეს მთაწმინდა-კრწანისის შს მთავარი სამმართველოს პირველი განყოფილების სისხლის სამძებროს უფროსი, რომელიც სასტიკად სცემეს, აწამეს და რამდენიმე საათის განმავლობაში აღუკვეთეს თავისუფლება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი