ახალი ამბები

კბილაშვილი: უნდა დადგინდეს, ფაქტებია სინამდვილის შეუსაბამო თუ მერაბიშვილის ჩვენება

2 დეკემბერი, 2012 • • 1211
კბილაშვილი: უნდა დადგინდეს, ფაქტებია სინამდვილის შეუსაბამო თუ მერაბიშვილის ჩვენება

კბილაშვილის თქმით, თუ საკითხს  სამართლებრივად შევხედავთ, მოხდა ფაქტი და საზღვრის გადაკვეთის დროს ინსპექტორს წარედგინა პასპორტი, რომელშიც მან ფოტოზე ამოიცნო ვანო მერაბიშვილი, ხოლო პასპორტი სხვა ადამიანის სახელსა და გვარს ატარებდა:

 

“სამართალდამცავ ორგანოს უფლება არ აქვს, ასეთი ფაქტის შესახებ არ დაიწყოს გამოძიება. გამოძიება ნიშნავს იმას, რომ დაიკითხონ ამ ეპიზოდში მონაწილე ყველა პირი, რომ არ დაიკითხოს ეს ადამიანი, გამოძიება არასრული იქნება და ფორმალურად საქმე შეიძლება იქამდე მივიდეს, რომ გამომძიებელი არ ასრულებს მოვალეობას და მისი პასუხისმგებლობის საქმე დადგეს” 

 

კბილაშვილის განცხადებით, როგორ შეფასებას მისცემს ამ საკითხს კონკრეტული ადამიანი, გემოვნების   და პოლიტიკური მოტივაციის საკითხია:

 

“მაგრამ პროკურატურა იქნება ეს თუ საგამოძიებო სამსახური, იგი ვალდბულია  ეს გააკეთოს და ამას გააკეთებდა ნებისმიერი ხელისუფლება. ის, რომ დაკითხვა ხდება და არა, ვთქვათ, პასუხისგებაში წარდგენა, ამ პროცესის აკადემიურობასა და სიმშვიდეზე მიუთითებს. როგორც მე მითხრეს, ბატონი ვანოს ჩვენებიდან გამომდინარე  იგი უარყოფს ფაქტს ასეთი პასპორტის წარდგენის შესახებ, არადა ის პასპორტი, რომელიც წარედგინა, სხვა ადამიანის სახელით და გვარით ოღონდ მერაბიშვილის სურათით, დადასტურებულია, ბაზაში მოხვდა. მოწმეები, პროტოკოლის თანამშრომლები, ვინც ეს გადასცა ინსპექტორს, ადასტურებენ ამას, წინააღმდეგობაა ბატონი ვანოსა ჩვენებასა  და ფაქტებს შორის, ბუნებრივია, ასეთ პირობებში გამოძიება კიდევ უნდა გაგრძელდეს და დადგინდეს, ფაქტებია სინამდვილის შეუსაბამო თუ ბატონი ვანოს ჩვენება” – განაცხადა კბილაშვილმა. 

 

შეგახსენებთ, რომ ყოფილი პრემიერ და შსს მინისტრის ვანო მერაბიშვილის დაკითხვა გუშინ, პირველ დეკემბერს 8 საათზე დასრულდა, მერაბიშვილი დაკითხვაზე 6 საათზე გამოცხადდა. დაკითხვის შემდეგ ყოფილ პრემიერს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია დაკითხვის დეტალებთან დაკავშირებით, თუმცა აღნიშნა, რომ დასანანია ივანიშვილის მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროს, როგორც რეპრესიული მანქანის,  ოპოზიცის წინააღმდეგ გამოყენება:

 

 “ძალიან სიმბოლური იყო ჩემი ყოფნა პოლიციაში, მე სიამაყით მევსება გული, როცა ვხედავ საქართველოს პატრულს, დასანანია, რომ დღეს პოლიცია, შინაგან საქმეთა სამინისტრო ივანიშვილის მიერ გამოიყენება, როგორც რეპრესიული  მანქანა ოპოზიციური აზრის და ოპოზიციის წინააღმდეგ” –განაცხადა მერაბიშვილამა.

 

შეგახსენებთ, შსს სამინისტრო აცხადებს, რომ 30 ნოემბერს ვანო მერაბიშვილი სახელმწიფო დელეგაციის შემადგენლობაში გამოცხადდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ამავე დელეგაციის შემადგენლობაში ქალაქ ერევანში გამგზავრების მიზნით. საპასპორტო კონტროლის გავლის დროს საქართველოს პრეზიდენტის პროტოკოლის სამსახურის თანამშრომელმა აეროპორტის მესაზღვრე კონტროლიორს წარუდგინა ივანე მერაბიშვილის პასპორტი. მესაზღვრე კონტროლიორმა კანონით დადგენილი პროცედურის გავლის დროს აღმოაჩინა, რომ სინამდვილეში პასპორტი გაცემული იყო ვინმე ლევან მაისურაძის სახელზე, ივანე მერაბიშვილის ფოტოსურათით.

 

სამინისტრო აცხადებს, რომ სახელმწიფო ვიზიტის შეფერხების თავიდან აცილების მიზეზით, “ივანე მერაბიშვილს მიეცა საშუალება წარმოედგინა სხვა, ნამდვილი პასპორტი და მის მიმართ სამართლებრივი პროცედურები მყისიერად არ განხორციელდა. იმავე საღამოს, 23 საათზე, უკან დაბრუნებულმა მერაბიშვილმა პრეზიდენტის ესკორტთან ერთად დატოვა თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, რის გამოც მის მიმართ კანონით დადგენილი საგამოძიებო მოქმედებები ვერ ჩატარდა. დღეს ივანე მერაბიშვილი გამოძახებული და დაკითხული იქნება აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით.”-აცხადებს სამინისტრო.

 

მერაბიშვილის დაკითხვის დასრულების შემდეგ შსს–მ  განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ყოფილი პრემირ მინისტრი და ყოფილი შინაგან სამეთა მინისტრი განმეორებით დაიკითხება, თუმცა ჯერ–ჯერობით ცნობილი არაა, როდის დაიბარებენ მერაბიშვილის განმეორებით. 

 

“დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში, ყალბი დოკუმენტის გამოყენებისა და სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე გამოძიების ფარგლებში, მოწმის სახით დაიკითხა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ივანე მერაბიშვილი. მერაბიშვილი გამოცხადდა დაკითხვაზე, თუმცა პრაქტიკულად არ ითანამშრომლა გამოძიებასთან. მან თავი აარიდა კონკრეტულ კითხვებს. მისი ჩვენება იყო უკიდურესად ზედაპირული და ურთიერთგამომრიცხავი. მან სცადა უარეყო გამოძიების მიერ უტყუარად დადგენილი ფაქტები, რის გამოც გამოძიება გაგრძელდა და განმეორებით დაიკითხებიან საქმეში მონაწილე უკლებლივ ყველა პირი, მათ შორის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის პროტოკოლის თანამშრომლები და ყოფილი პრემიერი ივანე მერაბიშვილი”.–ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებლ განცხადებაში. 

მასალების გადაბეჭდვის წესი