ახალი ამბები

კბილაშვილი: ბუტა რობაქიძის საქმეზე ხვალ ან ზეგ ოქრუაშვილი დაიკითხება

2 დეკემბერი, 2012 •
კბილაშვილი: ბუტა რობაქიძის საქმეზე ხვალ ან ზეგ ოქრუაშვილი დაიკითხება

2004 წლის 24 ნოემბერს, დაახლოებით 02:30 საათზე, თბილისში, წერეთლის გამზირზე, დიდუბის პანთეონის მიმდებარე ტერიტორიაზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა გააჩერა MMW-ს მარკის ავტომანქანა, რომელსაც მართავდა კახაბერ აზარაშვილი. მასთან ერთად იყვნენ მისი მეგობრები: გიორგი ქურდაძე, ლევან დანგაძე, აკაკი ბართაია, ირაკლი მიქაბერიძე და ბუტა რობაქიძე.

 

აღნიშნული პირები გადმოვიდნენ ავტომანქანიდან, რა დროსაც პატრულის დამხმარე ეკიპაჟის წევრმა გიორგი ბაშალეიშვილმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა ბუტა რობაქიძე. ამ დანაშაულისათვის ბაშალეიშვილი გასამართლებულია გაუფრთხილებლობით ჩადენილი მკვლელობისათვის.

 

შემთხვევის ადგილზე ჩხრეკა ჩაუტარდათ ბუტა რობაქიძის მეგობრებს, რომელთაგან გამოძიებამ ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა. ახალგაზრდები მიეცნენ სისხლის სამართლის პასუხისგებაში  ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისათვის. მათ მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმე სასამართლოში დღესაც განხილვის სტადიაშია.

 

გადაცემა პოსტსკრიპტუმის ეთერში კბილაშვილმა ოქრუაშვილის ბრალთან დაკავშირებითაც ისაუბრა. მისი თქმით, პროკურატურა მხარს უჭერს ოქრუაშვიის წინააღმდეგ არსებულ ბრალდებებს, თუმცა შესაძლებელია ის გადაისინჯოს. 

 

“პროკურატურის არსებული პოზიცია არის ის, რომ მხარს უჭრს არსებულ ბრალდებას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს არის საბოლოო პოზიცია, რადგან პროცესუალურად იყო ძალიან ცოტა დრო, რომ პროკურატურის ახალ გუნდს სრულფასოვნად შეესწავლათ მის მიმართ წარდგენილი ბრალდებები, ამიტომ ყოველგვარი გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით, პოზიცია, რომელიც იყო დაფიქსირებული პროკურატურის წინა ხელმძღვანელთა მიერ, ამ ეტაპზე შენარჩუნებულია, თუმცა ვიმეორებ, ეს არ არის საბოლოო პოზიცია და შესაძლებელია ის გადაისინჯოს”– განაცხადა კბილაშვილმა. 

 

ირაკლი ოქრუაშვილი სასამართლო პროცესი, ხვალ 3 დეკემბერს გაიმართება. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი