ახალი ამბები

ღარიბაშვილი: ვანო მერაბიშვილი უბრალოდ ტყუის

2 დეკემბერი, 2012 • • 1047
ღარიბაშვილი:  ვანო მერაბიშვილი უბრალოდ ტყუის

“ჩემთვის ძალიან უხერხული და სამარცხვინოა ის ფაქტი, რომ ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი და ყოფილი პრემიერ მინისტრი არ აღიარებს იმ ფაქტს, რომ დამზადებული იყო სხვა პასპორტი ვინმე ლევან მაისურაძის სახელზე,  ეს ფაქტი დაფიქსირდა თბილისის აეროპორტში. ეს დააფიქსირა პატრულის თანამშრომელმა და დაადასტურა პროტოკოლის თანამშრომელმა. მე პირადად მრცხვენია, რომ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი და ყოფილი პრეიერი არ აღიარებს ამ ფაქტს. ის უბრალოდ ტყუის, როცა აცხადებს, რომ მსგავს ფაქტს არ ჰქონია ადგილი. ნებისმიერ ადამიანს და განსაკუთრებულად ყოფილ პრემიერს და შს მინისტრს უნდა გააჩნდეს საკმარისი ვაჟკაცობა, რომ აღიაროს აღნიშნული ფაქტი”.– განაცხადა ღარიბაშვილმა. 

 

მისი თქმით, გამოძიება გაგრძელდება და დაადგენს ობიექტურ გარემოებებს. 

 

შეგახსენებთ, რომ ყოფილი პრემიერ და შსს მინისტრის ვანო მერაბიშვილის დაკითხვა გუშინ, პირველ დეკემბერს 8 საათზე დასრულდა, მერაბიშვილი დაკითხვაზე 6 საათზე გამოცხადდა. დაკითხვის შემდეგ ყოფილ პრემიერს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია დაკითხვის დეტალებთან დაკავშირებით, თუმცა აღნიშნა, რომ დასანანია, ივანიშვილის მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროს, როგორც რეპრესიული მანქანის,  ოპოზიცის წინააღმდეგ გამოყენება:

 

 “ძალიან სიმბოლური იყო ჩემი ყოფნა პოლიციაში, მე სიამაყით მევსება გული, როცა ვხედავ საქართველოს პატრულს, დასანანია, რომ დღეს პოლიცია, შინაგან საქმეთა სამინისტრო ივანიშვილის მიერ გამოიყენება, როგორც რეპრესიული  მანქანა ოპოზიციური აზრის და ოპოზიციის წინააღმდეგ” –განაცხადა მერაბიშვილამა.

 

შეგახსენებთ, შსს სამინისტრო აცხადებს, რომ 30 ნოემბერს ვანო მერაბიშვილი სახელმწიფო დელეგაციის შემადგენლობაში გამოცხადდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ამავე დელეგაციის შემადგენლობაში ქალაქ ერევანში გამგზავრების მიზნით. საპასპორტო კონტროლის გავლის დროს საქართველოს პრეზიდენტის პროტოკოლის სამსახურის თანამშრომელმა აეროპორტის მესაზღვრე კონტროლიორს წარუდგინა ივანე მერაბიშვილის პასპორტი. მესაზღვრე კონტროლიორმა კანონით დადგენილი პროცედურის გავლის დროს აღმოაჩინა, რომ სინამდვილეში პასპორტი გაცემული იყო ვინმე ლევან მაისურაძის სახელზე, ივანე მერაბიშვილის ფოტოსურათით.

 

სამინისტრო აცხადებს, რომ სახელმწიფო ვიზიტის შეფერხების თავიდან აცილების მიზეზით, “ივანე მერაბიშვილს მიეცა საშუალება წარმოედგინა სხვა, ნამდვილი პასპორტი და მის მიმართ სამართლებრივი პროცედურები მყისიერად არ განხორციელდა. იმავე საღამოს, 23 საათზე, უკან დაბრუნებულმა მერაბიშვილმა პრეზიდენტის ესკორტთან ერთად დატოვა თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, რის გამოც მის მიმართ კანონით დადგენილი საგამოძიებო მოქმედებები ვერ ჩატარდა. დღეს ივანე მერაბიშვილი გამოძახებული და დაკითხული იქნება აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით.”-აცხადებს სამინისტრო.

 

მერაბიშვილის დაკითხვის დასრულების შემდეგ შსს–მ  განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ყოფილი პრემირ მინისტრი და ყოფილი შინაგან სამეთა მინისტრი განმეორებით დაიკითხება, თუმცა ჯერ–ჯერობით ცნობილი არაა, როდის დაიბარებენ მერაბიშვილის განმეორებით. 

 

“დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში, ყალბი დოკუმენტის გამოყენებისა და სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე გამოძიების ფარგლებში, მოწმის სახით დაიკითხა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ივანე მერაბიშვილი. მერაბიშვილი გამოცხადდა დაკითხვაზე, თუმცა პრაქტიკულად არ ითანამშრომლა გამოძიებასთან. მან თავი აარიდა კონკრეტულ კითხვებს. მისი ჩვენება იყო უკიდურესად ზედაპირული და ურთიერთგამომრიცხავი. მან სცადა უარეყო გამოძიების მიერ უტყუარად დადგენილი ფაქტები, რის გამოც გამოძიება გაგრძელდა და განმეორებით დაიკითხებიან საქმეში მონაწილე უკლებლივ ყველა პირი, მათ შორის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის პროტოკოლის თანამშრომლები და ყოფილი პრემიერი ივანე მერაბიშვილი”.–ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებლ განცხადებაში. 

 

ვანო მერაბიშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, იგი იმედს გამოთქვამს, რომ სახელმწიფოს შესაბამისი პასუხისმგებელი პირები აბსურდულ გამოძიებას ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ შეწყვეტენ. 

 

“ყოფილი პრემიერ მინისტრი ვანო მერაბიშვილი იყო დელეგაციის წევრი, როგორც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი. ის მონაწილეობდა ყველა ოფიციალურ შეხვედრაში, მათ შორის ხანგრძლივ პირისპირ შეხვედრაში ევროკომისიის პრეზიდენტთან. ამის შემდეგ დაიწყო ის ავადმყოფური ფანტაზიით შექმნილი ისტორია, რომელსაც საზოგადოება უკვე იცნობს. 

 
თავისთავად ის იდეა, რომ ვანო მერაბიშვილი გამოიყენებდა ყალბ პასპორტს ასეთ ოფიციალურ ვიზიტზე გასამგზავრებლად, იმდენად აბსურდულია, რომ ჩემთვის საერთოდ კომენტარის გაკეთებაც კი ძნელია ამ თემაზე. ის, რომ ვანო მერაბიშვილი, რომლესაც მთელი საქართველო იცნობს, შეეცდებოდა საზღვრის სხვის სახელზე გაცემული, ყალბი პასპორტით გადაკვეთას, რათა მთელი ევროპის ტელეკამერების წინ ჩაეტარებინა ღია შეხვედრა, მხოლოდ ძალიან უგუნურ ადამიანებს შეიძლება მოეფიქრებინათ”– ნათქვამია განცხადებაში. 

მასალების გადაბეჭდვის წესი