ახალი ამბები

პრეზიდენტმა კამპანია “კონსტიტუცია ყველასია” დაიწყო

10 მარტი, 2017 • 2983
პრეზიდენტმა კამპანია “კონსტიტუცია ყველასია” დაიწყო

დღეს, 10 მარტს საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა კამპანია “კონსტიტუცია ყველასია” დაიწყო. მან ისაუბრა კამპანიის მიზნებსა და სამოქმედო გეგმის შესახებ. კამპანიის მიზანია, კონსტიტუციის შექმნის პროცესში ხალხის ჩართულობა და მოქალაქეების მონაწილეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით. ასევე კონსტიტუციისა და კონსტიტუციური ღირებულებების შესახებ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება.

კამპანიის პრეზენტაციას ესწრებიან სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, კონსტიტუციონალისტები, საკონსტიტუციო კომისიის ზოგიერი წევრი, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. შეხვედრაზე არ იმყოფებიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრები.  უმრალესობის წვერმა არჩილ თალაკვაძემ განმარტა, რომ პარლამენტში სესიები მიმდინარეობს და კანონპროექტების განხილვას უმრავლესობის წევრები ვერ გამოტოვებენ. პრეზიდენტთან ღონისძიებაზე დასწრებას ამიტომ ვერ შეძლებენ.

“იმისთვის, რომ კონსტიტუციის ფუნდამენტური გადასინჯვის პროცესი გახდეს ჩვენი საზოგადოების გამთლიანების წინაპირობა, ამისთვის ჩვენ ყველა უნდა ვმონაწილეობდეთ ამ პროცესში. კონსტიტუცია გვაერთიანებს ყველას. კონსტიტუციის ტექსტი იწყება ამაღელვებელი ტექსტით – “ჩვენ საქართველოს მოქალაქენი და შესაბამისად, იმისათვის, რომ ეს დოკუმენტი რეალურ დოკუმენტად იქცეს, მას ხელს ქართველი ხალხი უნდა აწერდეს.” – ამბობს პრეზიდენტი.

მარგველაშვილის განცხადებით, პროექტის ფარგლებში ყველას მიეცემა საშუალება გამოთქვას საკუთარი აზრი კონსტიტუციასთან დაკავშირებით. პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ კამპანია ასევე დაეხმარება სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას.

“ბოლო დროს გაკეთებული განცხადებებიდან, რომელიც ყველამ იცით, იმედია კითხვის ნიშანს საკონსტიტუციო პროცესში ჩემი ჩართულობისა, გარკვეულად პასუხი გაეცა.

საუბარი იყო პრეზიდენტის არჩევის წესის შესახებ და სწორედ ქართული საზოგადოების აქტიური ჩართულობის შედეგად ეს საკითხი გადაწყდა ისე, რომ ეს უფლება ქართველ ხალხს არ წაერთვა. მაგრამ კიდევ ბევრი საკითხია, რომელის თაობაზეც მე პირადად, თქვენი აზრის მოსმენა მაინტერესებს. მე მაინტერსებს რას ფიქრობს ქართული საზოგადოება არჩევნების მოდელის შესახებ. მე მაინტერესებს რას ფიქრობს ქართული საზოგადოება თვითმმართველობის შესახებ. მე მაინტერესებს რას ფიქრობს ქართული საზოგადოება იმის თაობაზე, თუ რამდენად უფრო მეტად და რა მექანიზმებით შეიძლება, საზოგადოება ჩართული იყოს სწორედ, კონსტიტუციის მეშვეობით სახელმწიფო მმართველობის პროცესში. რამდენად და როგორ შეგვიძლია ჩვენ გავააქტიუროთ მაკონტროლებელი როლი საზოგადოებისა, ჩვენს პატივცემულ პოლიტიკოსებზე. მე მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ არ ვქმნით არც ალტერნატიულ პროცესებს და ალტერნატიულ ტექსტს, არამედ ჩვენ ვეხმარებით მიმდინარე პროცესს დემოკრატიის მეშვეობით,” – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კი მიიჩნევს, რომ კამპანიის წამოწყებით პრეზიდენტი ავლენს შემაშფოთებელ უპატივცემულობას ქვეყნის მთავარი დემოკრატიული კონსტიტუციური ინსტიტუტის მიმართ”. კობახიძეს პრეზიდენტთან 3 პრეტენზია აქვს.

პარლამენტის თავმჯდომარემ პრეზიდენტის წინააღმდეგ პირველი განცხადება 4 მარტს გააკეთა, როდესაც თქვა: “თუ საქართველოს პრეზიდენტი გააგრძელებს არაკორექტული განცხადებების კეთებას, ამ შემთხვევაში, ჩვენ შეიძლება ვიფიქროთ ჩვენი პოზიციის გადახედვაზე და ჩვენ შეიძლება ვიფიქროთ იმაზე, რომ პირდაპირი არჩევნები არ ჩავატაროთ მომავალ წელს და პირდაპირ გადავიდეთ არაპირდაპირ არჩევნებზე. კიდევ ერთხელ – თუ პრეზიდენტი გააგრძელებს არაკორექტული განცხადებების გაკეთებას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას”.

კობახიძე მმართველი გუნდის ერთადერთი წარმომადგენელი არ არის, რომელიც 10 მარტის პრეზენტაციის გამო პრეზიდენტს აკრტიკებს. განცხადებები გააკეთეს გედევან ფოფხაძემ და მამუკა მდინარაძემ, ამ უკანასკნელმა პრეზენტაციას “სპექტაკლი” უწოდა.

ამჟამად, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია სამუშაო ჯგუფის დონეზე მუშაობს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მოსამზადებლად. კომისიის მუშაობაში ჩართვაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უარი განაცხადა.

მასალების გადაბეჭდვის წესი