ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე პრეზიდენტისა და მისი ახალი კამპანიის წინააღმდეგ

9 მარტი, 2017 • 4343
ირაკლი კობახიძე პრეზიდენტისა და მისი ახალი კამპანიის წინააღმდეგ

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოს პრეზიდენტს საქართველოს პარლამენტთან და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიათან დაპირისპირებაში ადანაშაულებს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, პრეზიდენტი “ავლენს შემაშფოთებელ უპატივცემულობას ქვეყნის მთავარი დემოკრატიული კონსტიტუციური ინსტიტუტის მიმართ”.

საქამე ეხება პრეზიდენტის კამპანიას საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც ხვალიდან უნდა დაიწყოს.

10 მარტს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება კამპანიის პრეზენტაცია, თუ რა სახის ღონისძიებებს მოიცავს და გულისხმობს აღნიშნული პროცესი, რომელსაც პრეზიდენტი უახლოეს მომავალში დაიწყებს.

“ჩვენ საზოგადოებას, უფრო კონკრეტულად გავაცნობთ სამოქმედო გეგმას და კამპანიის მიზნებს. ზოგადად კი, პროექტი გულისხმობს კონსტიტუციასა და კონსტიტუციური ღირებულებების შესახებ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას, და კონსტიტუციის შექმნის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობა, რაც თავისთავად უზრუნველყოფს დემოკრატიის მთავარ ღირებულებას – მომავალი სახელმწიფო მოწყობის მოდელში და ქვეყნის მართვაში, ხალხის ჩართულობის მეტ გარანტიებს. ამ კამპანიის მიზანია, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ქონდეს შესაძლებლობა საკუთარი მოსაზრება დააფიქსიროს, ჩვენ კი, ამ შეხედულებებს საჯაროს გავხდით და იმედი გვაქვს, ისინი იქნება მოსმენილი და გაზიარებული,”- განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ 7 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე.

ირაკლი კობახიძე ამ საკითხზე პრეზიდენტთან 3 პრეტენზია აქვს:

1.საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრა დანიშნა 10 მარტს, საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომის დღეს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის 34 წევრი საკანონმდებლო ორგანოს წარმოადგენენ და 10 მარტს თავიანთი უშუალო უფლებამოსილების განხორციელებით უნდა იყვნენ დაკავებული. ამით, გიორგი მარგველაშვილმა გამოავლინა ღრმა უპატივცემულობა საქართველოს პარლამენტის მიმართ;

2.საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის ორგანიზება არის საქართველოს პარლამენტის ექსკლუზიური უფლებამოსილება და პასუხისმგებლობა. პრეზიდენტს უფლება აქვს მხოლოდ მხარი დაუჭიროს საქართველოს პარლამენტს აღნიშნული განხილვის ორგანიზებაში. აქედან გამომდინარე, გიორგი მარგველაშვილის ინიციატივა, რომელიც საქართველოს პარლამენტთან ყოველგვარი კონსულტაციის გარეშე გაცხადდა, უხეშად ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს და უნდა შეფასდეს როგორც საქართველოს პარლამენტის უპატივცემულობის მორიგი გამოვლინება;

3.როგორც საქართველოს კანონმდებლობის, ისე რაციონალური ლოგიკის თანახმად, კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა შეიძლება გაიმართოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც მომზადდება და საქართველოს პარლამენტს ინიციატივის წესით წარედგინება კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი. აქედან გამომდინარე, კანონპროექტზე მუშაობის დასრულებამდე 2 თვით ადრე პრეზიდენტის მიერ აღნიშნული ინიციატივის გაცხადება მოკლებულია რაციონალურ საფუძველს და მხოლოდ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობისთვის დაბროლების შექმნას შეიძლება ისახავდეს მიზნად”, – ნათქვამია ირაკლი კობახიძის განცხადებაში.

პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტს მოუწოდებს, “გვერდზე გადადოს ვიწრო პოლიტიკური ინტერესები და პატივი სცეს კონსტიტუციურ ინსტიტუტებს, არ შეუქმნას ხელოვნური დაბრკოლებები სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობას და იმოქმედოს საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის დაცვით”.

ირაკლი კობახიძე მმართველი გუნდის ერთადერთი წარმომადგენელი არ არის, რომელიც 10 მარტის პრეზენტაციის გამო პრეზიდენტს აკრტიკებს. განცხადებები გააკეთეს გედევან ფოფხაძემ და მამუკა მდინარაძემ, ამ უკანასკნელმა პრეზენტაციას “სპექტაკლი” უწოდა.

ირაკლი კობახიძეს დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი გამოეხმაურა:

“ჩვენ ჯერ კიდევ გასული წლის 12 დეკემბერს  ჩავაყენეთ საქმის კურსში საზოგადოება, რომ უზრუნველვყოფდით ძალიან ფართო დისკუსიებს საკონსტიტუციო საკითხებთან დაკავშირებით. რაც შეეხება საკითხს, რომელიც შეეხებოდა პრეზიდენტისადმი აქამდე არსებული მუქარების დანამატს, პრეზიდენტისადმი აქამდე არსებულ მუქარებს დაემატა მუქარა – აკრძალვა, საკონსტიტუციო საკითხებზე ესაუბროს საკუთარ ხალხს, რომლის გარანტიაც თავად პრეზიდენტია, ეს კომენტარს არ საჭიროებს”, – განაცხადა აბაშიშვილმა.

პრეზიდენტის პრესსპიკერი აცხადებს, რომ  ხვალინდელ პრეზენტაციაზე მიწვეული არიან ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები, პოლიტიკური პარტიების, დიპკორპუსის წარმომადგენლები, კონსტიტუციონალისტები, საკონსტიტუციო კომისიის წევრები, მედიის  და საზოგადოების წარმომადგენლები.


 

ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტის წინააღმდეგ პირველი განცხადება 4 მარტს გააკეთა, როდესაც თქვა: “თუ საქართველოს პრეზიდენტი გააგრძელებს არაკორექტული განცხადებების კეთებას, ამ შემთხვევაში, ჩვენ შეიძლება ვიფიქროთ ჩვენი პოზიციის გადახედვაზე და ჩვენ შეიძლება ვიფიქროთ იმაზე, რომ პირდაპირი არჩევნები არ ჩავატაროთ მომავალ წელს და პირდაპირ გადავიდეთ არაპირდაპირ არჩევნებზე. კიდევ ერთხელ – თუ პრეზიდენტი გააგრძელებს არაკორექტული განცხადებების გაკეთებას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას”.

ამჟამად, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია სამუშაო ჯგუფეის დონეზე მუშაობს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მოსამზადებლად. კომისიის მუშაობაში ჩართვაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უარი განაცხადა.

ცვლილებები შეიძლება შეეხოს პრეზიდენტის პირდაპირ არჩევის წესსაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი