ახალი ამბები

ტერიტორიული მთლიანობის კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ სალომე ზურაბიშვილი აირჩიეს

10 მარტი, 2017 • 5568
ტერიტორიული მთლიანობის კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ სალომე ზურაბიშვილი აირჩიეს

დღეს, 10 მარტს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის სხდომა გაიმართა, სადაც თავმჯდომარის მოადგილედ სალომე ზურაბიშვილი, ხოლო კომისიის მდივნად გიორგი მოსიძე აირჩიეს.

“ამ გადაწყვეტილებაში მნიშნელოვანი ის არის, რომ დამოუკიდებელი დეპუტატი აირჩიეს. ტერიტორიული მთლიანობა სახელმწიფოებრივი საკითხია, ზეპარტიული საკითხი, სადაც გადაწყვეტილებები მაქსიმალური კონსესუსით უნდა მივიღოთ,” – ამბობს სალომე ზურაბიშვილი.

კომისიის თავმჯდომარის, გედევან ფოფხაძის  განცხადებით, სალომე ზურაბიშვილის ცოდნა და გამოცდილება კომისიას საქმიანობის ეფექტურ წარმართვაში დაეხმარება:

“პოლიტიკური თვალსაზრისით, სალომე ზურაბიშვილი  ნეიტრალურია, ის დამოუკიდებელი დეპუტატია. აქვს დიპლომატიური საქმიანობის დიდი გამოცდილება. მის ცოდნას კომისია საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობისას გამოიყენებს. კომისის უნდა იყოს ზეპარტიული, პარტიული ინტერესები უკანა პლანზე უნდა გადავიდეს და წინა პლანზე უნდა იყოს ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, ტერიტორიული მთლიანობის საკითხი, რასაც პარტიული ქიშპის პირობებში ვეუ გადავწყვეტთ. ”

 

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის შექმნას პარლამენტმა მხარი 1 მარტს დაუჭირა. შესაბამისი დადგენილება დეპუტატებმა 96 ხმით არც ერთის წინააღმდეგ დაამტკიცეს.

კომისია 2 წლის ვადით შეიქმნა და მისი თავმჯდომარე საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძე არის. უმრავლესობიდან კომისიის წევრები ასევე არიან: გია ვოლსკი, ირინე ფრუიძე, სვეტლანა კუდბა, გიორგი მოსიძე, ედიშერ თოლორაია და ლერი ხაბელოვი.

ოპოზიციიდან კომისიის წევრები – სერგი კაპანაძე, თენგიზ გუნავა, ლელა ქებურია, ლაშა დამენია, რომან გოცირიძე, ადა მარშანია და დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი არის.

დროებითი კომისიის მოთხოვნით სახელმწიფო ორგანოები, თანამდებობის პირები, იურიდიული და ფიზიკური პირები ვალდებულნი არიან, განსაზღვრულ ვადაში, ამ რეგლამენტით დადგენილი წესით, წარმოადგინონ კომისიის მუშაობისათვის აუცილებელი დასკვნები და სხვა საჭირო მასალები.

დროებით კომისიას უფლება აქვს, თავისი საქმიანობის საჭიროებიდან გამომდინარე, ამ რეგლამენტით დადგენილი წესით დასვას მის შემადგენლობაში შემავალი პარლამენტის წევრისათვის საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლების მინიჭების საკითხი.

პარლამენტის რეგლამენტის თანახმად,  პარლამენტის თავმჯდომარე, კომიტეტი, ფრაქცია ან პარლამენტის შემადგენლობის არანაკლებ ერთი მეოთხედი უფლებამოსილია, სათანადო წერილობითი დასაბუთების წარდგენით დააყენოს დროებითი კომისიის შექმნის საკითხი. პარლამენტი კენჭს უყრის აღნიშნული წინადადების მიზანშეწონილობას. თუ წინადადებას მხარს დაუჭერს დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სიითი შემადგენლობის ერთი მეხუთედისა, კენჭისყრაზე დგება დროებითი კომისიის შექმნის შესახებ გადაწყვეტილების პროექტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი