ახალი ამბები

ვანო მერაბიშვილს განმეორებით დაკითხავენ

1 დეკემბერი, 2012 • • 1100
ვანო მერაბიშვილს განმეორებით დაკითხავენ

“დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში, ყალბი დოკუმენტის გამოყენებისა და სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე გამოძიების ფარგლებში, მოწმის სახით დაიკითხა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ივანე მერაბიშვილი. მერაბიშვილი გამოცხადდა დაკითხვაზე, თუმცა პრაქტიკულად არ ითანამშრომლა გამოძიებასთან. მან თავი აარიდა კონკრეტულ კითხვებს. მისი ჩვენება იყო უკიდურესად ზედაპირული და ურთიერთგამომრიცხავი. მან სცადა უარეყო გამოძიების მიერ უტყუარად დადგენილი ფაქტები, რის გამოც გამოძიება გაგრძელდა და განმეორებით დაიკითხებიან საქმეში მონაწილე უკლებლივ ყველა პირი, მათ შორის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის პროტოკოლის თანამშრომლები და ყოფილი პრემიერი ივანე მერაბიშვილი”.–ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებლ განცხადებაში. 

 

ყოფილი პრემიერ და შსს მინისტრის ვანო მერაბიშვილის დაკითხვა დღეს, პირველ დეკემბერს, 8 საათზე დასრულდა, მერაბიშვილი დაკითხვაზე 6 საათზე გამოცხადდა. დაკითხვის შემდეგ ყოფილ პრემიერს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია დაკითხვის დეტალებთან დაკავშირებით, თუმცა მან აღნიშნა, რომ დასანანია, ივანიშვილის მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროს, როგორც რეპრესიული მანქანის,  ოპოზიციის წინააღმდეგ გამოყენება:

 

 “ძალიან სიმბოლური იყო ჩემი ყოფნა პოლიციაში, მე სიამაყით მევსება გული, როცა ვხედავ საქართველოს პატრულს, დასანანია, რომ დღეს პოლიცია, შინაგან საქმეთა სამინისტრო ივანიშვილის მიერ გამოიყენება, როგორც რეპრესიული  მანქანა ოპოზიციური აზრის და ოპოზიციის წინააღმდეგ” –განაცხადა მერაბიშვილამა.

 

მერაბიშვილი დაკითხვაზე ორთაჭალაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს  ძველი შენობის გვერდით მდებარე ე.წ. მეთორმეტე ოთახში დაიბარეს. დაკითხვამდე მან შემდეგ კომენტარი გააკეთა. 

 

“ჩვენს გუნდს მუქარით, შანტაჟით, დაჭერებით ვერ შეგვაშინებს და ხელს არ აგვაღებინებს, რომ შევწყვიტოთ ბრძოლა საქართველოსთვის. მზად ვარ მივიდე ნებისმიერ ადგილას, გავცე ნებისმიერ კითხვას პასუხი,”- განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას შს სამინისტროს საგამოძიებო ნაწილში მისვლამდე ყოფილმა პრემიერ მინისტრმა.

 

შეგახსენებთ, შსს სამინისტრო აცხადებს, რომ 30 ნოემბერს ვანო მერაბიშვილი სახელმწიფო დელეგაციის შემადგენლობაში გამოცხადდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ამავე დელეგაციის შემადგენლობაში ქალაქ ერევანში გამგზავრების მიზნით. საპასპორტო კონტროლის გავლის დროს საქართველოს პრეზიდენტის პროტოკოლის სამსახურის თანამშრომელმა აეროპორტის მესაზღვრე კონტროლიორს წარუდგინა ივანე მერაბიშვილის პასპორტი. მესაზღვრე კონტროლიორმა კანონით დადგენილი პროცედურის გავლის დროს აღმოაჩინა, რომ სინამდვილეში პასპორტი გაცემული იყო ვინმე ლევან მაისურაძის სახელზე, ივანე მერაბიშვილის ფოტოსურათით.

 

სამინისტრო აცხადებს, რომ სახელმწიფო ვიზიტის შეფერხების თავიდან აცილების მიზეზით, “ივანე მერაბიშვილს მიეცა საშუალება წარმოედგინა სხვა, ნამდვილი პასპორტი და მის მიმართ სამართლებრივი პროცედურები მყისიერად არ განხორციელდა. იმავე საღამოს, 23 საათზე, უკან დაბრუნებულმა მერაბიშვილმა პრეზიდენტის ესკორტთან ერთად დატოვა თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, რის გამოც მის მიმართ კანონით დადგენილი საგამოძიებო მოქმედებები ვერ ჩატარდა.დღეს, ივანე მერაბიშვილი გამოძახებული და დაკითხული იქნება აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით.”-აცხადებს სამინისტრო.

 

ვანო მერაბიშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, იგი იმედს გამოთქვამს, რომ სახელმწიფოს შესაბამისი პასუხისმგებელი პირები აბსურდულ გამოძიებას ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ შეწყვეტენ. 

 

“ყოფილი პრემიერ მინისტრი ვანო მერაბიშვილი იყო დელეგაციის წევრი, როგორც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი. ის მონაწილეობდა ყველა ოფიციალურ შეხვედრაში, მათ შორის ხანგრძლივ პირისპირ შეხვედრაში ევროკომისიის პრეზიდენტთან. ამის შემდეგ დაიწყო ის ავადმყოფური ფანტაზიით შექმნილი ისტორია, რომელსაც საზოგადოება უკვე იცნობს. 

 
თავისთავად ის იდეა, რომ ვანო მერაბიშვილი გამოიყენებდა ყალბ პასპორტს ასეთ ოფიციალურ ვიზიტზე გასამგზავრებლად, იმდენად აბსურდულია, რომ ჩემთვის საერთოდ კომენტარის გაკეთებაც კი ძნელია ამ თემაზე. ის, რომ ვანო მერაბიშვილი, რომლესაც მთელი საქართველო იცნობს, შეეცდებოდა საზღვრის სხვის სახელზე გაცემული, ყალბი პასპორტით გადაკვეთას, რათა მთელი ევროპის ტელეკამერების წინ ჩაეტარებინა ღია შეხვედრა, მხოლოდ ძალიან უგუნურ ადამიანებს შეიძლება მოეფიქრებინათ”– ნათქვამია განცხადებაში. 

მასალების გადაბეჭდვის წესი