ახალი ამბებისაზოგადოებასამართალი

სახელმწიფოს მიერ სამართალდარღვევად მიჩნეული პროტესტის უფლება

9 მარტი, 2017 • 2899
სახელმწიფოს მიერ სამართალდარღვევად მიჩნეული პროტესტის უფლება

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 10 საქმის ანალიზიდან, მხოლოდ ერთი საქმეა, რომელიც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ მომზადებულ კვლევაში “სამართალდარღვევას მიჩნეული პროტესტი” აღწერილია როგორც შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების დაცვის წარმატებული მაგალითი. ესაა შემთხვევა, როდესაც თბილისის საქალაქო სასამართლომ აქციის მონაწილეთა მშვიდობიანი შეკრების უფლების დარღვევა დაადგინა და დემონსტრანტებს შესაძლებლობა მისცა პროტესტი მათ მიერ შერჩეულ ადგილას და მათთვის სასურველი ფორმით გამოეხატათ.

კვლევის ავტორმა ნონა ქურდოვანიძემ დღეს, 9 მარტს ანგარიშის პრეზენტაცია იმ პოლიციელზე საუბრით დაიწყო, რომელმაც გუშინ 8 მარტს ფემინისტების მიერ “ქალთა საერთაშორისო დღესთან” დაკავშირებით გამართული აქციით გაღიზიანებულ მოქალაქეს აქციის ჩაშლის საშუალება არ მისცა და განუმარტა, რომ მოქალაქეები თავის კონსტიტუციური უფლებით სარგებლობდნენ. მიუხედავად წარმატებული მაგალითისა, კვლევაში, რომელიც “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” წარმოადგინა ნათქვამია, რომ სწორედ პოლიცია ერევა უხეშად ადამიანის კონსტიტუციური უფლების განხორციელებაში.

“ერთის მხრივ  ჩვენი კონსტიტუცია ფუნდამენტურ უფლებად ასახავს და იცავს შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებას, იმ პირობით თუ ის არის მშვიდობიანი, მაგრამ პრაქტიკაში ჩვენ ვხედავთ, რომ ამ უფლებებს ემუქრება არამართლზომიერი და უკანონო ჩარევის საფრთხე, და სამწუხაროდ ეს ხშირად კეთდება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსზე დაყრდნობით, გარდა იმისა, რომ პოლიცია არასათანადოდ ერევა უფლების განხორციელებაში და არ აძლევს საშუალებას მანიფესტანტებს თავიანთი პროტესტი დააფიქსირონ და ბოლომდე განახორციელონ ეს უფლება. პრობლემას წარმოადგენს ისიც რომ უფლებაში ჩარევის სასამართლო კონტროლი არ არის სათანადო დონე, რაც ნიშნავს იმას, რომ არ არსებობს დარღვეული უფლების აღდგენის შესაძლებლობა”,- განაცხადა “საიას” ხელმძღვანელმა ანა ნაცვლიშვილმა.

2015-2016 წლებში საიას წარმოებაში არსებული მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებებთან კავშირში არსებული სამართალდარღვევის საქმეების სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ანალიზის შედეგად ორგანიზაციამ 20 პუნქტად ჩამოაყალიბა ის მიგნებები რაც გამოხატვის თავისუფლებას აქციის ან პროტესტის სახით თან ახლავს.

ის რომ შეკრებების მიმდინარეობისას აქციის ცალკეული მონაწილეების მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული მექანიზმების გამოყენებისას,  შინაგან საქმეთა სამინისტრო საკუთარ საქმიანობაში არ იცავს პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპს, ერთ-ერთი მიგნებაა, რომელსაც საია მნიშვნელოვნად მიიჩნევს.

ანგარიშში მოყვანილია 2015 წლის ზაფხულში ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ს მიერ სხვადასხვა ქალაქში დაგეგმილი აქცია-კონცერტების ჩატარების შემთხვევები, როდესაც მათ ჩატარებაში ტელეკომპანიას ხელი შეეშალა. საია მიიჩნევს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ დაუსაბუთებელი მოტივებით უზღუდავდნენ კონცერტის ჩატარების ადგილს.

ანგარიშში ასევე მოხვდა 2016 წლის ივლისში ახალციხეში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ დაგეგმილი აქცია, რაზეც პოლიტიკურ პარტიას აცნობეს, რომ შეკრებებისთვის ქალაქში გამოყოფილი იყო ერთი კონკრეტული ადგილი და სწორედ ამ ადგილას შეეძლოთ მათაც აქციის გამართვა. საიაც ცნობით კი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ შეკრებების ჩასატარებლად ქალაქში კონკრეტული ადგილის წინასწარ განსაზღვრა, ეწინააღმდეგება შეკრების უფლების არსს.

ამას გარდა, 2015 წლის ივლისში მთავრობის კანცელარიასთან დაგეგმილი აქციის “Stop Russia”-ს დაწყებამდე, აქციის ორგანიზატორებს პოლიციის თანამშრომლები არ აძლევდნენ კანცელარიის შენობის მიმდებარედ სცენის დამონტაჟების შესაძლებლობას.  მოგვიანებით, პოლიციის თანამშრომლებმა აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი დააკავეს, გარკვეული პერიოდის მანძილზე ასევე დაუდგენელი იყო იმ ავტომანქანის ადგილსამყოფელი, რომელიც პოლიციის მითითებით გადაადგილდა და რომელშიც სცენის კონსტრუქცია იყო მოთავსებული.

“მართალია, აქციის ჩატარება საბოლოოდ მაინც მოხერხდა, თუმცა, აქციის დაწყებამდე განვითარებული მოვლენები აშკარად წარმოადგენდა შეკრების უფლებაში გაუმართლებელ ჩარევას და მიზნად ისახავდა აქციის გამართვის შეფერხებას ან ჩაშლას”,- ვკითხულობთ კვლევაში.

“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” ასევე გამოყოფს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის პრაქტიკაში ინტერპრეტაციას. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ  პოლიცია ამ მუხლს, როგორც რეპრესიულ მექანიზმს იყენებს და ხელისუფლებისათვის არასასურველი შინაარსის გამოხატვის ფორმებს “იერსახის დამახინჯებად” შეფასების  და აქტივისტების დასჯის შესაძლებლობას აძლევს.

მაგალითად 2015 წლის 16 ოქტომბერს პოლიციამ დააკავა ტელეკომპანია “ტაბულას“ ხელმძღვანელი და მასთან ერთად მყოფი ორი პირი. დაკავებულები თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ოპერის შენობის წინ განთავსებულ სამშენებლო ღობეზე საინფორმაციო პლაკატს აკრავდნენ, პლაკატზე კი ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი იყო გამოსახული.

საია მიიჩნევს, რომ კითხვის ნიშნები ჩნდება იმ შემთხვევებში, როდესაც პოლიცია ვერ (არ) უზრუნველყოფს შეკრებების დროს ძალადობრივი ქმედებების ეფექტურ მენეჯმენტს. მაგალითად, 2015 წლის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა კუთხეში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისებთან შეკრებილი პირების მიერ ოფისების დარბევისას პოლიციელთა მხრიდან გამოვლენილი არაეფექტურობა. პოლიციამ ასევე არ გაატარა სათანადო ზომები საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების სახლებთან გამართული შეკრებების დროს. თუმცა, 2015 წლის 25 დეკემბერს საქართველოს იუსტიციის საბჭოს შენობის წინ მიმდინარე აქციაზე პოლიციამ დააკავა ბეჟან გუნავა და ირაკლი კაკაბაძე, რომლებიც აქციის სხვა მონაწილეებთან ერთად მოსამართლედ ლევან მურუსიძის შესაძლო დანიშვნას აპროტესტებდნენ.

“ამგვარი მოქმედებები აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ პოლიცია შემწყნარებელია უკანონო და ძალადობრივი მოქმედებების მიმართ, როდესაც შეკრების ადრესატი მმართველი სახელისუფლებო ძალა არ არის. პოლიციის ამგვარი ქმედება აჩენს განცდას, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო საკუთარ საქმიანობაში არ იცავს პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპს”,- ვკითხულობთ ანგარიშში.

პოზიტიური პრაქტიკა

მართალი შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების კონტექსტში ორგანიზაციას სასამართლოს მიმართაც აქვს მთელი რიგი შენიშვნები, თუმცა წარმატებული პრაქტიკის მაგალითი, სწორედ სასამართლოს გადაწყვეტილებას უკავშირდება.

2016 წლის 25 აგვისტოს თბილისის მერიამ “პარტიზანული მებაღეობის” წევრებს არ მისცა შესაძლებლობა, თბილისის მერიის შენობის წინ მდებარე სკვერში, კარავი განეთავსებინათ და ამ ფორმით გაეგრძელებინათ მშვიდობიანი შეკრება. თბილისის საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ დაირღვა აქციის მონაწილეთა მშვიდობიანი შეკრების უფლება და განმარტა:

“ადმინისტრაციული ორგანო, რომლის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზეც ტარდება შეკრება ან მანიფესტაცია, შენობის ბლოკირებისა და დაწესებულების საქმიანობის შეფერხების თავიდან აცილების მიზნით, უფლებამოსილია, დააწესოს შეზღუდვა შეკრების ან მანიფესტაციის შენობიდან მოშორებით ჩატარებასთან დაკავშირებით, მაგრამ არა უმეტეს ოცი მეტრისა […] გადაწყვეტილება მიიღება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, არსებული გარემოებისა და საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით […] ისე, რომ შეკრებისა და მანიფესტაციის კონსტიტუციური უფლების არსი არ იყოს უგულებელყოფილი”, – ვკითხულობთ კვლევაში.

საია გეგმავს, რომ საკანონმდებლო ინიციატივებით საკანონმდებლო ორგანოს მიმართოს და ამგვარად აღმოიფხვრას ის ხარვეზები, რაც ადამიანებს არ აძლევს საშუალებას თავისუფლად გამოხატოს აზრი საჯარო სივრცეში, თუმცა ანა ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ პრობლემა ფრაგმენტული ინიციატივებით ვერ აღმოიფხვრება და სისტემურ მიდგომას საჭიროებს, განსაკუთრებით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, რომელიც მოძველებული დოკუმენტია და განახლებას საჭიროებს. პირველი შეთავაზება ორგანიზაციამ კვლევის პრეზენტაციისას მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლისგან, რომ არსებული პრობლემები სამუშაო შეხვედრის ფარგლებში განიხილონ:

“მთელი რიგი გადამზადების პროგრამები არსებობს, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ახორციელებს, არასამთავრობო სექტორიც ჩართულია ტრენინგებთან დაკავშირებით და ყოველთვის ღიაობას გამოვხატავთ. იმას რომ სტანდარტები არ შეცვლილა შინაგან საქმეთა სამინისტროში, ამას ვერ დავეთანხმები, ჩვენ შესაძლებლობის ფარგლებში ვაკეთებთ მაქსიმუმს, რომ ეს მანკიერი პრაქტიკა თუ არსებობდა ან არსებობს, აღმოვფხვრათ და წინ წავიდეთ ამ მიმართულებით”- განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს კვლევისა და განვითარების დეპარტამენტის დირექტორმა ბუბა ლომუაშვილმა.

ანგარიშის სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.


მასალების გადაბეჭდვის წესი