ახალი ამბები

სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ მერაბიშვილის საქმეზე ზეპირი მოსმენა დაასრულა

8 მარტი, 2017 • 2517
სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ მერაბიშვილის საქმეზე ზეპირი მოსმენა დაასრულა

დღეს, 8 მარტს, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში დიდმა პალატამ განიხილა საქართველოს მთავრობის საჩივარი, რომლითაც, იუსტიციის სამინისტრომ ივანე მერაბიშვილის საქმეზე ამავე სასამართლოს მიერ 2016 წლის 14 ივნისს გამოტანილი გადაწყვეტილება გაასაჩივრა.

ვანო მერაბიშვილის ადვოკატის, ოთარ კახიძის განცხადებით, ევროსასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებას უახლოეს თვეებში ელიან.

კახიძის თქმითვე, დღევანდელ ზეპირ მოსმენაზე იურსტიციის სამინისტრომ, რომელსაც სხდომაზე იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე, ალექსანდრე ბარამიძე წარმოადგენდა, ვერ წარმოადგინა ვერცერთი ხელშესახებუ მტკიცებულება, რომელიც გააბათილებდა ვანო მერაბიშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ იგი საკნიდან გაიყვანეს.

“მათ სასამართლოს მიუტანეს რაღაც გაურკვეველი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ოთარ ფარცხალაძე კომპიუტერთან რაღაც მოქმედებებს ახორციელებდა, ოღონდ, ეს მოქმედებები ფარცხალაძემ დაასრულა, მათივე მტკიცებით, 1 საათსა 25 წუთზე და მერაბიშვილის გაყვანა მოხდა აქედან 20 წუთის შემდეგ,”- განუცხადა ჟურნალისტებს სტრასბურგში ოთარ კახიძემ.

ალექსადრე ბარამიძემ კი განაცხადა, რომ მყარი არგუმენტები აქვთ:

“ძალიან დიდი იმედით ვართ განწყობილნი, რომ ამ საქმეზე კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევას ადგილი არ ექნება, როგორც ამას დიდი პალატა მიიჩნევს. თუმცა, რასაკვირველია უნდა დაველოდოთ დიდი პალატის გადაწყვეტილებას,”-განაცხადა ალექსანდრე ბარამიძემ.

14 ივნისის გადაწყვეტილებით სტრასბურგის სასამართლოს პალატამ 7 მოსამართლის შემადგენლობით ერთხმად დაადგინა, რომ ივანე მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა იყო კანონიერი, თუმცამ “ასევე, გამოიყენებოდა მასზე ზეწოლის მოხდენის საშუალებად”.

გაჩნდა კითხვის ნიშანი 2013 წლის 14 დეკემბერს მერაბიშვილის საკნიდან სავარაუდო გაყვანის ეპიზოდთან დაკავშირებით, რასაც არ დაეთანხმა საქართველოს იუსტაციის სამინისტრო და კონვენციით დადგენილ ვადაში, 2016 წლის 13 სექტემბერს, ეს გადაწყვეტილება დიდ პალატაში გაასაჩივრა.

იუსტიციის სამინისტროს საჩივარი ეყრდნობოდა იმას, რომ მერაბიშვილის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება იყო სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკაში პირველი შემთხვევა, რომელიც კონვენციის მე-18 მუხლთან დაკავშირებულ ამავე სასამართლოს პრეცედენტებს ეწინააღმდეგებოდა. იუსტიციის სამინისტროს საჩივარი, სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ 2016 წლის 17 ოქტომბერს დააკმაყოფილა საქმის ხელახალი განხილვა დღეს, 8 მარტს დაიწყო.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი