ახალი ამბები

ევროკავშირში უვიზოდ მოგზაურობას საქართველოს მოქალაქეები 28 მარტიდან შეძლებენ

8 მარტი, 2017 • 2328
ევროკავშირში უვიზოდ მოგზაურობას საქართველოს მოქალაქეები 28 მარტიდან შეძლებენ

გადაწყვეტილება საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებისა და შეჩერების მექანიზმის ამოქმედების შესახებ 539/2001 რეგულაციის ცვლილება ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში დღეს, 8 მარტს გამოქვეყნდა, რომლის თანახმად საქართველომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის მქონე ქვეყნების სიაში გადაინაცვლა.

ჟურნალში გამოქვეყნებიდან 20 დღის ვადაში გადაწყვეტილება უკვე ძალაშია, რაც იმას ნიშნავს, რომ 28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეები, ვისაც ბიომეტრიული პასპორტი აქვს ევროკავშირის ქვეყნებში კონკრეტულად კი შენგენის ზონაში ვიზის გარეშე მოგზაურობას შეძლებენ. მოგზაურობისას შეგეძლებათ შენგენის ზონაში 180 დღის მანძილზე 90 დღე დარჩეთ.

“უვიზო მიმოსვლით საქართველოს მოქალაქეებისათვის ხელმისაწვდომი გახდება ახალი შესაძლებლობები, რომლებიც უკავშირდება დაუბრკოლებლად მოგზაურობას ევროპის ქვეყნებში, ამ ქვეყნების უკეთ გაცნობას და კონტაქტების დამყარებას. უვიზო მიმოსვლის შემოღება ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას, ბიზნეს-კავშირების გაღრმავებას, სტუდენტების გაცვლითი პროგრამების გააქტიურებას და პარტნიორული კავშირების ჩამოყალიბებას. უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული ყველა სარგებელი ხელმისაწვდომი იქნება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისათვის”,- ნათქვამია საგარეო სქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ევროპარლამენტმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას 2 თებერვალს, მხარი დაუჭირა. საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას ხმა მისცა 553-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი აღმოჩნდა 66, ხოლო თავი შეიკავა 28 დეპუტატმა.

რა საბუთები დაგჭირდებათ უვიზო მიმოსვლით სარგებლობისთვის, რომელ ქვეყნებშ შეგიძლიათ მოგზაურობა და დამატებითი დეტალების შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ აღნიშნულ ბმულზე. 

მასალების გადაბეჭდვის წესი