საზოგადოება

როგორ ვიმოგზაუროთ ევროპაში უვიზოდ? – პასუხი ყველა კითხვაზე

2 თებერვალი, 2017 •
როგორ ვიმოგზაუროთ ევროპაში უვიზოდ? – პასუხი ყველა კითხვაზე

გთავაზობთ ევროკავშირში უვიზოდ მოგზაურობის გზამკვლევს, რომელიც ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ არის მომზადებული.

[red_box]რას ნიშნავს უვიზო რეჟიმი?[/red_box]

უვიზო რეჟიმი გულისხმობს თავისუფალ გადაადგილებას შენგენის ზონის ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავს ევროკავშირის 22 წევრ  ქვეყანას, ევროკავშირის 4 არაწევრ ქვეყანას და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანას:

წევრი ქვეყნები: ავსტრია, ბელგია, გერმანია, დანია, ესპანეთი, ესტონეთი, იტალია, ლატვია, ლიტვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, საბერძნეთი, საფრანგეთი, სლოვენია, სლოვაკეთი, უნგრეთი, ფინეთი, შვედეთი, ჩეხეთი.

არაწევრი ქვეყნები: ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია და შვეიცარია;

კანდიდატი ქვეყნები: ბულგარეთი, კვიპროსი, რუმინეთი, ხორვატია;

გამონაკლისს წარმოადგენს ევროკავშირის 2 წევრი ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი და ირლანდია

 

Shengen-Zone

[red_box]რა დროის განმავლობაში შემიძლია ვიმყოფებოდე ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე[/red_box]

  • უვიზო რეჟიმი შესაძლებლობას აძლევს საქართველოს მოქალაქეებს, ვიზის გარეშე განახორციელონ მხოლოდ მოკლევადიანი ვიზიტები;
  • მოკლევადიანი ვიზიტი გულისხმობს 90 დღეს ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში;
  • ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებში 90 დღის პერიოდით ყოფნის შემდეგ საქართველოს მოქალაქემ უნდა დატოვოს ამ ქვეყნის ტერიტორია. ევროკავშირის/შენგენის სივრცეში მომდევნო შესვლა შესაძლებელია მომდევნო 90 დღის (ჯამში, 180 დღე) პერიოდის გასვლის შემდეგ;
  • მოკლევადიანი ვიზიტი შესაძლებელია განხორციელდეს სხვადასხვა მიზნით: ტურისტული, ოჯახის წევრების/ახლობლების მონახულება, ბიზნეს-შეხვედრები, მოკლევადიანი სასწავლო და გაცვლითი პროგრამები/ტრეინინგი, კურსები, კულტურულ ან სამეცნიერო ღონისძიებებში მონაწილეობა, მკურნალობა და სხვა. ნებისმიერი ასეთი ვიზიტის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 90 დღეს;
  • უვიზო რეჟიმი არ შეეხება ევროკავშირის/შენგენის წევრ სახელმწიფოებში გრძელვადიან ვიზიტებს განათლების მიღების, მუშაობის ან სხვა მიზნით;

ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე ხანგრძლივი პერიოდით დარჩენის სურვილის შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეებმა უნდა მიმართონ საქართველოში აკრედიტებულ შესაბამისი ქვეყნის საკონსულოს  ვიზის მისაღებად.

[red_box]შეიძლება თუ არა 90-დღიან პერიოდში მრავალჯერადი შესვლა ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე?[/red_box]

დიახ, თუმცა საჭიროა დარწმუნდეთ, რომ თქვენი ვიზიტის ხანგრძლივობა არ აღემატება, ჯამში, 90 დღეს უკანასკნელი 180 დღის განმავლობაში; რეკომენდებულია ისარგებლოთ შენგენის ზონაში ყოფნის დასაშვები პერიოდის გამოსათვლელი სპეციალური კალკულატორით.

 

[red_box]რა საბუთებია საჭირო?[/red_box]

მოქმედი ბიომეტრიული პასპორტი, რომლის მოქმედების ვადა არ უდნა იყოს 6 თვეზე ნაკლები საქართველოში დაბრუნების დღისთვის.

[red_box]სად და როგორ შემიძლია ავიღო ბიომეტრიული პასპორტი?[/red_box]

პასპორტის მისაღებად მიმართეთ იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურს, ნებისმიერ საზოგადოებრივ ცენტრს, ექსპრეს საზოგადოებრივ ცენტრს, საზღვარგარეთ საქართველოს ნებისმიერ საელჩოს/საკონსულოს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დისტანციური მომსახურების სამსახურს.

 

[red_box]შემიძლია თუ არა ვიმოგზაურო ბიომეტრიული პასპორტის გარეშე?[/red_box]

ევროკავშირის/შენგენის ზონაში ბიომეტრიული პასპორტის გარეშე უვიზოდ შესვლა შეუძლებელია. ბიომეტრიული პასპორტის არქონის შემთხვევაში ვიზის მისაღებად განაცხადით უნდა მიმართოთ ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნების საელჩოებს, რომლებიც აკრედიტებულნი არიან საქართველოში.

[red_box]რა კითხვები შეიძლება დაგისვათ ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე შესვლისას სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელმა და რა საბუთების მოთხოვნის უფლება აქვს მას?[/red_box]

მოქმედი ბიომეტრიული პასპორტი, რომლის მოქმედების ვადა არ უნდა იყოს 6 თვეზე ნაკლები საქართველოში დაბრუნების დღისთვის;

გაქვთ, თუ არა მგზავრობის მკაფიოდ ჩამოყალიბებული მიზანი? (მაგ.: საქმიანი მგზავრობა, ტურიზმი, მეგობრების ან ნათესავების მონახულება, სასწავლო კურსი 90 დღემდე ვადით).

მგზავრობის მიზნის დასადასტურებლად სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელმა შეიძლება მოგთხოვოთ შემდეგი სახის საბუთები:

[red_box]ტურიზმი და დასვენება:[/red_box]

უკან დასაბრუნებელი სამგზავრო ბილეთი

სასტუმროს ჯავშანი;

სამოგზაურო დაზღვევა;

მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი. (ნაღდი ფული, სამგზავრო ჩეკი, მოქმედი საბანკო ელექტრონული ბარათები და ა.შ.) ხშირ შემთხვევაში, აღნიშნული თანხა არ აღემატება დღეში 50 ევროს სასტუმროს ჯავშნის არსებობისას.

[red_box]მონაწილეობა კონფერენციებში, სემინარებში, საქმიან შეხვედრებში და ა.შ.[/red_box]

იმ ღონისძიების/კონფერენციის, სემინარის მოწვევა/პროგრამა, რომელშიც მონაწილეობთ;

სასტუმროს ჯავშანი;

სამოგზაურო დაზღვევა

უკან დასაბრუნებელი ბილეთი;

მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი. (ნაღდი ფული, სამგზავრო ჩეკი, მოქმედი საბანკო ელექტრონული ბარათები და ა.შ.) ხშირ შემთხვევაში, აღნიშნული თანხა არ აღემატება დღეში 50 ევროს სასტუმროს ჯავშნის არსებობისას.

 [red_box]ნათესავების, მეგობრების მონახულება[/red_box]

მიმღები პირის საკონტაქტო მონაცემები (მისამართი, ტელეფონის ნომერი და სხვ.);

იმ პირის ბინადრობის ნებართვის ან შესაბამის ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ასლი, რომლის მოსანახულებლადაც მიემგზავრებით;

სამოგზაურო დაზღვევა;

უკან დასაბრუნებელი ბილეთი;

მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი (ნაღდი ფული, სამგზავრო ჩეკი, მოქმედი საბანკო ელექტრონული ბარათები და ა.შ.).

[red_box]მკურნალობა[/red_box]

იმ სამედიცინო დაწესებულების თანხმობა, რომელშიც გეგმავთ მკურნალობას ან/და საქართველოს სამედიცინო დაწესებულების რეკომენდაცია, ჩაიტაროთ შესაბამისი მკურნალობა ევროკავშირის წევრ-ქვეყანაში;.

სამედიცინო დაზღვევა მგზავრობის მთელი პერიოდისთვის;

უკან დასაბრუნებელი ბილეთი;

მგზავრობისა და მკურნალობის ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი (თანხა ნაღდი სახით, სამგზავრო ჩეკი, მოქმედი საბანკო ელექტრონული ბარათები, გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი და ა.შ.)

[red_box]საქართველოს მოქალაქეები ვალდებულნი არიან დაიცვან:[/red_box]

შენგენის ქვეყნების ტერიტორიაზე არსებული შესვლისა და ყოფნის წესები (შენგენის ტერიტორიაზე ყოფნის პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს 90 დღეს ნებისმიერი 180-დღიანი პერიოდის განმავლობაში);

ადგილობრივი კანონმდებლობა, საავტომობილო მოძრაობის წესები  და საზოგადოებრივი წესრიგი;

ნებადართული ყოფნის პერიოდში სხვა სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში საქართველოს მოქალაქე დაექვემდებარება დეპორტაციას (გაძევება) ან/და დაეკისრება  შესაბამისი პასუხისმგებლობა ადგილსამყოფელი ქვეყნის კანონმდებლობის თანახმად, რასაც ყოველთვის მოსდევს ქვეყანაში შესვლის აკრძალვა 5 წლამდე პერიოდით.

[red_box]რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ დავარღვევ ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე შესვლისა და ყოფნის წესებს?[/red_box]

ქვეყანაში 90-დღიანი ყოფნის ვადის გადაცილების შემთხვევაში, შენგენის ქვეყნის ტერიტორიაზე ყოფნა ჩაითვლება არალეგალურად და ასეთი პირი დაექვემდებარება რეადმისიას (საქართველოში დაბრუნებას). ამასთან, ასეთ შემთხვევაში მოქალაქეს შეეზღუდება შენგენის ტერიტორიაზე შესვლა 5 წლამდე პერიოდით. ალტერნატივის სახით, შესაძლოა, გამოყენებული იქნას ადმინისტრაციული ზომები/ჯარიმა 3000 ევრომდე ოდენობით. ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში, კანონდამრღვევს აეკრძალება შესვლა შესაბამის ქვეყანაში ან შენგენის ტერიტორიაზე;

[red_box]შენგენის/ევროკავშირის ტერიტორიაზე შესასვლელად საქართველოს მოქალაქე[/red_box]

არ უნდა იყოს იმ პირთა სიაში, რომლებიც საფრთხეს უქმნიან საზოგადოებრივ წესრიგსა და ჯანმრთელობას, ან შიდა უსაფრთხოებას;

არ უნდა იყოს იმ პირთა სიაში, რომლებსაც აკრძალული აქვთ ზემოხსენებული ქვეყნებიდან მინიმუმ ერთ ქვეყანაში შესვლა;

არ უნდა იყოს ნასამართლევი შენგენის/ევროკავშირის წევრ ნებისმიერ ქვეყანაში სისხლის სამართლის ისეთი დანაშაულისთვის, რომელიც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას მინიმუმ 1 წლით;

არ უნდა იყოს ქვეყნიდან გაძევების (დეპორტაცია) ან უკან დაბრუნების (რეადმისია) შესახებ გადაწყვეტილების ობიექტი;

არ უნდა არსებობდეს დანაშაულებრივ საქმიანობაში მისი მონაწილეობის, ან ასეთი განზრახვის შესახებ უტყუარი მტკიცებულებები.

UPDATE 20.03.17. 17:00 საათი –  წაიკითხეთ პასუხები მოქალაქეების მიერ ყველაზე ხშირად დასმულ შეკითხვებზე.


შეავსეთ ჩვენს მიერ მომზადებული ტესტი და გაიგეთ რამდენად კარგად იცნობთ ევროპაში უვიზოდ მოგზაურობის წესებს:

მასალების გადაბეჭდვის წესი