ახალი ამბები

ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის აღსანიშნავად თბილისში კონცერტი გაიმართება

2 თებერვალი, 2017 • 3320
ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის აღსანიშნავად თბილისში კონცერტი გაიმართება

საქართველოს მთავრობის ინიციატივით, ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გაუქმების აღსანიშნავად, დღეს 2 თებერვალს, თბილისში ბიგ ბენდის კონცერტი სახელმწოდებით ევროპისკენ გაიმართება.

კონცერტი აღმაშენებლის გამზირზე, განახლებულ ახალ თბილისში გაიმართება. ღონისძიება 19:00 საათზე დაიწყება და 21:00 საათამდე გასტანს.

ევროპარლამენტმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას დღეს, 2 თებერვალს, მხარი დაუჭირა. საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას ხმა მისცა 553-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი აღმოჩნდა 66, ხოლო თავი შეიკავა 28 დეპუტატმა.

ეს იყო ევროპარლამენტის ფინალური კენჭისყრა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხზე, თუმცა უვიზო რეჟიმის ამოქმედებამდე კიდევ რჩება რამდენიმე პროცედურა:

  • შემდგომი პროცედურის თანახმად, რეგულაციას  დაამტკიცებს ევროკავშირის საბჭო მინისტრების დონეზე.
  • ევროპარლამენტის პრეზიდენტისა და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენლის მიერ საკანონმდებლო ცვლილების ხელმოწერის შემდეგ რეგულაცია გამოქვეყნდება ოფიციალურ ჟურნალში.
  • ამის შემდეგ უვიზო რეჟიმი ოფიციალურად 20 დღეში ძალაშია, თუმცა საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდება შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებული განახლებული რეგულაციის ძალაში შესვლასთან ერთად. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტის, რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით, ევროპარლამენტში შეჩერების მექნიზმზე კენჭისყრა ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოში თებერვლის ბოლომდე დასრულდება.

საქართველოს მთავრობაში ვარაუდობენ, რომ უვიზო რეჟიმი საბოლოოდ ძალაში მარტის ბოლოდან ან აპრილის დასაწყისიდან შევა.

“იმედი გვაქვს, რომ დარჩენილი საკანონმდებლო პროცედურები უახლოეს პერიოდში დასრულდება და საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ ბიომეტრიულ პასპორტს, შეძლებენ ისარგებლონ ევროკავშირის/ შენგენის წევრ ქვეყნებში მოკლევადიანი უვიზო მიმოსვლის რეჟიმით (90 დღე 180 დღის განმავლობაში)”, – აცხადებენ საქართველოს საგარეო უწყებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი