ახალი ამბები

გამრეკელაშვილი: სინოდს მიტროპოლიტ პეტრეს პოზიციის შერყევის მცდელობა ექნება

8 მარტი, 2017 • 6424
გამრეკელაშვილი: სინოდს მიტროპოლიტ პეტრეს პოზიციის შერყევის მცდელობა ექნება

რა საკითხებზე შეიძლება იმსჯელოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა 9 მარტს დაგეგმილ სხდომაზე? შეიძლება თუ არა, რომ ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე, ან ჭყონდიდელი მიტროპოლიტის პეტრე ცაავა დასაჯოს? საპატრიარქოს გარშემო მიმდინარე მოვლენების ფონზე რა საკითხებზე უნდა მსჯელობდეს სინოდი? – ამ საკითხებზე “ნეტგაზეთი” თეოლოგ მირიან გამრეკელაშვილს ესაუბრა.

სინოდის 9 მარტის სხდომაზე რამდენადაა მოსალოდნელი, რომ განსახილველ საკითხებს შორის მოხვდეს დეკანოზ გიორგი მამალაძის ან მიტროპოლიტ პეტრეს მიმართ სასჯელის დაწესება?

– მომავალი სინოდის სხდომა შეიძლება წარიმართოს ორი სცენარით. პირველი და პატრიარქის მიერ მრავალგზის აპრობირებული, როდესაც სინოდი საერთოდ გვერდს უვლის აქტუალურ პრობლემატიკას და იწყებს მსჯელობას ისეთ საკითხებზე, რომელიც შეეძლება შეეხებოდეს: ქართულ ენას, ეროვნულ საკითხებს, ვინმეს წმინდანად შერაცხვის შესაძლებლობას და ასე შემდეგ. ამგვარი რამე ხშირად ხდება ხოლმე, შიდა დაძაბულობის გადასაფარად და იმ განცდის შესაქმნელად თითქოს ყველაფერი კარგადაა.

მეორე ვარიანტია, რომ სინოდმა იმსჯელოს და რეაგირება მოახდინოს, მიმდინარე პროცესებზე. ამ შემთხვევაში, საუბარი აუცილებლად იქნება თქვენს მიერ დასახელებულ ორ პიროვნებაზე. პირველის დასჯა გამორიცხულია, ვინაიდან გამოძიება ჯერ არ დასრულებულა და არ ვიცით, რა მოხდა სინამდვილეში. თუმცა პატრიარქმა თავის ქადაგებებში მიანიშნა, რომ მის შესახებ აზრი შეიცვალა და შეიძლება ითქვას, მას ფაქტობრივად, დამნაშავედ მიიჩნევს.

რაც შეეხება, მიტროპოლიტ პეტრე ცაავას, თუ ის ვერ მოიპოვებს სინოდის წევრების ფარულ მხარდაჭერას მაინც, იგი აუცილებლად დაისჯება, ყოველ შემთხვევაში იქნება მცდელობა მისი მდგომარეობის მნიშვნელოვნად შერყევისა.

მიტროპოლიტ პეტრეს პოზიციების შერყევა როგორ შეიძლება გამოიხატოს?

– მეუფე პეტრეს პოზიციების შერყევა შეიძლება ბევრი სახით მოხდეს. მაგალითად, ის გადააყენონ საპატრიარქოს ტელევიზიის ხელმძღვანელის თანამდებობიდან, ჩამოართვან რაიმე ტიპის ქონება, ტიტული, პრივილეგია და ა.შ. საპატრიარქო ძალიან ჰგავს მაფიოზურ ორგანიზაციებს და ხშირად სასჯელები არა იმდენად ოფიციალური, არამედ პრაგმატული ხასიათისაა. მიტროპოლიტის ხარისხს ვერ ჩამოართმევენ, მაგრამ ეპარქია შეუძლიათ შეუცვალონ.

თუკი ილია მეორეს უკვე აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია დეკანოზ მამალაძის მიმართ, მაშინ ხომ შეიძლება უკვე დასაჯონ? მით უმეტეს თუ საეკლესიო კანონები ლიტერატურული ძეგლებია?

– ეკლესიის შიგნით არსებობს დამოკიდებულება და საეკლესიო ნორმებიც, რომლებიც ითვალისწინებენ ადამიანის დაუსჯელობას, ვიდრე მის დამნაშავეობას საბოლოო განაჩენით არ დაამოწმებენ. დეკანოზი მამალაძე დაპატიმრებულია, შესაბამისად ყველა თანამდებობა, რომელსაც ის იკავებდა, დროებით არის ვაკანტური. თუ აღმოჩნდება, რომ იგი ვინმეს მოწამვლას აპირებდა და ეს დადასტურდება, მხოლოდ ამის შემდეგ აქვს ეკლესიას უფლება იგი განსაჯოს. მარტო ბრალდების წაყენება ადამიანისადმი არ ითვალისწინებს მისთვის საეკლესიო სასჯელის დაწესებას. პატრიარქის მიერ, ქადაგებებში ნახსენები მინიშნებები, შეიძლება იყოს უბრალოდ სიგნალი ხელისუფლებისათვის, თუ რა დასკვნის გამოტანის უფლება აქვს გამოძიებას.

რა ბერკეტები არსებობს საეკლესიო სამართლის მიხედვით, ერთი მხრივ, მიტროპოლიტის (რადგან მან საჯაროდ დაიწყო ეკლესიაში მიმდინარე პროცესების კრიტიკა), მეორე მხრივ კი დეკანოზის მიმართ?

– როგორც გითხარით, დეკანოზის დასჯა სასამართლო განაჩენის გამოტანამდე გამორიცხულია. რაც შეეხება საეკლესიო სამართალს, ამ მხრივ სიტუაცია სრულიად ბუნდოვანია. საეკლესიო სამართლის ნორმები საქართველოში მხოლოდ ლიტერატურულ ძეგლებს წარმოადგენენ, რადგან არ არსებობს არც საეკლესიო სასამართლო, არც რაიმე სახის კომისია, რომელიც ამ ნორმების დაცვასა და აღსრულებას გააკონტროლებდა. ამიტომაც, ნებისმიერი მხარე ცდილობს ამ ტექსტუალური ჩანაწერების სათავისოდ ინტერპრეტირებას.

მეორე მხრივ, თუ პატრიარქი ვინმეს დასჯას გადაწყვეტს, იგი ამ სასჯელს გააფორმებს, ვითომცდა საეკლესიო სამართლის ნორმათა დარღვევებზე რეაგირებად. არადა, მეუფე პეტრე უბრალოდ მოითხოვს ეკლესიამ დაიწყოს რეაგირება მის წინაშე არსებულ გამოწვევებზე და დასაბამი მისცეს ერთგვარ თვითგანწმენდის პროცესს, რომლის გარეშეც საქართველოში მართლმადიდებელ ეკლესიას მომავალი არ აქვს. ამგვარი ინიციატივის გამოჩენას მართლმადიდებელ ეპისკოპოსს არც ერთი საეკლესიო ნორმა არ უკრძალავს, პირიქით მოუწოდებს კიდეც დუმილით ხელი არ შეუწყოს მანკიერების გავრცელებას.

როგორც თავად აცხადებს, ჯერჯერობით მეუფე პეტრემ არ იცის, რა მოელის სინოდის სხდომაზე, თუმცა გაჩერებას არ აპირებს თუ სიცოცხლეს არ გამოასალმეს. გასაგებია, რომ მას შეეძლო აქამდე ესაუბრა ამ პრობლემებზე, სად იყო მაშინ, როდესაც…. და ასე შემდეგ. თუმცა, ნებისმიერ ადამიანს სჭირდება დრო ვითარებაში გარკვევისა და საკუთარი სინდისის გაღვიძებისათვის. ფაქტია, რომ მეუფე პეტრემ გაბედა იმაზე მეტი, რაც ბასილ კობახიძის შემდეგ არავის აღარ გაუბედავს. ყველა მსგავს ქმედებას ამ დრომდე ეკლესიის მხრიდან მხოლოდ რეპრესიები და ჩაქოლვა მოჰყვა. ვნახოთ, რა მოხდება ამჯერად.

თქვენი აზრით, ამ მოვლენების ფონზე, რა საკითხები უნდა იხილებოდეს სინოდის სხდომაზე?

– ე. წ. ციანიდის საქმემ, გვაჩვენა, რომ საქართველოში ქრისტიანობა და ეკლესია, უდიდეს კრიზისშია. ბოლო ათწლეულია, მართლმადიდებელი ეკლესიის სახელი გვესმის კორუფციის, ძალადობის, სიბნელის, ანტისახელმწიფოებრიობის, ძალაუფლებისკენ სწრაფვის, მომხვეჭელობისა თუ სხვა მანკიერებების კონტექსტში. ეს ნიშნავს, რომ თუ ეკლესიის, როგორც ინსტიტუციის განვითარება იმავე ხაზით გაგრძელდა, უახლოეს მომავალში იგი უარყოფილი იქნება საზოგადოების მხრიდან, როგორც ეს მოხდა მეოცე საუკუნის დასაწყისში, როდესაც უბრალო ადამიანებს ეკლესიის მიმართ აგრესია ამოძრავებდათ მისივე ძალმომრეობისა და ხელისუფლების დანამატად გადაქცევის გამო.

წესითა და რიგით 2017 წლის 9 მარტის სინოდი უნდა იქცეს ეკლესიის კვლავ ქრისტიანიზაციის დასაწყისად. კათოლიკოს-პატრიარქს გააჩნია საკუთარი ილუზია, რომ ეკლესია არასოდეს არ ყოფილა ასეთი ძლიერი, მდიდარი, ძალოვანი, აყვავებული და გაბრწყინებული. მას მტკიცედ სჯერა, რომ იგი დამსახურებულად დაიკავებს ადგილს ქვეყნის ისტორიაში დავით აღმაშენებლისა და თამარ მეფის გვერდით. სინოდის წევრთაგან შეიძლება რომელიმემ პირად საუბრებში ჩურჩულით დაიჩივლოს ან დაიწრიპინოს შექმნილი ვითარების კატასტროფულობაზე, მაგრამ ვერავინ გაბედავს, პატრიარქს ეს ილუზია დაუმსხვრიოს და თქვას, რომ სინამდვილეში “მეფე შიშველია”. შესაბამისად, სინოდი უბრალოდ შეეცდება, რაც შეიძლება უმტკივნეულოდ ჩაფარცხოს ყველაფერი, რათა ისევ გვჯეროდეს, რომ სინამდვილეში სულიერად ვბრწყინდებით.

სინოდმა უნდა იმსჯელოს კონკრეტულად რაზე? აუდიტის მოწვევაზე? შორენა თეთრუაშვილის საკითხზე?

– თუნდაც. საქართველოს ეკლესიას ჰყავს უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის ეპისკოპოსი თუ სასულიერო პირი. რატომ არ უნდა არსებობდეს ასეთ ვითარებაში მენეჯმენტის პარიტეტული რაიმე ორგანო? როდესაც ეკლესიის მართვის სადავეები, პრაქტიკულად მხოლოდ ერთი ადამიანის ხელშია ეს სიკეთის მომტანი ვერასოდეს იქნება. მაგალითად, მსჯელობა შეიძლებოდა საკათალიკოსო საბჭოს აღდგენაზე, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში არსებობდა საქართველოს ეკლესიაში და ერთგვარად მის ტრადიციაშიც მოიაზრება.

მირიან გამრეკელაშვილი

მირიან გამრეკელაშვილი

არც აუდიტზე მსჯელობა იქნებოდა ურიგო, რადგან უკვე თავად სასულიერო პირებიც ხვდებიან ეკლესიის ეკონომიკური საქმიანობის არალეგალურობასა და არასამართლებრივ ხასიათს. იგივე სახელმწიფოს მიერ ეკლესიისთვის ქონების გადაცემის ფორმაც და დამოკიდებულებაც სრულიად მოკლებულია სამართლიანობის პრინციპებს. რა მოხდება თუ ხელისუფლება მოინდომებს გამოიძიოს ეკლესიის ფინანსური მხარე? ეკლესია განადგურდება, როგორც ინსტიტუცია. ამიტომაც აუდიტი იქნებოდა ერთგვარი დასწრება და თვითგადარჩენის აქტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი