ახალი ამბები

ბაქრაძე: ევროსასამართლო მკაფიოდ ხედავს, რომ “რუსთავი 2”-ის წინააღმდეგ ხელისუფლება იბრძვის

7 მარტი, 2017 • 2245
ბაქრაძე: ევროსასამართლო მკაფიოდ ხედავს, რომ “რუსთავი 2”-ის წინააღმდეგ ხელისუფლება იბრძვის

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მკაფიოდ აღიქვა, რომ “რუსთავი 2”-ის წინააღმდეგ ხელისუფლება იბრძვის. ამის შესახებ მან “კურიერში” საუბრისას განაცხადა.

დავით ბაქრაძის თქმით, ევროსასამართლო არ დაეთანხმა საქართველოს ხელისუფლების მტკიცებას, რომ ეს არის ორ კერძო პირს შორის დავა:

” კერძო დავების შემთხვევაში სტრასბურგის სასამართლო ისეთ გადაწყვეტილებებს არ იღებს, როგორიც მან დღეს მიიღო. დღევანდელი გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ სტრასბურგის სასამართლო მკაფიოდ ხედავს ამ დავას, როგორც ტელევიზიასა და ხელისუფლებას შორის დავა, სადაც საფრთხე ემუქრება სიტყვის თავისუფლებას, გამოხატვის თავისუფლებას. ეს ჩვენი ცხოვრების იმდენად მაღალი  ღირებულებაა, რომ  სასამართლომ საჭიროდ ჩათვალა ისეთი ზომების მიღება, როგორსაც მიიღებდა იმ შემთხვევაში, როცა საფრთხე ადამიანის სიცოცხლეს ემქურება,”  – ამბობს ბაქრაძე.

მისივე აზრით.  სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ საქმით საქართველოში შეუქცევადი ზიანი ადგება სიტყვის თავისუფლებას, პოლიტიკურ სტაბილურობას და ქვეყნის სამომავლო განვითარებას.

“სასამართლოს გადაწყვეტილებით, ეს არის დავა ხელისუფლებასა და ტელევიზიას შორის. ეს არის მძიმე საერთაშორისო დარტყმა ჩვენს ხელისუფლებაზე. ობიექტურად ვწუხვარ, რომ ხელისუფლებამ ასეთ სიტუაციაში ჩაიყენა თავი და ამხელა სირცხვილი აჭამა ქვეყანას. თეორიულადაც კი გამოვრიცხავ, რომ  ჩვენმა ხელისუფლებამ გარისკოს და სტრასბურგის სასამართლოს წინააღმდეგ წავიდეს. ასეთი დისკუსიით ხელისუფლება თვითონ დაადასტურებს მის ჩართულობას ამ საქმეში,” – აღნიშნა ბაქრაძემ.

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, მოსამართლეთა პალატა ერთხმად დაეთანხმა მორიგე მოსამართლის მიერ 3 მარტს მიღებულ გადაწყვეტილებას “რუსთავი 2”-ის საქმეზე. მოსამართლეთა პალატის გადაწყვეტილებით, აღსრულება უვადოდ, ანუ საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე შეჩერდა.

2 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ რუსთავი 2-ის 100% ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა.  3 მარტს სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილების აღსრულება 8 მარტამდე შეაჩერა. არასამთავრობო  ორგანიზაციები,  მედიის წარმომადგენლების ნაწილი და  ოპოზიციური პარტიები სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს თხოვდნენ, რომ   რუსთავი 2-თან დაკავშირებით უზენაესის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება   მანამ შეეჩერებინა, ვიდრე ევროსასამართლო საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებას არ გამოიტანს.

მასალების გადაბეჭდვის წესი