ახალი ამბები

ახალი სეზონიდან საზმაუს ეთერში მხოლოდ კონკურსით შერჩეული გადაცემები გავა

7 მარტი, 2017 • 3008
ახალი სეზონიდან საზმაუს ეთერში მხოლოდ კონკურსით შერჩეული გადაცემები გავა

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ მენეჯმენტის მიერ წარმოდგენილ ცვლილებებს მხარი დაუჭირა. საზოგადოებრივი მაუწყებლის დებულებაში შესული ცვლილებები მაუწყებლის სტრუქტურას ეხება და რამდენიმე სამსახურის გაერთიანებას გულისხმობს. ცვლილებები, რომელსაც მხარი სამეურვეო საბჭოს ორმა წევრმა არ დაუჭირა, მენეჯმენტის მიერ წარმოდგენილი გეგმის ნაწილია.

გეგმის მიხედვით, 2017 წლის 17 ივლისამდე მაუწყებელზე არსებული გადაცემები ეთერში დარჩება. სექტემბრიდან კი სეზონს მაუწყებელი განახლებული საეთერო ბადით გააგრძელებს. როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის მედიისა და კომუნიკაციის ხელმძღვანელი თიკო ბერძენიშვილი ამბობს, მოხდება არხის საპროგრამო პოლიტიკის განსაზღვრა ჟანრების მიხედვით, რის შემდეგაც გამოცხადდება კონკურსი, რომელშიც მონაწილეობას როგორც მაუწყებელზე უკვე არსებული, ასევე, ახალი გადაცემები მიიღებს მონაწილეობას. კონკურსი არ შეეხება მხოლოდ საინფორმაციო გადაცემა “მოამბეს”.

მისივე თქმით, ახალი საეთერო ბადის პრიორიტეტები 25 მარტამდე განისაზღვრება, რის შემდეგაც გადაწყდება, რამდენი გადაცემა გავა მაუწყებლის ეთერში:

“25 მარტამდე სამეურვეო საბჭოსთან უნდა მოვიდეს დოკუმენტი, თუ რა განხრით და რა მიმართულებებით ვიწყებთ სექტემბერში ეთერს. რა რაოდენობაში იქნება ეს გადაცემების მიხედვით. წელს ჩვენ შეიძლება ყველა ჟანრი და ყველა მიმართულება ვერ დავაკმაყოფილოთ. პირველ არხზე თუ ვსაუბრობთ, 30 გადაცემა გვაქვს და აპრიორი ვიცით, რომ 30 გადაცემა ვერ გვექნება, რადგან ჩვენი ფინანსური შესაძლებლობა და, მათ შორის, ის ამოცანები, რაც გაწერილი გვაქვს, ამას ვერ უპასუხებს. იმიტომ, რომ, ცხადია,  რაღაც რაოდენობის დანაზოგი უნდა გვქონდეს, რომ დავიწყოთ ამ მიმართულებით. ამიტომ, ეს ოპტიმალური რაოდენობა შეიძლება იყოს 15 ან 20, მაგრამ ახლა ზუსტ ციფრზე საუბარი არასერიოზული იქნება,” – ამბობს თიკო ბერძენიშვილი.

სამეურვეო საბჭოს წევრები დაინტერესდნენ, როგორ აისახება ის სტრუქტურული ცვლილებები, რომელიც მათ მენეჯმენტმა წარუდგინა. კერძოდ, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის, სულხან სალაძის თქმით, შრომითი ხელშეკრულების ცვლილება ამ პროექტის შემდეგ მაუწყებლის დაახლოებით 550-მდე თანამშრომელს შეეხება, რაც მათ დაწინაურებას/დაქვეითებას ან სულაც გათავისუფლებას შეიძლება გულისხმობდეს:

“დაახლოებით 550 ადამიანს შეეხება შრომით-სამართლებრივი ცვლილებები. გასაგებია, რომ ამ ეტაპზე შეეხება 17 ივლისიდან, რადგან დათქმაში ამ დებულების ასეა ნაქთვამი, რომ ცვლილებები ძალაში უნდა შევიდეს 17 ივლისიდან. მაგრამ ფაქტია, 17 ივლისიდან, საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტს უფლება ეძლევა, რომ ამ 550 ადამიანის გადაადგილება/გათავისუფლება დაწინაურება ან დაქვეითება მოახდინოს,” – თქვა სალაძემ.

სალაძის განცხადებას მენეჯმენტის წარმომადგენლებმა რიცხვებით მანიპულაცია უწოდეს. თიკო ბერძენიშვილის თქმით, რეფორმა ყველა თანამშრომელს შეეხება, თუმცა მოხდება თუ არა ვინმეს გათავისუფლება, ეს მაუწყებელზე გადაცემების რაოდენობაზეა დამოკიდებული. ბერძენიშვილის თქმით, მენეჯმენტის თვითმიზანი თანამშრომლების გათავისუფლება არ არის და თუ ოპტიმიზაციის პროცესში საშტატო ერთეულების გაუქმება იქნება საჭირო, – ეს არ მოხდება მასობრივად.

წარმოდგენილ გეგმას კონკრეტიკის ნაკლებობის გამო არ დაუჭირა მხარი სამეურვეო საბჭოს წევრმა ქეთევან მსხილაძემ. მისი თქმით, გადაცემებისა და კადრების შემცირება ნორმალური პროცესია, თუმცა მნიშვნელოვანია მასშტაბების განსაზღვრა, რაზეც მენეჯმენტისგან პასუხი ვერ მიიღო:

“ამ სამოქმედო გეგმამ ჩემი თანხმობა ვერ მიიღო იმიტომ, რომ ბევრი საკითხი ჩემთვის გაურკვეველია. ამიტომ, მე მერჩივნა ეს პროცესი დაწყებულიყო და შემდეგ, როცა რაღაც საკითხები დაზუსტდებოდა მერე დაეყენებინათ კენჭისყრაზე. მაგალითად, ოპტიმიზაცია რას გულისხმობს ადამიანური რესურსების თვალსაზრისით, გადაცემების შემცირების თვალსაზრისით, თანხების დაზოგვის თვალსაზრისით. ასევე კონკურსებზე რა ჟანრისა და მიმართულების გადაცემები გავა, რას მოითხოვს საზოგადოებრივი მაუწყებელი. აქ არის გაწერილი მხოლოდ რა უნდა გააკეთოს და როგორ – ეს არ წერია” – ამბობს მსხილაძე.

საზმაუს ახალი სტრუქტურა

საზმაუს ახალი სტრუქტურა


თავდაპირველი გეგმა, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა სამეურვეო საბჭოს წარუდგინა,  ითვალისწინებდა 2018 წლამდე საზოგადოებრივ მაუწყებელზე ყველა გადაცემის შეჩერებას, გარდა საინფორმაციო პროგრამა “მოამბისა”. ამის შემდეგ,  17 თებერვალს კი  გამოაქვეყნდა იმ გადაცემების ჩამონათვალი, რომლებიც, აღმასრულებელი საბჭოს მიერ შემუშავებული ფორმულით განსაზღვრულ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებენ. ამ პროგრამების ჩამონათვალში მოხვდა გადაცემები  “რეალური სივრცე” და “წითელი ზონა”.

როგორც მაუწყებლის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში იყო  ნათქვამი, სამეურვეო საბჭოს მიერ შეთავაზებულ კრიტერიუმებზე დაყრდნობით, აღმასრულებელმა საბჭომ, ანუ არხის მენეჯმენტმა შეიმუშავა შეფასების სისტემა, რომელიც გადაცემებს  სამ ჯგუფად ყოფს:

1.    გადაცემები, რომლებიც იზიდავს მაყურებელს (მათი რეიტინგი არხის საშუალო რეიტინგზე მეტია).
2.    გადაცემები, რომლებიც მაუწყებელს უნარჩუნებს არსებულ სტატუს კვოს (მათი რეიტინგი ემთხვევა არხის საშუალო რეიტინგს).
3.    გადაცემები, რომლებიც იწვევს მაყურებლის მიგრაციას სხვა არხებზე (მათი  რეიტინგი არხის საშუალო რეიტინგზე ნაკლებია).

საბჭოს მიერ წარმოდგენილი ხედვა გულისხმობდა პირველი და მეორე ჯგუფის გადაცემების ეთერში დატოვებას, ხოლო მესამე ჯგუფის გადაცემების დახურვას.

მასალების გადაბეჭდვის წესი