ახალი ამბები

ომბუდსმენი: პარლამენტმა ყურადღება გარემოს დაცვაზე უნდა გაამახვილოს და ისე მიიღოს ახალი რეგულაციები

7 მარტი, 2017 • 1938
ომბუდსმენი: პარლამენტმა  ყურადღება გარემოს დაცვაზე უნდა გაამახვილოს და ისე მიიღოს ახალი რეგულაციები

საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ პარლამენტში  მწვანე ნარგავებთან დაკავშირებით წარდგენილი საკანონმდებლო ინიციატივები, დედაქალაქში არსებული მწვავე მდგომარეობიდან გამომდინარე, მიმართული უნდა იყოს მწვანე საფარის მაქსიმალურად დაცვისაკენ და არ უნდა გააუარესოს არსებული მდგომარეობა.

განცხადების თანახმად, იმ პირობებში, როდესაც დედაქალაქში მწვანე საფარისა და ზოგადად, ეკოლოგიის კუთხით მძიმე მდგომარეობაა შექმნილი, ხოლო ახალი მშენებლობები რეალურად უსისტემოდ მიმდინარეობს და დარჩენილ მწვანე ზონებს ემუქრება, სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ საქართველოს პარლამენტმა პირველ რიგში ყურადღება უნდა მიაპყროს გარემოს დაცვის ინტერესებს, ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლების რეალიზებას და ახალი რეგულაციები მათზე დაყრდნობით მიიღოს.

 “აღსანიშნავია, რომ მოქმედი კანონი ძალიან მწირ გარანტიებს შეიცავს დედაქალაქში მწვანე საფარის დაცვის უზრუნველსაყოფად. კონკრეტულად, ხეების ჭრისას გათვალისწინებულია მხოლოდ ერთი ღონისძიება, რომელიც ბიომრავალფეროვნებაზე ზემოქმედების საკომპენსაციოდ გარკვეული თანხის გადახდას გულისხმობს. სხვა ღონისძიებები აღნიშნული კანონით გათვალისწინებული არ არის. დავით სონღულაშვილის ინიციატივა ითვალისწინებს ამ ერთადერთი დამცავი მექანიზმის – კომპენსაციის გაუქმებას განსაზღვრულ შემთხვევებში. კანონპროექტი ასევე ვერ ახერხებს გადაჭრას ის პრობლემა, რომელიც უკავშირდება ხეების მდგომარეობისა და დაავადებული მწვანე ნარგავების განკურნების შეუძლებლობის დადასტურებას.”

2016 წლის 19 დეკემბერს კომპანიამ  “M² უძრავი ქონება” საქართველოს პარლამენტს საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება სთხოვა,  რომელიც დედაქალაქის ტერიტორიაზე ხეების ჭრის საკითხის დარეგულრებას ეხება. მეორე დღს პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატებმა საკანონმდებლო წინადადების ინიცირებას მხარი დაუჭირეს. 

22 დეკემბერს პარლამენტში დარეგისტრირდა პარლამენტის წევრის დავით სონღულაშვილის ინიციატივა ხეების ჭრასთან დაკავშირებით.  კანონპროექტის მიხედვით, თუ არსებული მწვანე ნარგავები დაავადებული, ხმელი, ხმობადი, ამორტიზებული ან ფაუტია, ხოლო აღნიშნული ფაქტი და დაავადებული მწვანე ნარგავების განკურნების შეუძლებლობა დადასტურებულია შესაბამისი გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მქონე პირის მიერ, მწვანე ნარგავის ჭრა დასაშვებია. პროექტის მიხედვით, ტერიტორიის მესაკუთრე საკომპენსაციო თანხის გადახდისგან თავისუფლდება.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი