ახალი ამბები

ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო პატიმრების გათავისუფლება გამარტივდება

29 ნოემბერი, 2012 •
ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო პატიმრების გათავისუფლება გამარტივდება

ასეთი ტიპის კომისია ქვეყანაში წლების მანძილზე მუშაობს, თუმცა მის ეფექტურობაზე ოფიციალური სტატისტიკით შეიძლება საუბარი, რომელიც აჩვენებს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ყოველწლიურად სულ უფრო ცოტა პატიმარი ტოვებს საპატიმროებს. უკანასკნელი ორი წლის მანძილზე კი უწყებათაშორისმა კომისიამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო არც ერთ პატიმარს არ მისცა ციხის დატოვების შესაძლებლობა. 

 

სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე, რომელიც მოადგილედ წარდგენის დროს მინისტრმა, როგორც მოადგილე ჯანდაცვითი პოლიტიკის საკითხებში წარადგინა, დღეს ამ ოფიციალური ციფრებზე საუბრობს. 

 

ირკვევა, რომ 2007-2008 წლებში ვადამდე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სულ 7 პატიმარი გაათავისუფლეს, 2009-2010 წლებში – 4,  2011 და 2012 წლებში კი – არც ერთი. 

 

ამის მიზეზად ახალი ხელისუფლება რამდენიმე ფაქტორს ასახელებს. ერთ-ერთი მათგანია იმ დაავადებების ნუხსდან ამოღება, რომელიც ვადამდე ადრე გათავისუფლების მიზეზია. 

 

“თითქმის ყოველთვე ხან ერთი დაავადება ქრებოდა ჩამონათვალიდან, ხან მეორე, იმის გამო, რომ ესა თუ ის პატიმარი ვადამდე არ გათავისუფლებულიყო. შესაბამისად, კომისია ადგენდა, რომ გათავისუფლების საფუძველი არ არსებობს,” -ამბობს მინისტრის მოადგილე, არჩილ თალაკვაძე. 

 

ახალ საკანონმდებლო რეგულაციებში, როგორც სამინისტროების წარმომადგენლები აცხადებენ, დაავადებათა ეს ჩამონათვალი საერთაშორისო სტანდარტებთან იქნება შესაბამისობაში.

 

მსჯელობა იმის შესახებ, თუ რა მექანიზმებით უნდა მუშაობდეს ორი უწყების ერთობლივი კომისია, დღეს, 29 ნოემბერს გაიმართა. შეხვედრას, რომელსაც სასჯელაღსრულების მინისტრიც ესწრებოდა, იმ არასამთავრობო ორგანიზაციებმაც გამოთქვეს კომისიის მუშაობის შესახებ მოსაზრებები, რომლებიც პატიმართა უფლებებზე მუშაობენ.

 

ნათია იმნაძე, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი აცხადებს, რომ უწყებათაშორისი კომისია, რომელიც პატიმრების ჯანდაცვის საკითხს განიხილავდა, ერთადერთი სახელწმიფო უწყება იყო, საიდანაც ომბუდსმენის აპარატს არც ერთი ოფიციალურ წერილზე პასუხი არ მიუცია.

 

“სად იყვნენ, რას აკეთებდნენ, არ ვიცით,”- ამბობს იმნაძე.

 

სასჯელაღსრულების სამინისტროში აცხადებენ, რომ კომისიის საქმიანობას უკვე ახალი საკანონმდებლო ცვლილები დაარეგულირებს, რომელსაც ერთობლივად შეიმუშავბს სასჯელაღსრულებისა და ჯანდაცვის სამინისტრო და რომელიც სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრისა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 23 დეკემბრის ერთობლივ ბრძანებაში შევა. 

 

დღეისთვის უკვე ირკვევა, რომ კომისიის მხრიდან უარყოფითი პასუხი არ იქნება საფუძველი იმისა, რომ საქმის განხილვა თავიდან აღარ მოხდეს. გარდა ამისა, უწყებათაშორის კომისიაში სამედიცინო ასოციაციებს წევრები იქნებიან ჩართული, ხოლო პატიმრის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში დამკვირვებლების სტატუსით კომისიის მიერ საქმის განხილვას დაინტერესებული ორგანიზაიცების წევრებიც შეძლებენ. 

 

საკანონმდებლო ცვლილებებით ის სხვა პრობლემებიც უნდა დარეგულირდეს, რომელიც წლების მანძილზე აღნიშნული კომისიის მუშაობის თვალსაზრისით არსებობდა და პატიმრების უფლებებს არღვევდა. 

 

ძირითადად ამ პრობლემებს აჩენდა იმ პირთა წრის შეზღუდვა, ვისაც შეუძლია მიმართოს კომისიას; განცხადების განხილვის ვადები, ექიმების, კომისიის წევრებისა და მოწვეული სპეციალისტების როლთა აღრევა; სამედიცინო კრიტერიუმები; გამოყენებული დოკუმენტაცია; კომისიის საქმიანობის გამჭვირვალობა; კომისის დასკვნები და გასაჩივრების მექანიზმები. 

 

“ციხე იყო ადგილი, სადაც იქ შესული ჯანმრთელი ადამიანი გამოდიოდა დაავადებული, ან იქ კვდებოდა. ჩემი ომბუდსმენობის პერიოდში გამოვითხოვეთ 2 წლის განმავლობაში გარდაცვლილ პატიმართა სამედიცინო ისტორიები. გამოიკვეთა ტენდენცია, რომ მათი გარდაცვალება არასწორი დიაგნოზის, შეუსაბამო მკურნალობის ან საერთოდ მკურნალობის არქონის გამო იყო გამოწვეული,”- ამბობს სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარი დღევანდელ შეხვედრაზე და აცხადებს, რომ ამ დროისთვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო 130 პატიმრის საქმე საჭიროებს კომისიის მიერ განხილვას.  

 

სასჯელაღსრულების მინისტრი საპატიმროებში სხვა ჯანდაცვით პრობლემებზეც საუბრობს და ამბობს, რომ დღესდღეობით,ციხეებში არსებული ჯანდაცვითი მომსახურება არაადეკვატურია.


“გახსოვთ რამდნეიმე დღის წინ მომხდარი შემთხვევა ღუდუშაურის საავადმყოფოში, სადაც 3 პატიმარი იყო გადაყვანილი. მათი იქ მოთავსება საჭირო სულაც არ იყო, მაგრამ ვინაიდან ადგილზევე ვერ ხერხდება ძალიან მარტივი გამოკვლევების ჩატარებაც კი, ამიტომ იყვნენ ისინი იქ გადაყვანილი. გამოკვლევები ვერ ტარდება, ვინაიდან გაფუჭებულია რენტგენის აპარატი, გაფუჭებულია ექოსკოპიის აპარატი, არ მუშაობს ლაბორატორია. ტუბერკულოზის ახალი დაწესებულებაშიც ამ დროისთვის არ მუშაობს აუცილებელი აპარატურა, არ არის სამრეცხაო და სხვაგან რეცხვამ შესაძლოა გარკვეული რისკები შექმნას ეპიდემიის თვალსაზრისით. ვფქირობთ, რომ 2 თვეში ყველაფერი გაკეთდება,”- აცხადებს სუბარი.  

 

სასჯელაღსრულების სისტემაში უშუალოდ ჯანდაცვის სფეროს ბიუჯეტი, 2,5 ჯერ, 7 მილიონი ლარიდან თითქმის 13 მილიონამდე იზრდება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი