ახალი ამბები

პარლამენტი დიდგორის ბრძოლის დღის, 12 აგვისტოს უქმე დღედ დაწესებას გეგმავს

7 მარტი, 2017 •
პარლამენტი დიდგორის ბრძოლის დღის, 12 აგვისტოს უქმე დღედ დაწესებას გეგმავს

დიდგორის ბრძოლის დღე, 12 აგვისტო შესაძლოა “საქართველოს დიდი გამარჯვების” დღედ გამოცხადდეს და უქმე იყოს. შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივით პარლამენტს აკაკი ზოიძემ, ლერი ხაბელოვმა, შოთა ხაბარელმა, კობა კობალაძემ, ლევან კობერიძემ და კარლო კოპალიანმა მიმართეს.

“შრომის კოდექსში” ცვლილებების შეტანის შესახებ მომზადებული კანონპროექტის თანახმად, ამ კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 2017 წლის 1 ივლისისა და შემდგომ ყოველწლიურად, საქართველოს მთავრობამ უნდა მოამზადოს და დაამტკიცოს 12 აგვისტო – „საქართველოს დიდი გამარჯვების დღის“ აღნიშვნასთან დაკავშირებული ღონისძიებების ორგანიზების სამოქმედო გეგმა.

განმარტებითი ბარათის თანახმად, კანონპროექტის მიზანია საქართველოს ხელისუფლებამ ევროინტეგრაციის პროცესის პარალელურად, ვიზალიბერალიზაციის მიღების შემდგომ მეტი ძალისხმევა მიმართოს სახელმწიფო გაერთიანებისა და შიდა ეროვნული კონსოლიდაციის კუთხით.

“ქართული სახელმწიფოს გაერთიანებისა და გაძლიერებისთვის უმნიშვნელოვანესია სახელმწიფო და ეროვნული თვითშეგნების განმტკიცება, ერთიანი სახელმწიფო იდეის ხაზგასმა და ამ მხრივ მუშაობის გააქტიურება. დიდგორის ბრძოლა, რამაც საფუძველი ერთიან ძლიერ ქართულ სახელმწიფოს ჩაუყარა, სწორედ ამ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხების რეალურად განხორციელების სტიმულია. ხელისუფლების მხრიდან საჭიროა მეტი აქცენტი გაკეთდეს სახელმწიფოს ერთიანობაზე, ეროვნულ სულისკვეთბაზე, სახელმწიფოებრივ ასპექტებზე და გამარჯვებებზე.

გლობალიზაციის პირობებში საჭიროა ეროვნული მუხტის გაღვივება და პროპაგანდა იმისა, რა ღირებულებების დაცვით მოვიდა მართლმადიდებელი საქართველო დღემდე. ამ კუთხით უმნიშვნელოვანესია დიდგორის ბრძოლაში გამარჯვების – 12 აგვისტოს – უქმე დღედ გამოცხადება და ეროვნული სულისკვეთების, ისტორიული და საბრძოლო ტრადიციების წარმოჩინებით აღნიშვნა. მომავალმა თაობებმა უნდა დაინახონ, რა ღირებულებებზე იდგა ქართული სახელმწიფო. დიდგორობის საერთო სახალხო დღესასწაულად და „საქართველოს დიდი გამარჯვების დღედ“ გამოცხადება ხელს შუწყობს ეროვნული მუხტის გაძლიერებას და განმტკიცებას,” – აღნიშნულია განმარტებით ბარათში.

მასალების გადაბეჭდვის წესი