ახალი ამბები

იურიდიულმა კომიტეტმა საგზაო უსაფრთხოების პროექტს მხარი დაუჭირა

6 მარტი, 2017 • 2871
იურიდიულმა კომიტეტმა საგზაო უსაფრთხოების პროექტს მხარი დაუჭირა

დღეს, 6 მარტს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით კანონში შესტან ცვლილებათა პროექტს პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი. ახალი რეგულაციის დამტკიცების შემთხვევაში, ნასვამ მძღოლს მართვის მოწმობა 6 თვის ნაცვლად 1 წლით ჩამოერთმევა.

კანონპროექტის განხილვას ესწრებოდნენ შსს-ს (პროექტის ავტორი), მმართველი გუნდის დეპუტატები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. მესამე სექტორის მთავარი შეკითხვა შეეხებოდა უკონტაქტო პატრულირების განმახორციელებელ ავტომობილებზე ამოსაცნობი ნიშნის დამონტაჟებას, თუ რამდენად იქნება ის მოქალაქისთვის ამოცნობადი.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) იურისტის, გურო იმნაძის თქმით, არსებობს შიშები, რომ ეს მექანიზმი შესაძლოა გამოყენებული იყოს არამართლზომიერი მიზნებისთვისაც:

“გამომდინარე იქიდან, რომ საპატრულო პოლიციაც არის ოპერატიულ, სამძებრო და საგამოძიებო სამსახური. შეიძლება მას ჰქონდეს ინტერესები, რომ მოიძიოს სხვადასხვა ინფორმაცია. ამიტომ მაქსიმალურად უნდა იყოს დაზღვეული ყველანაირი რისკები, რომ უკონტაქტო პატრულირების მექანიზმი არ იყოს გამოყენებული ბოროტად.”

EMC-ის იურისტის მეორე შეკითხვა შეეხებოდა იმას, თუ როგორ მოხდებოდა ამ მექანიზმით მოპოვებული ინფორმაციის გამოყენება. მისი თქმით, ამ შემთხვევაშიც საჭიროა დაზუსტებები:

“კერძოდ, პირველ რიგში, როგორ წარმოებს ინფორმაციის შენახვა პატრულირების დროს და შემდეგ რა მექანიზმები არსებობს იმისა, რომ მოპოვებული ინფორმაციები გამოყენებული იყოს სხვადასხვა მიზნებისთვის, მათ შორის, გამოძიებისთვის. თუმცა, მთავარი პრინციპი არის ის, რომ მაქსიმალურად შეზღუდული იყოს ინფორმაციის მოპოვება უკონტაქტო პატრულირების პირობებში; მხოლოდ და მხოლოდ ის ინფორმაცია დაამუშაოს უკონტაქტო პატრულირების სუბიექტმა, რაც რელევანტური არის მისი ბუნებისა და ფუნქციებისთვის.”

გუყრამ იმნაძის თქმით, ასევე მნიშვნელოვანია ის საკითხები, როგორიც არის ის: რა ფარგლები და ინტენსივობა ექნება უკონტაქტო პატრულირებას, რამდენად მასშტაბური ხასიათი ექნება მას და კანონის დონეზე რამდენად მკაფიო ჩანაწერები იქნება მისი რეგულირების დროს. კომიტეტის სხდომაზე შეთანხმდნენ, რომ ამ საკითხებზე შემდგომ საკომიტეტო მოსმენებზე იმსჯელებდნენ, რა დროსაც უფრო დეტალურად და ნათლად უნდა ჩამოყალიბდეს კონკრეტული ჩანაწერები.

“მთავარი პრინციპია ის, რომ უკონტაქტო პატრულირების განმახორციელებელ ავტომობილებზე მინიმალური დოზით შესაძლებელი იყოს მათი ამოცნობა. ამაზე არის თანხმობა, პირველი მოსმენის შედეგად. კონკრეტულად, რა ფორმებით და რა მექანიზმებით გახდება ეს შესაძლებელი, რომ იყოს ამოცნობადი ეს ავტომობილები, ეს უკვე შემდგომი საკომიტეტო მოსმენების დროს გახდება ცნობილი. დღეს შეთანხმება მიღწეულია პრინციპებზე, ხოლო შემდეგ უკვე კანონპროექტის დახვეწაზე გაგრძელდება მუშაობა,” – განუცხადა ნეტგაზეთს იმნაძემ.

“ქართული ოცნების” წევრი, არჩილ თალაკვაძე კმაყოფილია, რომ იურისიულმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა საგზაო მოძრაობის შესახებ კანონმდებლობაში რეფორმას და ცვლილებებს. მისი თქმით, ცვლილებები გააუმჯობესებს და აამაღლებს უსაფრთხოებას გზებზე:

“ჩვენი მოქალაქეები, ჩვენი ოჯახის წევრები ძალიან მალე თავს იგრძნოენ უფრო უსაფრთხოდ როგორც ტრანაპორტით გადაადგილების დროს, ასევე ქვეითად გადაადგილების დროს. ეს არის საჭირო ცვლილებები, ვინაიდან ავტოპარკი საქართველოში გაიზარდა 20%-ით, გაფარღოვდა საგზაო ინფრასტრუქტურა და გაიზარდა საერთაშორისო ტრანზიტი. შესაბამისად, არის ახალი გამოწვევები და ამას სჭირდება ახალი პასუხი ხელისუფლების მხრიდან. მივესალმებით ერთსულოვან მხარდაჭერას ამ რეფორმის მისამართით სამოქალაქო საზოგადოების და პოლიტიკური ძალების მხრიდან.”

თალაკვაძე დარწმუნებულა, რომ რეფორმის დამტკიცებისთანავე, პირველ თვეებშივე, ქვეყანას უკვე ექნება დადებითი შედეგები.

“მოვახერხებთ, შევამციროთ ტრამვატიზმი გზებზე, შევამციროთ სიკვდილიანობა. ამით დავზოგავთ ფინანსურ რესურსებს, რომელიც გვეხარჯება ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად და კიდევ უფრო მიმზიდველი გავხადოთ ჩვენი ქვეყანა. საართველო ახდენს უფრო მეტ ინტეგრაციას ევროკავშირის სივრცეში და ბუნებრივია ამ სფეროში სტანდარტების გაუმჯობესებაც არის ნაწილი იმ პროგრესის, რომელიც ჩვენ გვაქვს ქვეყანაში,” – მმართველი გუნდის დეპუტატმა.

საქართველოს შინაგან საქმეთაინისტრის მოადგილის, შლვა ხუციშვილის თქმით, დღეს პრაქტიკულად ამოწურეს ყვლა ის თემა, რაც უკავშირდებოდა 100-ქულიანი სისტემის მოქმედებას, მართვის მომობას და უკონტაქტო პატრულირებას:

“მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ მიგვეღო დაბალანსებული გადაწყვეტილებები: როგორც არასამთავრობის პოზიცია, ისე პარლამენტის წევრების პოზიცია გაგვეთვალისწნებინა. მეორე მხრივ, ის მიზნები, რაც შსს-ს აქვს, შესრულებულიყო.”

მინისტრის მოადგილის თქმით, სტიკერის ნაწილში შსს და არასამთავრობოები კიდევ ერთხელ იმსჯელებენ.

“უბრალოდ, ერთადერთი აქ ის არის, რომ პოლიციის მანქანის სტანდარტი არსებობს და ჩვენ არ გვინდა ამის გადასინჯვა, თუნდაც იმის გამო, რომ რეალურად არანაირ დმატებით შედეგს ან ადამიანის უფლებათა დაცვის გარანტიას არ იძლევა… თუმცა, ჩვენ ამაზე კიდევ დამატებით ვიმსჯელებთ. მთავარი ის არის, რომ დანარჩენ ყველა საკითხ, რომელსაც ისინი [არასამთავრობოები] აყენებდნენ, მაქსიმალურად გავითვლისწინეთ: შევწმენით ისეთი სისტემა, რომელიც იმ მიზნებს ასრულებს, რის გამოც ჩვენ შემოვიტანეთ ეს პროექტი. მეორე მხრივ არასამთავრობოების ყველა კითხვა, ყველა რისკი, რასაც ისინი ხედავდნენ, დაბალანსებულია. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ჩვენ ეს საკითხები გავითვალისწინეთ ძალიან უპრობლემოდ. ეს იმას ნიშნავდა, რომ თავიდანვე არანაირი ისეთი განზრახვა და ის რისკები, რასაც ისინი ხედავდნენ, ამ პროექტებში არ იყო და ჩვენი განზრახვა იყო სუფთა საგზაო მოძეაობის საკითხი,” – ამბობს ხუციშვილი.

დღეს არსებული კანონპროექტით, შემოდის მართვის მოწმობაზე 100-ქულიანი სისტემა. მართვის მოწმობის მქონე პირს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევისას მინიჭებული 100 ქულიდან სამართალდარღვევის ტოლფასი ქულა გამოაკლდება. კანონროექტის მიხედვით, წლის განმავლობაში სამართალდარღვევების გამო ქულების 0-მდე შემცირება მართვის უფლების შეწყვეტას ან შეჩერებას გამოიწვევს; პარლამენტი პაკეტის მეორედ მოსმენის დროს გადაწყვეტს, კონკრეტულად რომელი წესი დამტკიცდება.

ერთადერთი სადავო საკითხი იყო ფარული პატრულირების კომპონენტი, რასთან დაკავშირებითაც კითხვები ჰქონდათ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. ცვლილებების მიხედვით, შემოდის ფარული პატრულირების კომპონენტი; კერძოდ, პოლიცია უფლებამოსილია, საზოგადოებრივი უსაფრთხოების დასაცავად ფორმის ტანსაცმელზე, ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, გზასა და შენობების გარე პერიმეტრზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაამონტაჟოს/განათავსოს, აგრეთვე გამოიყენოს სხვის მფლობელობაში არსებული დამონტაჟებული ავტომატური ფოტო და ვიდეოტექნიკა. პარლამენტი ასევე მეორედ მოსმენის დროს განსაზღვრავს, ფარული პატრულირებისას იქნება თუ არა მითითებული ავტომობილზე ვიდეოგადაღების შესახებ.

მასალების გადაბეჭდვის წესი