ახალი ამბები

გასვიანი: პოლიციელები, რომლებმაც მცემეს, ჩემი თხოვნით წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს

6 მარტი, 2017 • 2087
გასვიანი: პოლიციელები, რომლებმაც მცემეს, ჩემი თხოვნით წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს

ჟურნალისტი გიორგი გასვიანი აცხადებს, რომ მიმართავს საქართველოს პროკურატურასა და სასამართლოს, რომ ოჯახური პირობების გათვალისწინებით, ის სამი პოლიციელი, რომლებმაც მას ბორჯომში სცემეს, წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლონ.

“მე გავითვალისწინე მათი ოჯახური მდგომარეობა და რადგან ფეხმძიმე მეუღლეები და მცირეწლოვანი შვილები ჰყავთ, ვთხოვე სასამართლოს და პროკურატურას აღმკვეთი ღონისძიების ნაცვლად მათთვის დანაშაულის აღიარების შემთხვევაში პირობითი სასჯელი მიეცათ და საპროცესოთი გაეშვათ შინ. სამივე მათგანმა დანაშაული აღიარა, მათ შორის მიხეილ ხუციშვილმა- ცემის გარდა იარაღით მუქარა! მონანიებისა და აღიარების გამო, თანაც ორი მათგანის მეუღლეების თხოვნისა და მდგომარეობის გამო, ჩემ მიერ დაწერილი თხოვნითი მიმართვით დღეს ისინი იმყოფებიან შინ და ერთი წელი პირობითს მოიხდიან. ასევე აქვთ გამოსაცდელი ვადა. რაც მთავარია ძალოვან სტრუქტურებში ვერასდროს იმუშავებენ. ეს პირველი პრეცენდენტია, როდესაც ასეთ დანაშაულზე მოხდა დამნაშავეების დასჯა კანონით. მთავარია ეს იყოს მაგალითი და აღარ განმეორდეს მსგავსი ფაქტი ქვეყანაში”, – წერს გასვიანი სოციალურ ქსელ ფეისბუკზე.

ტელეკომპანია “იბერიის” წამყვანმა გიორგი გასვიანმა 2016 წლის 19 დეკემბერს განაცხადა, რომ ბორჯომში ერთმა პოლიციელმა და ამ სამართალდამცველის ორმა მეგობარმა სცემეს.

ტელეკომპანია “იბერიის” ჟურნალისტის, გიორგი გასვიანის ცემის ბრალდებით სამი პოლიციელი დააკავეს. ამის შესახებ თავად ჟურნალისტმა ტელეკომპანია “იბერიის” ეთერში განაცხადა, რომელიც ჩაერთო ახალციხიდან, სადაც დღეს პროკურატურამ დაიბარა.

გიორგი გასვიანის ცემის საქმეს სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურა იძიებს. გამოძიება მიმდინარეობდა სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცემა ან სხვაგვარი ძალდობა) და  333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება).

მასალების გადაბეჭდვის წესი