ახალი ამბები

“იბერიის” ჟურნალისტის ცემის ბრალდებით სამი პოლიციელი დააკავეს

26 იანვარი, 2017 • 2760
“იბერიის” ჟურნალისტის ცემის ბრალდებით სამი პოლიციელი დააკავეს

ტელეკომპანია “იბერიის” ჟურნალისტის, გიორგი გასვიანის ცემის ბრალდებით სამი პოლიციელი დააკავეს. ამის შესახებ თავად ჟურნალისტმა ტელეკომპანია “იბერიის” ეთერში განაცხადა, რომელიც ჩაერთო ახალციხიდან, სადაც დღეს პროკურატურამ დაიბარა.

“იმედი მაქვს, რომ ასეთი ფაქტი ჩვენს ქვეყანაში არასდროს აღარ განმეორდება, რომ სამართალდამცავები თავს დაესხმებიან მოქალაქეს და გალახავენ”, – განაცხადა გასვიანმა.

გიორგი გასვიანის ცემის საქმეს სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურა იძიებს. გამოძიება მიმდინარეობდა სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცემა ან სხვაგვარი ძალდობა) და  333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება).

ტელეკომპანია “იბერიის” წამყვანი გიორგი გასვიანი აცხადებს, რომ 18 დეკემბერს, ღამით, ბორჯომში ერთმა პოლიციელმა და ამ სამართალდამცველის ორმა მეგობარმა სცემეს. მისივე თქმით, დაპირისპირება ბორჯომში მოყინული გზისა და ავტომობილის გაუმართაობის გამო მისი მანქანის მოსრიალებას მოჰყვა. მისი თქმით, პოლიციელი და მისი მეგობრები უყვიროდნენ, რომ ავარიით მათი მოკვლა უნდოდა და არ აძლევდნენ ახსნა-განმარტების საშუალებას, რატომ მოსრიალდა ავტომობილი.

“ბორჯომში წუხელ ღამით ჩამოვედი, მოვდიოდი სასტუმრო ქრაუნ პლაზაში ჟურნალისტების სემინარზე, რომელიც ეხებოდა ადამიანის უფლებათა დაცვის გაშუქებას. იმის მაგივრად, რომ ეს სემინარი მომესმინა, ფაქტობრივად, ჩემს თავზე განვიცადე  ადამიანის უფლებების დარღვევა სამართალდამცველის მხრიდან. მე გზა ამერია, ამ დროს ეს პირები აღმოჩნდნენ იმავე გზაზე, სადაც მე მომისრიალდა მანქანა გაუმართაობის გამო. შემდეგ ისინი მომადგნენ… გადმოვიდა მანქანიდან პოლიციელი, რომელმაც მანქანაში მჯდომს დამარტყა, ახნსა-განმარტების საშუალებაც კი არ მომცა. იარაღი მომაბჯინა თავზე.  მუქარით, ფიზიკური და სიტყვიერი შერაცხყოფებებით, ფაქტობრივად, არ ამახსნევინეს, თუ რა მდგომარეობაში ვიყავი, რომ მანქანა გამოვიდა მწყობრიდან. შემდეგ გადმომიყვანეს მანქანიდან, მცემეს, მირტყამდნენ თავში, ყბაში, ასევე- მხარში.  მათ ვუთხარი, რომ ჟურნალისტი ვიყავი და  სასტუმროში მივდიოდი. მათ მითხრეს, რომ შენ ფხიზელი არ  იქნები და ახლა განყოფილებაში წაგათრევთ და ნახავ, რაც მოგივაო. ცემის შემდეგ მათ მითხრეს, რომ შენ რადგანაც ჟურნალისტი ხარ, ალბათ, ხვალიდან ამის გამო ამბავს ატეხავო. მათ  მიმიყვანეს სასტუმროდე იმ პირობით, რომ მე არ ვიტყოდი ამის შესახებ და არ გავამხელდი. აღნიშნული პირებიდან ერთი იყო პოლიციელი მიშა ხუციშვილი. დანარჩენი ორი მისი მეგობრები იყვნენ. სამივე მათგანი- სამოქალაქო ფორმაში”, – განაცხადა გიორგი გასვიანმა.

შს მინისტრის გიორგი მღებრიშვილის თქმით, თუ დადასტურდა “იბერიის” ჟურნალისტის, გიორგი გასვიანის ნათქვამი იმის შესახებ, რომ მას ბორჯომში პოლიციელმა სცემა, სამართალდამცველი უმკაცრესად დაისჯება. მღებრიშვილმა 2016 წლის 22 დეკემბერს განაცხადა, რომ პოლიციელი, რომელსაც ტელეკომპანია “იბერიის” წამყვანი გიორგი გასვიანი ცემასა და მუქარაში ადანაშაულებს, შსს-დან წავიდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი