მისი თქმით, პასუხისგებაში მიეცემა ალექსანდრე მუხაძე, რომელიც საქართველოში არ იმყოფება, პატიმრობაში იმყოფებიან: ვიქტორ ყაჭეიშვილი, ოლეგ ფაცაცია და ალექსი ტერაშვილიც.
კბილაშვილმა ეს განცხადებები დღეს საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა. მისი ცნობით, საქართველოს მთავარი პროკურატურის ანტიკორუფციულ დეპარტამენტში 2012 წლის 14 ნოემბრიდან მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333 მუხლის პირველი ნაწილით და 116 მუხლის პირველი ნაწილით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #8 სამკურნალო დაწესებულების რეანიმაციულ განყოფილებაში ბრალდებულ სერგო თეთრაძის გარდაცვალებისა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე.
კბილაშვილის ცნობით, საქმის აღძვრას საფუძვლად დაედო სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომელთა განცხადებები, რომლებიც სასჯელაღსრულების #8 დაწესებულების, გლდანის საპყრობილის ყოფილ დირექტორს ალექსანდრე მუხაძესა და სხვა თანამშრომლებს ამხელენ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბებაში.
კბილაშვილის განცხადებით, სერგო თეთრაძის გარდაცვალების ფაქტზე 2011 წლის 24 სექტემბერს სისხლის სამართლის საქმე დაიწყო, რომელიც 2011 წლის 31 დეკემბერს დანაშაულის ნიშნების არარსებობის მიზეზით შეწყდა. 2012 წლის 14 ნოემბერს მთავარმა პროკურატურამ გააუქმა დადგენილება საქმის შეწყვეტის შესახებ. საქმეზე ჩატარდა მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები და დაიკითხა მრავალი მოწმე, მათ შორის სასჯელაღსრულების #8 დაწესებულების მთავარი ექიმი:
“დაკითხულ იქნა #8 დაწესებულების მთავარი ექიმიც, რომელიც აცხადებს, რომ პატიმარი თეთრაძე კომატოზურ მდგომარეობაში ნახა არა #53 საკანში, არამედ ე.წ. კარანტინის ნახევრად სარდაფულ საკანში. ირკვევა, რომ ბრალდებული პატიმარი სერგო თეთრაძე გარდაცვალებამდე რამდენიმე ხნით ადრე სასჯელაღსრულების #8 დაწესებულების ტერიტორიიდან დაწესებულების შინაგანაწესის ნორმების უხეში დარღვევით უკანონოდ გაიყვანეს გლდანის საპყრობილის დირექტორის ალექსანდრე მუხაძის მანქანით. მანქანაში იმყოფებოდა თავად მუხაძეც. ფაქტს ადასტურებენ თვითმხილველი მოწმეები. მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია, რომ პატიმარი თეთრაძე დაახლოებით 4–5 საათის შემდეგ იმავე მანქანით, იმავე პირების მეირ შემოყვანილ იქნა ტერიტორიაზე. გარდა ამისა, ამავე მოწმეების ჩვენებით ირკვევა, რომ პატიმარი თეთრაძე მძიმედ გადმოვიდა მანქანიდან, იგი წელში იყო მოხრილი და სიარულიც უჭირდა. საქმეზე მოწმის სახით დაკითხულმა ალექსი ტერაშვილმა უჩვენა, რომ #8 დაწესებულების სარეჟიმო სამსახურის უფროსის ოლეგ ფაცაციას და იმავე დაწესებულების უსაფრთხოების უფროსის ვიქტორ ყაჭეიშვილის სიტყვიერი ბრძანებით მან და პატიმარმა სისაურმა სერგო თეთრაძის მიმართ განახორციელეს ფიზიკური ძალადობა. სცემდნენ დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში და შემდეგ ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით განახორციელეს ძალადობა, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა, წამება. რის შემდეგაც პატიმარმა გონება დაკარგა და დაახლოებით ნახევარ საათში გონმოუსვლელად გარდაიცვალა”, – განაცხადა კბილაშვილმა.
კბილაშვილის თქმით, აგრეთვე, დადგინდა, რომ დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან ადგილი ჰქონდა დანაშაულის დაფარვას და კვალის განადგურებას. მათ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მიცემული აქვთ ცრუ ჩვენებები, ხოლო საექსპერტო დასკვნა, რომელიც არსებობდა ამ საქმეზე, არასრული და ზედაპირულია.
როგორც რამდენიმე დღის წინ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, სერგო თეთრაძის საეჭვო ვითარებაში გარდაცვალების ფაქტზე თეთრაძის მეუღლემ პროკურატურას ბაჩო ახალაიას და სხვა პირების წინააღმდეგ გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართა, თუმცა, არჩილ კბილაშვილის განცხადებით, დაკავებული პირების გარდა სხვა პირთა მიმართ დადასტურებული ინფორმაცია ჯერჯერობით არ არსებობს:
“საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, დამატებით გაირკვევა რიგი გარემოებებისა, თუ რა კავშირი არსებობდა ამ პატიმრობაში მყოფ პირებსა და სხვა მაღალი თანამდებობის პირებს შორის ამ ფაქტთან დაკავშირებით და ამის შესახებ საზოგადოებას ეცნობება. დადგება მათი პასუხისმგებლობა, რომელთა პასუხისმგებლობაც გამოძიებით გამოიკვეთება. ამ ეტაპზე რა ინფორმაციაც გავაცხადეთ, ის ინფორმაცია არის დადასტურებული, სხვა ინფორმაცია გადამოწმებას ექვემდებარება და მოგვიანებით, როცა დადგინდება, ყველა ფაქტობრივ გარემოებას გაგაცნობთ”, – განაცხადა არჩილ კბილაშვილმა.
თადარიგის ოფიცერი, ომის ვეტერანი და ყოფილი მზვერავი, 57 წლის სერგო თეთრაძე, თბილისში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, გასული წლის 17 სექტემბერს დააკავეს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა. ამ პერიოდში ბაჩო ახალაია თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე მუშაობდა, მეგის ქარდავა კი სამხედრო პოლიციას ხელმძღვანელობდა. მანამდე ქარდავა შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო. მას შემდეგ, რაც შს მინისტრად ბაჩო ახალაია დაინიშნა, ამავე უწყებაში მან თან გაიყოლა როგორც მეგის ქარდავა, ისე ალექსანდრე მუხაძე, მეტსახელად “ქილერა”.
სერგო თეთრაძის ოჯახს დაკავებიდან 6 დღეში, 2011 წლის 23 სექტემბერს, ღამით აცნობეს, რომ პატიმარი გლდანის საპყრობილეში გულის შეტევით გარდაიცვალა. თუმცა ოჯახს დღემდე არა აქვს ზუსტი ინფორმაცია, რა გახდა პატიმრის გარდაცვალების მიზეზი ციხეში, ან რისთვის დააკავეს იგი. სერგო თეთრაძე სავარაუდოდ ჯაშუშობის ბრალდებით იყო დაკავებული, თუმცა ამაზე ზუსტი ცნობები მაშინ არც ერთ პასუხისმგებელ უწყებას არ გაუვრცელებია.
თეთრაძის საეჭვო ვითარებაში გარდაცვალების გამო ჯერ კიდევ ერთი წლის წინ განაცხადეს პარტია “თავისუფალი დემოკრატების” წარმომადგენლებმა, რომ იგი ციხეში წამებით იქნა მოკლული. ამჟამინდელმა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ არაერთხელ აღნიშნა, რომ “სერგო თეთრაძე ბაჩო ახალაიამ და მეგის ქარდავამ სასჯელთაღსრულების დაწესებულებაში წამებით მოკლეს” და ამის გამო მათი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა მოითხოვა.
გლდანის მე-8 საპყრობილის ყოფილმა ოპერატიულმა მორიგე ინსპექტორმა ვლადიმერ ბედუკაძემ, რომელზეც საქართველოში ძებნაა გამოცხადებული, ბრიუსელიდან “საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის” მიცემულ ინტერვიუში 20 სექტემბერს განაცხადა, რომ სერგო თეთრაძე ციხეში წამებით მოკლეს:
“ეს დასტურდება ცოცხალი მოწმეებით და თავისივე გადაღებული ვიდეომასალით, თუ არსებობს და თუ არ გაანადგურეს. მე ამას დავადასტურებ სამართლიანი სასამართლოს პირობებში. თეთრაძის წამების ვიდეო გადაიღო ალექსანდრე მუხაძემ, პირადად იღებდა. ესწრებოდა ოლეგ ფაცაცია და გაუპატიურებისას ვეღარ მოზომეს და შემოაკვდათ, გულის პრობლემები ჰქონდა ბატონ თეთრაძეს. გადაიყვანეს უკვე გარდაცვლილი ე.წ. რეზბალნიცაზე, სამკურნალო დაწესებულებაში და იქ გააფორმეს, როგორც ცოცხლად შეყვანილი”, – განაცხადა ბედუკაძემ.
თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია სერგო თეთრაძის საქმეს დაკავებამდე გამოეხმაურა, რადიო “თავისუფლებისთვის” მიცემულ ინტერვიუში მან აღნშნა:
“ზუსტად იგივე ინფორმაცია მაქვს მე, რაც თქვენ, მე ვიცი, რომ ეს ადამიანი გარდაიცვალა ციხეში, გულის შეტევით, მე მჯერა ოფიციალური ვერსიის. ხალხი ამბობდა, რომ მოკლეს, ჩამოახრჩვეს, ფაქტები არ დაიმალება”.