ახალი ამბები

ბიძინა ივანიშვილი ერიკ რუბინს შეხვდა [Video]

27 ნოემბერი, 2012 • • 903
ბიძინა ივანიშვილი ერიკ რუბინს შეხვდა [Video]

“შეხვედრისას მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველო–ამერიკის შეერთებული შტატების 20-წლიან ურთიერთობას და იმედი გამოთქვეს, რომ თანამშრომლობა ორ მეგობარ ქვეყანას შორის კიდევ უფრო გაღრმავდება. ბიძინა ივანიშვილმა მადლობა გადაუხადა ერიკ რუბინს იმ დახმარებისთვის, რასაც ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს უწევს. საუბარი ასევე შეეხო ქართულ–რუსული ურთიერთობების დარეგულირების საკითხს”, – აღნიშნულ ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. 

 

„თბილი, მეგობრული შეხვედრა გვქონდა, ძალიან საინტერესოდ ჩაიარა. კიდევ ერთხელ გავაანალიზეთ ორმხრივი ურთიერთობები და იმედი გამოვთქვით, რომ საქართველოს ახალი ხელისუფლების ძალისხმევით, ის კიდევ უფრო გაღრმავდება,“ – აღნიშნა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
 
 
ერიკ რუბინის განცხადებით, იგი მოხარულია საქართველოში ვიზიტის და პრემიერ-მინისტრთან პოზიტიური საუბრის შესაძლებლობის ქონით, რუბინის თქმით, ივანიშვილთან მან საქართველოს და ამერიკის სტრატეგიული ურთიერთობების გაღრმავებაზე, საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციას, ავღანეთში თანამშრომლობის გაგრძელებასა და ჟენევის მოლაპარაკებებში ამერიკის როლზე ისაუბრეს:
 
 
“ჩვენ ვამაყობთ იმ ურთიერთობით, რომელსაც ვაშენებთ  და ვადასტურებთ ჩვენი მხარდაჭერის გაგრძელებას ყველა გზით, და მესიჯი, რომელიც  ჟენევაში გასამართ მოლაპარაკებების რაუნდზე მიგვაქვს, არის ის, რომ ვაგრძელებთ და გამოვხატავთ ძლიერ მხარდაჭერას საქართველოს პოზიციის, მისი ტერიტორიული მთლიანობის და სუვრენიტეტის მიმართ, მაგრამ ასევე ვიმედოვნებთ, რომ მივაღწევთ პროგრესს იმ პრობლემების გადაჭრაში, რასაც ჟენევაში ვხვდებით: მივაღწევთ პროგრესს მხარეებს შორის ურთიერთობების გაუმჯობესების მიმართულებით,  დაძაბულობის შემცირებაში, ჩვენ ვადასტურებთ  უკეთესი  რეგიონული ინტეგრაციის მიღწევის სურვილს, რათა რეგიონში ყველა ქვეყანამ ნახოს სარგებელი, ჩვენ გვჯერა, რომ შესაძლებელია უკეთესი ურთიერთობების ქონა  და  მხარს ვუჭერთ პრემიერ-მინისტრის მცდელობას, გააუმჯობესოს ურთიერთობები რეგიონის ქვეყანებთან”. – განაცხადა რუბინმა 
 
 
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ერიკ რუბინი საქართველოს მთავრობის, აგრეთვე, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება; ამას გარდა, მონაწილეობას მიიღებს თავდაცვისა და უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში, რომელიც აშშ–საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის კომისიის ფარგლებში გაიმართება.
 

მასალების გადაბეჭდვის წესი