საგამოძიებო სამსახური ამით საპარლამენტო უმცირესობის წევრის, ჩიორა თაქთაქიშვილის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც გუშინ აღნიშნა, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ადგილობრივი თვითმმართველობების წევრებზე ზეწოლას ახორციელებს:
„ფინანსური პოლიციის უფროსის მოადგილე პირადად არის დაკავებული ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების დაშანტაჟებით. კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ თუ ისინი არ გაატარებენ „ქართული ოცნებისთვის“ მისაღებ პოლიტიკას ადგილებზე და არ დატოვებენ „ნაციონალური მოძრაობის“ რიგებს, ამ შემთხვევაში ადგილობრივ თვითმმართველობაში ფინანსური პოლიცია შევა და მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეების „შეკერვა“ მოხდება,“ – განაცხადა ჩიორა თაქთაქიშვილმა.
“ნაციონალების” განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობების საჯარო მოხელეებს „ქართული ოცნების“ სახელით ფინანსური პოლიციის უფროსის მოადგილე გიგა ახვლედიანი აშინებს.
“ჩვენი საზოგადოების ლეგიტიმური საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე, ცალსახად ვაცხადებთ, რომ ზეწოლის არც ერთ პრეცედენტს, მუქარის ფაქტს საგამოძიებო სამსახურში ბოლო ერთი თვის განმავლობაში ადგილი არ ჰქონია. მივიჩნევთ, რომ დაუშვებელია ნებისმიერი პოლიტიკური ჯგუფის მხრიდან საგამოძიებო სამსახურის ფუნქციონირებაში ჩარევის მცდელობა და ჩვენი საქმიანობის პოლიტიზირება”, – ასე ეხმაურება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ამ ბრალდებას.








