ახალი ამბები

რ2-ის სამართლებრივი ბრძოლის 2 გზა

3 მარტი, 2017 • 27947
რ2-ის სამართლებრივი ბრძოლის 2 გზა

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ რუსთავი 2-ის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება კომპანიის 100%-იანი წილის ქიბარ ხალვაშისათვის გადაცემის თაობაზე საბოლოოა და საერთო სასამართლობებში არ საჩივრდება, თუმცა ტელეკომპანიის ადვოკატები სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებას მაინც აპირებენ 2 მიმართულებით:

[red_box]საკონსტიტუციო სასამართლო[/red_box]

რ2-ისათვის დავაში ქიბარ ხალვაშის მოწინააღმდეგეებმა ჯერ კიდევ 2015 წლის ნოემბერში საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრეს სამოქალაქო კოდექსის იმ მუხლის კონსტიტუციორბა, რომელსაც თავის სარჩელში ბიზნესმენი ეყრდნობოდა.

სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლი არეგულირებს “მართლსაწინააღმდეგო და ამორალური გარიგებანს”:

“ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს”.

მოსარჩელეები ფიქრობენ, რომ ამ მუხლის ეს ჩანაწერი: “ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს” – სასამართლომ არაკონსტიტუციურად უნდა სცნოს. მოსარჩელეების აზრით, ნორმის ზემოხსენებული ჩანაწერი კონსტიტუციის ორ მუხლთან მოდის წინააღმდეგობაში: მუხლი 16: ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება და მუხლი 21: 1. საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება. 2. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ უფლებათა შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, იმგვარად, რომ არ დაირღვეს საკუთრების უფლების არსი.

სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლი, მათ შორის ზემოხსენებული ჩანაწერი, ქიბარ ხალვაშის სასარჩელო მოთხოვნის ერთ-ერთი საფუძველია. ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია ამტკიცებს, რომ ქიბარ ხალვაშმა და მისმა კომპანია “პანორამამ” წილები სწორედ ამორალური გარიგების საფუძველზე დათმეს. სალიას განმარტებით, გარიგებით განსაზღვრულ ქონებასა და სამაგიეროდ მისაღებ თანხას შორის არაადეკვატური ურთიერთშეფარდება არსებობდა, რადგან ხალვაშს [ასევე მის კომპანია “პანორამას”] რუსთავი 2-ის წილების 100%, ჯამში, 268 997 დოლარად დაათმობინეს მაშინ, როცა მათ ხელთ არსებული სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით ქონება დაახლოებით 7 მილიონი ლარი ღირდა.

მიუხედავად იმისა, რომ ზემოხსენებული სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში კიერ კიდევ 2015 წლის ნოემბერშია შეტანილი, მასზე მოსამართლეებს გადაწყვეტილება ჯერაც არ გამოუტანიათ.

რ2-ის ადვოკატი დიტო საძაგლიშვილი ფიქრობს, რომ თუ საკონსტიტუციო სასამართლო ამორალური გაირგების თაობაზე მათ არგუმენტებს გაიზიარებს და პარალელურად დააკმაყოფილებს სხვა საკონსტიტუციო სარჩელსაც, ამან შესაძლოა რ2-ის საქმეზე უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზეც მოახდინოს გავლენა:

“საკონსტიტუციო სასამართლოში ჩვენი რამდენიმე სარჩელი ჯერ კიდევ არის განხილვაში ანუ გადაწყვეტილება არ არის მიღებული და მათგან ორის დაკმაყოფილების შემთხვევაში პირდაპირი სამართლებრივი შედეგი შეიძლება დადგეს, რაც იმას ნიშნავს, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება გაუქმდეს. ერთი, ეს არის ამორალური გარიგების მუხლი და ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებასთან დაკავშირებული სარჩელი. საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილების საკითხზე რამდენიმე [მოთხოვნა] გვაქვს: ერთია ის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ჩაითვალოს ახლადაღმოჩენილ გარემოებად და შესაბამისად იქცეს საფუძვლად იმისათვის, რომ თავიდან დაიწყოს საქმეზე წარმოება”, – ამბობს საძაგლიშვილი და აგრძელებს იმ სხვა სასარჩელო მოთხოვნების ჩამოთვლას, რომელიც ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილების გაზრდის თემას უკავშირდება:

“დანარჩენი [მოთხოვნები] პრიცნციპში შინაარსობრივად იგივეა. მაგალითად ის, რომ სასამართლოს შეეძლოს საერთო სასამართლოს გადაწყვეტილების კონსტიტუციურობის შემოწმება და ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებისათვის უკუძალის [მინიჭების] საკითხი”.

საპროტესტო აქცია რუსთავი 2-ის მხარდასაჭერად 2 მარტს უზენაეს სასამართლოსთან © EPA/ZURAB KURTSIKIDZE

საპროტესტო აქცია რუსთავი 2-ის მხარდასაჭერად 2 მარტს უზენაეს სასამართლოსთან © EPA/ZURAB KURTSIKIDZE

უკუძალა ნიშნავს იმას, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ახლადმიღებული გადაწყვეტილება დროში მანამდე მიღებულ საქმეებზეც გავრცელდეს. ადვოკატს ვკითხეთ, ამ ტიპის გადაწყვეტილება ხომ არ შექმნის ქაოსურ ვითარებას სამოქალაქო ბრუნვაში:

“[უკუძალას არ ვითხოვთ] ყველაფერზე… [ვითხოვთ] მხოლოდ იმ საქმეებზე, რომელსაც თავად ჩათვლის საკონსტიტუციო საჭიროდ გარემოებებიდან გამომდიანრე, როცა დიდი ზიანი არ მიადგება სამოქალაქო ბრუნვას”.

ამორალური გარიგების პრინციპის შესაძლო გაუქმების თაობაზე თავის დროზე ნეტგაზეთთან საუბარში თავისი ნეგატიური დამოკიდებულება უკვე დაფიქსირებული აქვს ხალვაშის წარმომადგენელს სასამართოში პაატა სალიას:

2015 წელს პაატა სალია აცხადებდა, რომ თუკი საკონსტიტუციო სასამართლო ამ ნორმის მოქმედებას შეაჩერებს, ეს წინააღმდეგობაში მოვა როგორც დემოკრატიის, ასევე საჯარო წესრიგის პრინციპებთან. მისი განცხადებით, ამ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შეჩერდება იმ ნორმის მოქმედება, რომელიც განამტკიცებს საზოგადოებრივი წესრიგის უზენაესობას.

“ამ ნორმის შეჩერება ნიშნავს იმ პრინციპების მოქმედების შეჩერებას, რაც გულისხმობს და რაზეც დგას სამართლებრივი სახელმწიფო და სამართლებრივი საქმოქალაქო ბრუნვა. კერძოდ, კეთილსინდისიერების პრინციპების შეჩერებას, საჯარო წესრიგის უზენაესობის შეჩერებას, ანუ ისინი ითხოვენ იმ ნორმის შეჩერებას, რომელიც ამბობს შემდეგ რამეს: ბათილია გარიგება, რომელიც ეწინააღმდეგება კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. თუ ამ მუხლის მოქმედება შეჩერდა, ეს აბსოლუტურად თავდაყირა აყენებს საჯარო წესრიგს, სამოქალაქო ბრუნვას და მიმაჩნია, რომ დაუშვებელია. საკონსტიტიციო სასამართლომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დააკმაყოფილოს მათი მოთხოვნა ამ ნორმის შეჩერების შესახებ,”– აცხადებდა სალია და ასევე ამბობდა, რომ ამორალური გარიგების მუხლის შეჩერება უშუალოდ ხალვაშის დავაზე გავლენას ვერ მოახდენდა, რადგან ის თავის სარჩელში სხვა მუხლებსაც უთითებდა, თუმცა აღსანიშნავია, რომ შემდგომში პირველი ორი ინსტანციის სასამართლომ თავისი მსჯელობა ხალვაშის სასარგებლოდ სწორედ ამორალური გაირგების მუხლს დააფუძნა.

სტრასბურგის სასამართლო

სამართლებრივი ბრძოლის კიდევ ერთ გზად რ2-ის მხარეს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების მიზნით სტრასბურგის სასამართლოსთვის მიმართვა ესახებათ, რაც როგორც ირკვევა უკვე გააკეთეს კიდეც, თუმცა ამ მხრივ შანსებს უფრო პესიმისტურად უყურებენ.

“რუსთავი 2”-ის ადვოკატის, თამთა მურადაშვილის განცხადებით,  დღეს ტელეკომპანიამ   სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საქართველოს უზენაესი სასამარათლოს 2 მარტის გადაწყვეტლების აღსრულების შეჩერების თხოვნით მიმართა.

თამთა მურადაშვილის განმარტებით, მათი მიმართვის მიხედვით უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება, რაც ტელეკომპანიის ქიბარ ხალვაშისთვის გადაცემას გულისხმობს, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დაწყებამდე უნდა შეჩერდეს:

“სამართლებრივად მიგვაჩნია, რომ ძალიან სუსტია შანსები. სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით ამგვარი გადაწყვეტილება, ანუ სარჩელის უზრუნველყოფა, გამოიყენება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში, კერძოდ კანონით დაცული ყველაზე დიდი სიკეთის, სიცოცხლის გადასარჩენად, როცა ადამიანის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე. არასდორს ყოფილა პრაქტიკა, სიტყვის თავისუფებასთან დაკავშირებით ამგვარი ღონისძიება ყოფილიყო გამოყენებული. ამიტომ განსაკუთრებული იმედით არ ვართ, თუმცა ჩვენი ვალდებულებაა, ყველა  არსებული  ბერკეტი გამოვიყენოთ და ბოლომდე ვიბრძოლოთ. “

მისივე განმარტებით,  სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ბუნებიდან გამომდინარე პასუხი როგორც წესი მალე გაიცემა:

“რამდენიმე დღეში. თუმცა შეიძლება დაყოვნდეს გარკვეული გარემოებების გამო. სასამართლოს შეუძლია მოითოხოვოს დამათებითი ინფორმაცია მოთხოვნასთან დაკავშირებით. ამიტომ წესით მალე უნდა ვიცოდეთ პასუხი,” – აღნიშნავს მურადაშვილი.

“თემის პოლიტიკური მნიშვნელობიდან გამომდინარე მინდა ყველა მხარეს მოვუწოდო: საკონსტიტუციო სასამართლოსა და სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს გადაწყვეტილებებს მოვუსმინოთ, დაველოდოთ და არ გადავდგათ მყისიერი ნაბიჯები”, – ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გააკეთა რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით.

მოგვიანებით ჟურნალისტებმა პრეზიდენტს ჰკითხა, რას გულისხმობდა ამაში, ამჟამინდელი სტატუს-კვოს შენარჩუნებას შესაბამისი სასამართლოების გადაწყვეტილებებამდე:

“ასეთი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის თემაში ჩვენ ბუნებრივია  როგორც ქვეყანამ, რომელიც თავის სახელმწიფოებრიობას ავითარებს ევროპული და ევროატლანტიკური მიმართლებით, უნდა მივცეთ შესაძლებლობა ყველა მაღალ ინსტნაციას განსაკუთრებით ევროპულს, დააფიქსირონ თავისი შეხედულება ამ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით”, – თქვა მარგველაშვილმა.


 

უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ საქმის განხილვა 2 მარტს დაიწყო და იმ  დღესვე გამოაქვეყნა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი.

გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში წერია:

“გაუქმდეს შპს “სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2”-ის პარტნიორების: ლევან ყარამანიშვილის 22%-ის, გიორგი ყარამანიშვილის 28%-ის, შპს “ტელეკომპანია საქართველოს” 51%-ის და ნინო ნიჟარაძის 9%-ის წილების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში და შპს “სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2”-ის 60% წილის მესაკურედ ცნობილი იქნეს ქიბარ ხალვაში და 40%-ის წილის მესაკუთრედ ცნობილი იქნეს შპს “პანორამა””.

შპს “პანორამას” ქიბარ ხალვაში ფლობს, შესაბამისად, ტელეკომპანიის 100% უზენაესმა სასამართლომ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა.

რ2-ის საქმის სამართლებრივ დეტალებს, მათ შორის მხარეთა სამართლებრივ არგუმენტებს, მტკიცებულებებს [დოკუმენტების] სახით და ასევე სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.

უზენაესი სასამართლოს საქმეზე საერთაშორისო პოლიტიკური საზოგადოების გამოხმაურებები და შეფასებები შეგიძლიათ ნახოთ აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი