ახალი ამბები

დეპუტატების შეფასებები მანანა კობახიძის განცხადებაზე უმცირესობათა უფლებებზე

26 ნოემბერი, 2012 • • 1091
დეპუტატების შეფასებები მანანა კობახიძის განცხადებაზე უმცირესობათა უფლებებზე
თუ დეპუტატი აცხადებს, რომ მისთვის რელიგიური პოზიციის გამო მიუღებელია ჰომოსექსუალობა,
მაგრამ როგორც დეპუტატს აქვს ვალდებულება მათი უფლებების დაცვის და აპირებს კიდეც დაიცვას, რამდენად შესაძლებელია რომ ასე მოიქცეს? – ამ კითხვით ნეტგაზეთმა საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წევრებს მიმართა.
 
 
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზურაბ აბაშიძის მოსაზრებით, ყველა ადამიანის ვალია დაიცვას ადამიანის უფლებები: “თემა ძალიან ფაქიზია და სიფრთხილეა საჭირო მასზე საუბრისას. ნებისმიერ პიროვნებას აქვს უფლება, რაღაც არ მოსწონდეს, მაგრამ ადამიანის უფლებების დაცვა ყველა ადამიანის და, ცხადია, მათ შორის პოლიტიკოსების ვალია. ქრისტიანობას რაც შეეხება, ვიცით, რომ ეს ცოდვად ითვლება”.
 
 
უმრავლესობის კიდვ ერთი წევრი გიორგი ცაგარეიშვილი აცხადებს, რომ ნებისმიერი უმცირესობის უფლებები საქართველოში დღეს დაცულია და ასევე იქნება მომავალში:
 
 
“მოდით, ჭიანჭველისგან სპილოს ნუ შევქმნით. ეს არის საკმაოდ სათუთი თემა, რომელსაც ყველა სათუთად უნდა მოეპყრას, მათ შორის თქვენც და, რა თქმა უნდა, ჩვენც, საჯარო პირები, რომლებიც პასუხისმგებლები ვართ ჩვენს განცხადებებზე. ნებისმიერი  უმცირესობის, მათ შორის სექსუალური და რელიგიური უმცირესობის უფლებები საქართველოში არის და იქნება დაცული”
 
 
კითხვაზე , როცა 17 მაისს სექსუალური უმცირესობების მსვლელობას რუსთაველის გამზირზე სასულიერო პირები და სხვადასხვა რელიგიური გაერთიანების წევრები არბევენ, რატომ ამბობთ, რომ სექსუალური უმცირესობების უფლებები დაცულია, ცაგარეიშვილი პასუხობს:
 
 
“მე თქვენ რა გგონივართ, სასულიერო პირი? მიმართეთ სასულიერო პირებს”.
 
 
ცაგარეიშვილისგან განსხვავებით, საპარლამენტო უმცირესობის წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი მიიჩნევს, რომ სწორედ საკუთარი რელიგიური პოზიციების გამო არ დაიცვა “ქართულმა ოცნებამ” მუსლიმების უფლებები ნიგვზიანში:
 
 
“ჩვენ ძალიან კარგად დავინახეთ კონკრეტული ფაქტი, როდესაც დასაცავი იყო უმცირესობის უფლება , ეს იყო ნიგვზიანში მომხდარი ფაქტი და დავინახეთ, როგორ არაფერი გააკეთა “ქართულმა ოცნებამ”, მათ შორის ქალბატონმა  მანანა კობახიძემ, მათ შორის ქალბატონმა ეკა ბესელიამ და პირიქით, ნაცვლად იმისა, რომ მათ დაედგინათ უფლების დარღვევა და შემდგომში შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოეთხოვათ თავიანთ მიერვე დანიშნული იუსტიციის მინისტრისგან, იუსტიციის მინისტრმა გააკეთა განცხადება, რომ სწორედ დედა ეკლესიამ უნდა მოაგვაროს ურთიერთობები, როდესაც ირღვევა უმცირესობების უფლებები”.
 
 
საპარლამენტო უმცირესობის კიდევ ერთი წევრი აკაკი ბობოხიძე ამბობს, 
“ყველას შეუძლია დაიცვას სხვა ადამიანის უფლებები, მით უმეტეს, რომ ნებისმიერი ადამიანი არის გარკვეული მორალური ვალდებულებების მატარებელი. ქალბატონი მანანა  არის, როგორც ამბობს, მართლადიდებლური მორალური ვალდებულებების მატარებელი ადამიანი, ეს ბუნებრივია და მასაც შეუძლია, რა თქმა უნდა, დაიცვას სხვა უფლებები, მათ შორის სექსუალური უმცირესობების უფლებები”.
 
 
ბობოხიძე მიიჩნევს, რომ უფლებების დაცვასაც ექნება გარკვეული საზღვრები და ჩარჩოები მორალიდან გამომდინარე:
 
 
“ამ დაცვასაც ექნება ალბათ ის საზღვრები და ის ჩარჩოები , რომელსაც მისი პირადი მორალური პასუხისმგებლობა განსაზღვრავს. ასე რომ, ამაში მე მაინცდამაინც დიდ უცნაურ რამეს ვერ ვხადავ.  ზოგიერთი ალბათ უფრო შორს წავა  ამა თუ  იმ უფლებების დაცვაში, ზოგი ალბათ  შებოჭილი იქნება სხვადასხვა უამრავი ფაქტორით, მათ შორის თუნდაც ამ ფაქტორითაც. ასე რომ,  შეუთავსებლობას მე მანდ, მართალი გითხრათ, ვერ ვხედავ”.
 
 
შეგახსენებთ, პარლამენტის ვიცე–სპიკერმა მანანა კობახიძემ ნეტგაზეთთან საუბრისას განაცხადა, რომ  თუ ლგბტ საზოგადოების უფლება დაირღვევა, როგორც დეპუტატს, სათანადო რეაგირება ექნება, მაგრამ როგორც მართლმადიდებელს, მიაჩნია, რომ აქვს უფლება თავისი შეხედულება ჰქონდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი