ახალი ამბები

პარლამენტი “ფარულ თვალთვალზე” კანონს პრეზიდენტს, სავარაუდოდ, 6 მარტს გაუგზავნის

1 მარტი, 2017 • 1532
პარლამენტი “ფარულ თვალთვალზე” კანონს პრეზიდენტს, სავარაუდოდ, 6 მარტს გაუგზავნის

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ეკა ბესელიას განცხადებით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ დამტკიცებულ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს პრეზიდენტს ხელმოსაწერად, სავარაუდოდ, 6 მარტს გაუგზავნიან.

ეკა ბესელიას თქმით, დღეს, 1 მარტს, დამტკიცებული ცვლილებებით, საქართველოს ადამიანის უფლებებისა და ქვეყნის უსაფრთხოების დაცვის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი სტანდარტი აქვს მსოფლიოში:

“ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ვასრულებთ. იმედი მაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადებს პრეზიდენტი ჩვენსავით გაუფრთხილდება. სისტემა 31 მარტამდე უნდა ამოქმედდეს. ამას გარკვეული დრო და შესაბამისი მომზადება სჭირდება. ჩვენ მაქსიმალურად გავითვალისწინეთ ყველა შენიშვნა და არგუმენტი, რომელთა მხარდაჭერაც შეიძლებოდა,” – განაცხადა ბესელიამ.

მისივე განმარტებით, პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტი დოკუმენტს ტექნიკურად დაამუშავებს და პრეზიდენტს ხელმოსაწერად, სავარაუდოდ, 6 მარტს გაუგზავნიან.

დღეს, 1 მარტს, პარლამენტმა მესამე და საბოლოო მოსმენით განიხილა და 87 ხმით 2-ის წინააღმდეგ დაამტკიცა ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი.

ცვლილებების მიხედვით,  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შეიქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართვლოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო, რომლის ხელშიც იქნება ფარული მიყურადებისთვის საჭირო ე.წ. გასაღები. პროექტით,  საჯარო სამართლის იურიდიული პირის – “საქართვლოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს” ხელმძღვანელი საკუთარ მოადგილეებს თვითონ დანიშნავს, ხოლო სააგენტოს დებულებას საქართველოს მთავრობა დაამტკიცებს.


 

  • პარლამენტმა ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ საკონმდებლო ცვლილებების პაკეტი იმიტომ მიიღო, რომ   საკონსტიტუციო სასამართლომ 2016 წლის 14 აპრილს   “ეს შენ გეხებას”  სარჩელი  დააკმაყოფილა და დაადგინა, რომ ფარული მოსმენების არსებული წესი არაკონსტიტუციურია. საკონსტიტუციო სასამართლომ სასამართლომ პარლამენტს კანონის შესაცვლელად ვადა 2017 წლის 31 მარტამდე მისცა.
  • კამპანია “ეს შენ გეხება”, არასამთავრობო ორგანიზაციები და საპარლამენტო ოპოზიცია მიიჩნევენ, რომ ახალი კანონი “ფარული თვალთვალის” შესახებ, რომელიც პარლამენტმა 1 მარტს მიიღო მესამე მოსმენით, კვლავ არ შეესაბამება კონსტიტუციას.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი