ახალი ამბები

სააკაშვილისა და კოდუას წინააღმდეგ განცხადებას პროკურატურა თავიდან განიხილავს

23 ნოემბერი, 2012 • 1086
სააკაშვილისა და კოდუას წინააღმდეგ განცხადებას პროკურატურა თავიდან განიხილავს

ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატი, ვალერი გელაშვილი ხელისუფლების ცვლის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტის წინაღმდეგ პროკურატურაში შეტანილი განცხადებით ისევ დაინტერესდა.

 

“7 წელი ეს საქმე თაროზე იყო შემოდებული. დღეს ვიყავი პროკურატურაში, განვიხილეთ საკითხი, დაიწყება ხალხის დაკითხვა და ერთ კვირაში ოფიციალურ დაკითხვაზე მეც დამიბარებენ,”- აცხადებს ნეტგაზეთთან საუბარში ვალერი გელაშვილი.

 

როგორც გელაშვილი აცხადებს, პროკურატურაში განცხადება ჯერ კიდევ 2005 წელს მისი ცემის ფაქტზე შეიტანა. ამბობს, რომ პრეზიდენტთან პირადი დაპირისპირების გამო ვანო მერაბიშვილისა და შს სხვა მაღალჩინოსნის, ირაკლი კოდუას უშუალო დავალებით სცემეს. 

 

“ირაკლი კოდუა ჩემს ცემას 200 მეტრის დაშორებით, მანქანიდან აკვირდებოდა,”- აცხადებს გელაშვილი. 

  

ხაშურის გამარჯვებული მაჟორიტარი დეპუტატი სწორედ პრეზიდენტთან დაპირისპირებას უკავშირდებდა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დღეს ხაშურში, საარჩევნო უბნებთან მომხდარ ინციდენტებს, როდესაც სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა არჩევნების ჩატარებას ხელი შეუშალეს. 

 

„ამდენი წლის მანძილზე პრეზიდენტთან ვარ დაპირისპირებული. არ უნდოდა, მე  გავსულიყავი პარლამენტში და ამისთვის ყველაფერს აკეთებდა. შებამისად, ყველაფრის ნებართვა გასცა,“- ამბობს გელაშვილი.

 

გელაშვილმა მაშინ ნეტგაზეთთან საუბარში განაცხადა, რომ პრეზიდენტთან სამართლებრივ დავას გააგრძელებდა. 

 

„რესპუბლიკური პარტიის“ წევრის ადრე გაკეთებული განცხადებების თანახმად, მიხეილ სააკშვილთან მისი პირადი უთანხმოება პრეზიდენტის რეზიდენციის შენობასთან დაკავშირებით და შემდგომში მასზე თავდასხმით დაიწყო.

 

სადავო საკითხი 2005 წელს  პრეზიდენტის ჯერ კიდევ მშენებარე რეზიდენციის მიმდებარე ტორიტორიაზე არსებული სახლი გახდა, რომელიც გელაშვილის ოჯახს ეკუთვნოდა.

 

შეთანხმების საფუძველზე, რომელიც  გელაშვილსა და პრეზიდენტის აპარატის უზრუნველყოფის სამსახურს შორის შედგა, გელაშვილის სახლი პრეზიდენტის რეზიდენციის კომპლექსში უნდა შესულიყო, მშენებლობას გელაშვილის კერძო კომპანია განახორციელებდა და პრეზიდენტის უზრუნველყოფის სამსახური გელაშვილს შეთანხმებულ თანხას გადაუხდიდა. თუმცა გელაშვილისთვის ფული არ გადაუხდიათ.

 

მოგვიანებით ერთ-ერთ ბეჭდურ გამოცემაში ვალერი გელაშვილის ინტერვიუ გავიდა, სადაც მან სააკაშვილისა და მისი ოჯახის შეურაცხმყოფელი განცხადებები გააკეთა. მალევე გელაშვილს უცნობი პირები დაესხნენ თავს და სცემეს. ამ ფაქტის შემდეგ გელაშვილი მკურნალობას საზღვარგარეთ გადიოდა.

 

რამდენიმე თვის შემდეგ საქართველოს პარლამენტმა ხაშურის მაჟორიტარ დეპუტატს ვალერი გელაშვილს პარლამენტარისათვის შეუთავსებელი სამეწარმეო საქმიანობის მოტივით უფლებამოსილება შეუწყვიტა. ოპოზიციონერი პარლამენტარები მაშინ ამ ფაქტს „პოლიტიკურ რეპრესიებს“ უკავშირებდნენ.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი