ახალი ამბები

გიორგი გოგაძე: მალე გადაწყდება, დავიწყებთ თუ არა ნატა ნაზღაიძის საქმის გამოძიებას

27 თებერვალი, 2017 • 4656
გიორგი გოგაძე: მალე გადაწყდება, დავიწყებთ თუ არა ნატა ნაზღაიძის საქმის გამოძიებას

საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილის, გიორგი გოგაძის განცხადებით, ჯერ-ჯერობით გადაწყვეტილი არ არის, დაიწყებს თუ არა პროკურატურა მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ძმისთვის მიწის ნაკვეთისა და ასი ათასობით ლარის გადაცემის საქმის გამოძიებას.

“მიმდინარეობს საკითხის შესწავლა. როცა ამ საკითხზე გადაწყვეტილებას მივიღებთ, დასაბუთებულად, სრულად მოგეწოდებათ ინფორმაცია. დაიწყება თუ არა გამოძიება, ამაზე გადწყვეტილებას გონივრულად მალე მივიღებთ,” – აღნიშნა გიორგი გოგაძემ.

ნატა ნაზღაიძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეა, მისი შემადგენლობით შემდგარმა კოლეგიამ განიხილა რუსთავი 2-ის საქმე, რომელმაც უცვლელად დატოვა ძალაში თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ტელეკომპანია “რუსთავი 2” ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა.

24 თებერვალს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მხარი არ დაუჭირა დადგენილების გაუქმებას, რომლის ძალითაც მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ძმას, ზვიად ნაზღაიძეს სანდრო ეულის ქუჩაზე მიწის ნაკვეთი და ასი ათასობით ლარი გადაეცა.

დადგენილება, რომელიც საკრებულომ 2016 წლის 23 დეკებერს მიიღო, შეეხება ზვიად ნაზღაიძისთვის სანდრო ეულის ქუჩაზე 5001 კვადრატული მეტრის ფართობის მიწის ნაკვეთისა და 455 800 ლარის თანხის გადაცემას, რაც მთლიანობაში 971 260 ლარს აღწევს, ყიფშიძის ქუჩაზე მდებარე 1642 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ, რომელიც 2015 წლის ვერეს სტიქიის დროს დაზიანდა.

საკრებულოს დადგენილების გაუქმებას გაერთიანებული ოპოზიცია მოითხოვდა და მათ დააყენეს აღნიშნული საკითხი საკრებულოს სხდომის დღის წერიგში იმ არგუმენტით, რომ დოკუმენტურად დასტურდება ის ფაქტი, რომ 2015 წლის ივნისში, როდესაც მოხდა სტიქია, ნაკვეთი არა ზვიად ნაზღაიძეს, არამედ საქართველოს ბანკს ეკუთვნოდა.

“საქართველოს ბანკმა” ეს ნაკვეთი მიიღოს მას შემდეგ, რაც მისმა მაშინდელმა მფლობელმა ზვიად ნაზღაიძემ საბანკო ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო დაკარგა. შესაბამისად, საკრებულოს ოპოზიცია ამტკიცებს, რომ სტიქიის შედეგად ზარალი ზვიად ნაზღაიძეს არ განუცდია.

2016 წლის 30 ნოემბერს, საჯარო რეესტრის მონაცემებით, ნაკვეთის მფლობელად ისევ ნაზღაიძე დარეგისტრირდა. ამის შემდეგ მიმართა მერიას, რომ ზიანის ანაზღაურება მიეღო. მერიამ საკრებულოს მიმართა, საკრებულომ კი ეს წინადადება დააკმაყოფილა.

დღევანდელი მდგომარეობით, სანდრო ეულის ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთი ორადაა გამიჯნული: საჯარო რეესტრის მონაცემებით, ამ ფართიდან 436 კვადრატული მეტრის მფლობელი ზვიად ნაზღაიძეა, ხოლო 4565 კვადრატული მეტრის მფლობელი- ზვიად ჩოხელი, რომელიც ნაზღაიძის მტკიცებით, ყიფშიძის ქუჩაზე მდებარე ნაკვეთის წინა მფლობელი იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი