ახალი ამბები

ისევ უჭერს თუ არა მხარს პარლამენტი ხატისკაცის კანდიდატურას

21 ნოემბერი, 2012 •
ისევ უჭერს თუ არა მხარს პარლამენტი ხატისკაცის კანდიდატურას

უმრავლესობის წევრი ელისო ჩაფიძე მიიჩნევს, რომ ინტერესთა კონფლიქტზე საუბარი ჯერ ნაადრევია:

 

„მე სრულიადაც არა ვარ დარწმუნებული, რომ აუცილებლად უმრავლესობა მხოლოდ და მხოლოდ ნინა ხატისკაცს მისცემს ხმას და არ იქნება მიღებული სხვა გადაწყვეტილება. აქედან გამომდინარე, არ მგონია, რომ ინტერესთა კონფლიქტზე საუბარი იყოს დროული“.

 

საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთი წევრის ირაკლი ტრიპოსლის განცხადებით, უმრავლესობა კანონის მიხედვით იხელმძღვანელებს:

 

„მე ახლა ზუსტად არ ვიცი, იურიდიულად ეს გამოიწვევს თუ არას ინტერესთა კონფლიქტს, მაგრამ თუ გამოიწვევს, რა თქმა უნდა, კანონის მიხედვით იმოქმედებენ თვითონაც და ჩვენც“.

 

ზვიად ძიძიგურის მოსაზრებით, ეს საკითხი უნდა გაითვალისწინოს პარლამენტმა:

 

„მესტიაში რომ რამე დარღვევა მოხდეს იგივე გამგეობის მხრიდან, ხომ უნდა გამოიძიოს სახალხო დამცველის აპარატმა? შესაძლებელია ეს რაღაცა ტიპის უხერხულ კითხვებს გააჩენს, ამიტომ, მე ვფიქრობ, მომავალმა სახალხო დამცველმა ასეთი ტიპის უხერხული კითხვები არ უნდა იქონიოს“.

 

საპარლამენტო უმცირესობის წევრის მიხეილ მაჭავარიანის თქმით, ნინა ხატისკაცი ვერ იქნება მიუკერძოებელი:

 

„ეს კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ ქალბატონი ნინა ხატისკაცი ვერ იქნება მიუკერძოებელი“.

 

იგივე ტიპის პრეტემზიები აქვს ხატისკაცის კანდიდატურის მიმართა დავით დარჩიაშვილსაც:

 

„ხატისკაცს ამას წინათ განცხადება ჰქონდა გაკეთებული, რომ მთავარი პროკურორის მიერ წინასწარ, საგამოძიებო მასალების საბოლოო განხილვის პროცესამდე ლაპარაკი, ვინ არის დამნაშავე – არის თუ არა ეს უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა – ჩემი აზრით, არის, და მისი აზრით, არ არის. ესეც აჩვენებს გარკვეულ ლოიალურ განწყობებს ხელისუფლების მიმართ, რაც სახალხო დამცველს არ უნდა ახასიათებდეს“.

 

კაკო ბობოხიძე განმარტავს, რომ მოსალოდნელია ინტერესთა კონფლიქტი იყოს:

 

„პრინციპში ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მისი პოზიცია მკაფიოდ და მკაცრად ჩამოაყალიბოს, იმის მიუხედავად, თუ სად მუშაობს მისი მეუღლე, მაგრამ ქართულ რეალობაში ეს ნაკლებად მოსალოდნელია“. 

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, მესტიის საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტით გადარჩევის შემდეგ ახალი თავმჯდომარე აირჩიეს და უნდობლობა გამოუცხადეს არსებულ გამგებელს. როგორც ხატისკაცმა “ნეტგაზეთთან” საუბარში განაცხადა, მისი მეუღლე მესტიის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად დროებით, კონკურსის გამოცხადებამდე აირჩიეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი