ახალი ამბები

მიტროპოლიტი პეტრე გიორგი ანდრიაძეს არამზადას უწოდებს

26 თებერვალი, 2017 • 5455
მიტროპოლიტი პეტრე გიორგი ანდრიაძეს არამზადას უწოდებს

ჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე პეტრე საპატრიარქოს  უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს,  გიორგი ანდრიაძეს “სამარცხვინოსა” და   “არამზადას”  უწოდებს და აცხადებს, რომ სირცხვილია, რომ ეს ადამიანი საპატრიარქოს სახელით აკეთებს განცხადებებს.

ამის შესახებ მიტროპოლიტმა 26 თებერვალს ტელეკომპანია “იმედის” პირდაპირ ეთერში ისაუბრა და ზემოთ მოყვანილი სიტყვებით გამოხატა გაღიზიანება ანდრიაძის მიერ გაკეთებული განცხადებების გამო.

“მას [ანდრიაძეს] ეკუთვნის სიტყვები, რომ საპატრიარქო არის ჩემი კლიჩკა”, – აღნიშნავს მეუფე.

მეუფე პეტრე აცხადებს, რომ ანდრიაძეს “აქვს ნათქვამი, რომ მხოლოდ ის და შორენა მართავენ საპატრიარქოს და მესამე ადამიანი ზედმეტია”.

“ორ ფაქტს გეტყვით: ესაა ადამიანი, რომელმაც სიონის საკათედრო ტაძრის ეზოში დააარსა მარკეტი, სადაც მონასტრის ნობათი იყიდება და სურსათის უვნებლობის სამსახურმა იქ აიღო კარაქი, მონასტრის კარაქად წოდებული, და მასში აღმოჩნდა 0% კარაქის შემცველობა. სირცხვილი საპატრიარქოსი”.  

მიტროპოლიტი “საპატრიარქოს პურზეც” საუბრობს:

“ადამიანი, რომლის ოჯახსაც უკავშირდება ბიზნესი, ყიდულობდა პურს ერთ-ერთი ქარხნიდან, იფუთებოდა საპატრიარქოს სახელით და იყიდებოდა ორჯერ ძვირად”.

მიტროპოლიტი, რომელიც ბოლო დღეებია ინტენსიურად აკრიტიკებს პატრიარქის მდივანს შორენა თეთრუაშვილს, აცხადებს, რომ “ძალიან უხერხულია მისი [ანდრიაძის] გამოყვანა [ შორენა თეთრუაშვილის მიერ] და საპატრიარქოს უფლებების დაცვა.

“ნეტგაზეთი” გიორგი ანდრიაძესთან დაკავშირებას ცდილობს და მის პასუხს მიტროპოლიტის ბრალდებებზე უახლოეს ხანში შემოგთავაზებთ.

“ნეტგაზეთს” არ ეძლევა მიტროპოლიტ პეტრესთან კითხვების დასმის შესაძლებლობა, არაერთი თხოვნის მიუხედავად, მან  “ნეტგაზეთს” ინტერვიუზე უარი უთხრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი