ახალი ამბებისაზოგადოება

დაპირისპირება საკრებულოში ივნისის სტიქიით დაზარალებულთა კომპენსაციის გამო

24 თებერვალი, 2017 • 8287
დაპირისპირება საკრებულოში ივნისის სტიქიით დაზარალებულთა კომპენსაციის გამო

დღეს, 24 თებერვალს, თბილისის საკრებულოს სხდომაზე, სადაც 14 ივნისის სტიქიით დაზარალებულთა კომპენსაციის წესში ცვლილებების შეტანა განიხილებოდა, მოქალაქეებს შორის დაპირისპირება მოხდა.

დაპირისპირება საკრებულოს გადაწყვეტილებას მოჰყვა – საკრებულომ მხარი არ დაუჭირა ინიციატივას, რომლის მიხედვითაც უნდა შეცვლილიყო  სტიქიით დაზარალებულთათვის კომპენსაციის გაცემის წესი.

საკრებულოს ოპოზიციის განმარტებით, ამ ცვლილების შედეგად დაზარალებული 13 ოჯახი, რომელიც კომპენსაციას ვერ იღებს, მას მიიღებდა.

ცვლილების ინიციატორი იყვნენ საკრებულოს 5 ფრაქცია და დამოუკიდებელი დეპუტატები. ამ ცვლილების მიხედვით, კომპენსაციას მისცემდნენ იმ პირებსაც, რომლებსაც სტიქიის ზონაში ჰქონდათ მხოლოდ მიწა, დაუკანონებელი მიწა, ან შენობა-ნაგებობა.

საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა სევდია უგრეხელიძემ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ეს არაა პოლიტიკური საკითხი.

საკრებულოს კიდევ ერთმა წევრმა რიმა ბერაძემ კი განაცხადა, რომ ამ საკითხზე უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი.

შედეგად, საკრებულომ მხარი დაუჭირა  სამუშაო ჯგუფის შექმნას, რომელიც შემდეგ იმის შესახებ იმსჯელებს, თუ რა ტიპის ცვლილება შევა წესში. ოპოზიცია კი ითხოვდა, რომ ცვლილება ამ სხდომაზევე მიეღოთ.

ოპოზიციამ პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი დატოვა, რასაც მოჰყვა სიტყვიერი დაპირისპირება მოქალაქეებს შორის, რომლებიც სხდომას თვალს ადევნებდნენ მათთვის განკუთვნილი ადგილიდან.

საკრებულოს სხდომაზე მყოფი მოქალაქე აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც დეპუტატ ჯაბა ჯიშკარიანს შეეკამათა, სხვა მოქალაქეები მას დაუპირისპირდნენ.

დარბაზში მობილიზებული იყვნენ დაცვის სამსახურის წარმომადგენლები და  არ მისცეს საშუალება, დაპირისპირება გაგრძელებულიყო.

თუმცა დაპირისპირება სხდომათა დარბაზის გარეთ გაგრძელდა, თუმცა მალევე ამოიწურა, რის შემდეგაც სხდომა დასრულდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი