ახალი ამბები

პალესტინელთა მხარდასაჭერი აქცია თბილისში

20 ნოემბერი, 2012 • • 1353
პალესტინელთა მხარდასაჭერი აქცია თბილისში

შესაბამისი ღონისძიება ფეისბუქზე რამდენიმე დღის წინ შეიქმნა. დილის 08:00 საათისთვის აქციაზე მისვლის სურვილს 95 ადამიანი ადასტურებს. 

“შენ, თუ გაღელვებს 65 წლიანი ოკუპაცია და უდანაშაულო მოსახლეობის დაბობმბვა. ადამიანების სიცოცხლე იმაზე მეტად, ვიდრე ისრაელის თავდაცვა და თელ-ავივის სამხედრო ძლიერების ხაზგასმა. მოდი მხარი დაუჭირე თავისუფლებას და მშვიდობას ღაზას სექტორში, ოდნავ მაინც გაანძრიე ტვინი და უთხარი გაეროს რომ პალესტინა აღიაროს თავის საზღვრებში, რომლის დემარკაციაც მოხდა ისრაელის სახელმწიფოს შექმნასთან ერთად! 
ნუ აყვები აჟიტირებულ მილიტარისტებს და აპართეიდის რჟიმის დამცველებს, ისინი თანამედროვეობის ფაშისტები არიან. უთხარი არა ახალ ბერლინის კედელს, უთხარი არა ნეთანიაჰუს უპასუხისმგებლო და ფაშისტურ ზრახვებს. უთხარი არა ისრაელის მილიტარიზმს და სამხედრო ჰეგემონიას ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში!
მოდი გავიხსენოთ იასერ არაფატი და არა ვუთხრათ არიელ შარონის პოლიტიკის გაგრძელებას, რომლის შედეგადაც უამრავი ბავშვი და ზრდილი იქნა მოკლული! 

დღეს West Bank-ი და ღაზაც ოკუპირებულია!

Just Support Palestine!”, – აცხადებენ პალესტინელთა სოლიდარობის აქციის ორგანიზატორები.

 

უკვე ერთი კვირაა, რაც ღაზის სექტორში სიტუაცია დაიძაბა. ჰამასი და ისრაელი ერთმანეთის ტერიტორიებს განუწყვეტლივ ბომბავენ, დაღუპულთა რაოდენობამ უკვე ასს გადააჭარბა.

ამერიკული ტელეარხი CBS ღაზის მმართველებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ისრაელის ერთკვირიანი საჰაერო იერიშების შედეგად დაიღუპა 111 პალესტინელი, მათ შორის 56 სამოქალაქო პირი, დაიჭრა 800–მდე პალესტინელი, მათგან 200–ზე მეტი ბავშვია. ისრაელის მხარეს დაღუპულია სამი სამოქალაქო პირი, ათეულობით კი დაჭრილია.

მიუხედავად იმისა, რომ ჰამასმა ისრაელის ქალაქების მიმართულებით ბოლო 1 კვირის მანძილზე 800–ზე მეტი საბრძოლო რაკეტა ისროლა, ისრაელის მხარეს მსხვერპლი გაცილებით ნაკლებია, რასაც ისრაელის საჰაერო თავდაცვითი სისტემის დამსახურებად მიიჩნევენ. აღნიშნული სისტემის საშუალებით ისრაელმა ასეულობით რაკეტის მოგერიება შეძლო.

ნიუ–იორკ თაიმსი წერს ისრაელის ქალაქ აშკელონზე, რომელიც ღაზის სექტორიდან 15 კილომეტრითაა დაშორებული. მედიასაშუალების ცნობით, ისრაელის მოქალაქეები აქ განგაშის სიგნალის ჩართვას ნებისმიერ დროს ელიან, რაც იმის მანიშნებელია, რომ ჰამასმა დაბომბვა განაახლა. მოქალაქეებს მხოლოდ 30 წამი აქვთ თავშესაფრამდე მისაღწევად. იმის გამო, რომ მსგავსი თავდაცვითი სისტემა ღაზის სექტორში არ არსებობს, პალესტინელებს შორის მსხვერპლი ისრაელის დაბომბვის შედეგად სულ უფრო იზრდება.

 მსოფლიოს ლიდერებმა ორივე მხარეს მოუწოდეს სისხლისღვრის შეწყვეტისკენ. გასულ კვირას ღაზის სექტორში იმყოფებოდა ეგვიპტის პრემიერ–მინისტრი, რომელმაც ჰამასს მხარდაჭერა გამოუცხადა და დაგმო ისრაელის ქმედებები.

CNN-ის ცნობით, ისრაელის ელჩმა აშშ–ში მაიკლ ორენმა განაცხადა, რომ ისრაელმა დაასრულა ღაზაში სახმელეთო სამხედრო ოპერაციის გეგმის შემუშავება. სხვადასხვა სახელმწიფოების მეთაურები ამ დროისათვის ცდილობენ ყველა დიპლომატიური რესურსის გამოყენებას, რათა ისრაელმა არ დაიწყოს სახმელეთო ოპერაცია.

“ჩვენ არ გვინდა ომი და ჩვენ არ მოვუწოდებთ სახმელეთო ოპერაციისკენ, მაგრამ ჩვენ ამის არ გვეშინია და არ დავნებდებით”, – ასე გამოეხმაურა ისრაელის ელჩის განცხადებას ჰამასის ერთერთი ლიდერი ხალედ მეშაალი.

რამდენიმე დღის წინ ირანის თავდაცვის მინისტრმა ისლამურ ქვეყნებს მოუწოდა, რომ ისრაელის თავდასხმას ღაზის სექტროზე მათ ერთობლივი პასუხი უნდა გასცენ და ისინი უნდა გაერთიანდნენ.

“სიონისტური რეჟიმის დასრულება შესაძლებელელია მხოლოდ გაერთიანებული, რევოლუციური შურისძიებით მუსლიმური სამყაროსგან”, – აჰმედ ვაჰიდის ციტატა გამოაქვეყნა ერთ–ერთმა ირანულმა საინფორმაციო სააგენტომ.

მასალების გადაბეჭდვის წესი