ახალი ამბები

მიტროპოლიტი დიმიტრი: დეკანოზ გიორგი მამალაძესთან შეხვედრას არ ვაპირებ

23 თებერვალი, 2017 • 8683
მიტროპოლიტი დიმიტრი: დეკანოზ გიორგი მამალაძესთან შეხვედრას არ ვაპირებ

მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი აცხადებს, რომ არ შეხვედრია მკვლელობის მომზადების ბრალდებით დაკავებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს, რომელიც წლების მანძილზე სწორედ მის ეპარქიაში მსახურობდა.

“მამალაძეს არ შევხვედრივარ, არ ვაპირებ შეხვედრას, პატრიარქთან- კი,” – გვითხრა მიტროპოლიტმა დიმიტრიმ.

შეკითხვაზე, თუ რატომ არ აპირებს შეხვედრას, მან გვიპასუხა: “მიმდინარეობს გამოძიება და ველოდები ამ გამოძიების დასრულებას”.

“ნეტგაზეთის” შეკითხვაზე- დეკანოზი ხომ ითხოვდა წმინდა სინოდის წევრებთან შეხვედრას, რომლის წევრიც არის თავად მიტროპოლიტი დიმიტრი- გვიპასუხა: “მე არ მოვუთხოვივარ კონკრეტულად”.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს მთავარმა პროკურატურამ დააკავა მკვლელობის მომზადების ბრალდებით. იგი ამ დრომდე პატიმრობაში იმყოფება, თუმცა საქმის დეტალები და მტკიცებულებები პროკურატურას ამ დრომდე არ გაუსაჯაროებია. ადვოკატის ინფორმაციით, საბრალდებო დასკვნაში საუბარია პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაზე. პროკურატურა იუწყება, რომ დეკანოზი აეროპორტში დააკავეს, როდესაც ბერლინში მიფრინავდა, სადაც პატრიარქი მის თანმხლებ პირებთან ერთად იმყოფებოდა, და  მის ბარგში მომწამლავი ნივთიერება ციანიდი აღმოაჩინეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი